Thumbnail

'ვერ ხვდებოდა, რომ აქ ეზოს ფეხბურთი არ იყო' - როგორ გაიზარდა ხვიჩა

რუსეთის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი დმიტრი ტარასოვი ხვიჩა კვარაცხელიას თანაგუნდელი ჯერ მოსკოვის ლოკომოტივში იყო, შემდეგ - ყაზანის რუბინში. 33 წლის ნახევარმცველმა, რომელიც ზამთარში ყაზანურ კლუბს დაემშვიდობა, ადგილობრივ მედიას ინტერვიუ მისცა, სადაც 19 წლის ქართველ ფეხბურთელეზეც ისაუბრა და მასთან დაკავშირებული კურიოზული ამბავი გაიხსენა.

დმიტრი ტარასოვს რუბინთან კონტრაქტი დაუსრულდა და გუნდს დაემშვიდობა

“ხვიჩასთან ურთიერთობა კარგი მქონდა, მაგრამ მიჭირდა იმის გამო, რომ რუსული კარგად ჯერ კიდევ არ იცის. აქვს ეს ბარიერი. ერთ-ერთი თეორიული მეცადინეობის დროს იყო ასეთი ამბავი: სლუცკიმ (რუბინის მთავარი მწვრთნელი) ხვიჩას შეცდომებზე მიუთითა. კვარამ თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია. შემდეგ სლუცკიმ ჰკითხა: "ხვიჩა, გაიგე, რაც გითხარი?" მან უპასუხა, რომ გაიგო, რაზეც სლუცკიმ უთხრა: "აბა, გაიმეორე, რაც ვილაპარაკე". ხვიჩამ კი ვერ შეძლო.

ლეონიდ სლუცკი ხვიჩას რუსულის არცოდნის გამო ხშირად ეხუმრება

ჩვენ კარგი ურთიერთობა გვქონდა, ხშირად მეპატიჟებოდა ქართულ რესტორანში, ვისხედით იქ და ვსაუბრობდით.

ის ჯერ კიდევ ლოკომოტივიდან მახსოვს. მაშინვე ჩანდა, რომ ბიჭს ჰქონდა ტექნიკა, სისწრაფე, თამაშისა და გოლების გატანის უდიდესი ჟინი. მაგრამ ლოკოში ის ვერ ხვდებოდა, რომ იქ ეზოს ფეხბურთი არ უნდა ეთამაშა. აქ შეუძლებელია მიიღო ბურთი და ყველა მოატყუო, აქ გუნდია და უნდა იცოდე, როდის მისცე პასი. რუბინში უკვე დაღვინებული მოთამაშე დავინახე, რომელიც გაიხსნა, რომელმაც ისწავლა აზროვნება, პასის გაკეთება. ღმერთმა მას ყველაფერი საუკეთესო მისცეს". 

ხვიჩას რუსეთთან ადაპტაციაში საბა კვერკველია ეხმარებოდა

ხვიჩა კვარაცხელია რუსეთში 2019 წლის თებერვალში გადაბარგდა და სეზონი იჯარით მოსკოვის ლოკომოტივში ჩაამთავრა, იმავე წლის ზაფხულში კი ყაზანის რუბინში აღმოჩნდა, რომელთანაც კონტრაქტი 2024 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.  ამჟამად 19 წლის ქართველი ფეხბურთელი რუბინთან ერთად თურქულ შეკრებზე ემზადება. ყაზანური გუნდი ბელეკში პირველ სპარინგს 21 იანვარს ჩაატარებს - ბელგრადის პარტიზანთან, სულ კი თურქეთში 8 საკონტროლო მატჩის ჩატარებას აპირებს. 

ხვიჩა თურქულ შეკრებაზე მონდომებით ვარჯიშობს

ყაზანის რუბინს რუსეთის პრემიერლიგაში ჩატარებული 19 მატჩის შემდეგ 28 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მე-9 პოზიციას იკავებს. ქართველმა ფეხბურთელმა 16 მატჩში ითამაშა, რომლებშიც 2-2 გოლი და საგოლე პასი მიითვალა და 3 პენალტიც მოიპოვა. 

კომენტარები

ბოლო ამბები