Thumbnail

'მოედანზე არც გავსულვართ' - პირლომ წაგება საკუთარ თავზე აიღო

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • ინტერი 2:0 იუვენტუსი | გოლები: 1:0 ვიდალი (12), 2:0 ბარელა (52)
  • ანტონიო კონტესა და ანდრეა პირლოს კომენტარები

სერია A-ს მე-18 ტურის მთავარ შეხვედრაში მილანის ინტერმა იუვენტუსი 2:0 დაამარცხა და ორმატჩიანი მოუგებელი სერია დაასრულა. "ნერაძურიმ" "ბებერ ქალბატონს" არტურო ვიდალისა და ნიკოლო ბარელას გოლებით აჯობა და უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა.

მატჩის შემდეგ ორივე გუნდის მთავარმა მწვრთნელმა კომენტარი გააკეთა. ანტონიო კონტემ ყოფილ შეგირდს ანდრეა პირლოს პირად დუელში აჯობა. სათქმელია ისიც, რომ კონტემ მწვრთნელის რანგში კარიერაში პირველად მოუგო იუვეს (აქამდე სამიდან სამი წაგება ჰქონდა). პირლომ წაგება საკუთარ თავზე აიღო და აღშნიშნა, რომ შეცდომები დაუშვა:

"თავიდანვე არასწორი დამოკიდებულებით დავიწყეთ, ისეთი შეგრძნება მქონდა, მოედანზე არც გავსულვართ. როდესაც ორთაბრძოლების მოსაგებად სიბრაზე არ გაქვს, ყველაფერი რთულდება. ძალიან პასიურები ვიყავით. გვეშინოდა ინტერის შემტევი თამაშის, მხოლოდ თავდაცვაზე ვფიქრობდით და ამას აგრესიულადაც ვერ ვაკეთებდით. ძალიან ცუდი მარცხია, ამას არ ველოდით, ამაზე უარესად ვერც ვითამაშებდით და ეს იყო ჩემს პერიოდში ყველაზე ცუდი მატჩი. ოთხშაბათს იტალიის სუპერთასის ფინალი გვაქვს და ასეთ შეხვედრებში სურვილი, ბრაზი უნდა გამოავლინო, რათა სხვების დონეზე ითამაშო. ჩვენი ამბიცია იგივეა, რაც აქამდე იყო. იუვენტუსში ასეთი დამოკიდებულება არ შეიძლება იყოს, თუმცა, პირველ რიგში მწვრთნელი ცდება და პასუხისმგებლობასაც მე ვიღებ".

ინტერმა იუვენტუსს მშრალი ანგარიშით 2010 წლის შემდეგ პირველად მოუგო

ანტონიო კონტემ თამაშის შემდეგ განაცხადა, რომ მისმა გუნდმა იდეალურად ითამაშა და იუვესთან გამარჯვებამ სწორი გზაზე ყოფნა დაადასტურა:

"იუვენტუსის წინააღმდეგ გამარჯვება იტალიაში ყველა გუნდისთვის ამოსავალი წერტილია. ამისთვის საჭიროა სრულყოფილად ითამაშო. ჩემმა ბიჭებმა ძალიან კარგად ითამაშეს, მსგავსმა მატჩებმა უნდა აგვიმაღლოს თვითშეფასება და უნდა გაგვაგებინოს, რომ სწორ გზაზე ვართ. ვულოცავ ჩემს ფეხბურთელებს. ხარვეზები მაინც არსებობს, მაგრამ სწორი მიმართულებით ვმუშაობთ. ჩვენ მოვიგეთ, თუმცა ერთ მერცხალს გაზაფხული ვერ მოჰყავს. სკუდეტოსთვის ბრძოლაში ფავორიტები ვართ? ვფიქრობთ, აგვისტოში ტრანსფერები რომ გაგვეკეთებინა, ახლა სუპერფავორიტები ვიქნებოდით".

შეგახსენებთ, რომ ინტერი 40 ქულით ლიდერობას მილანთან ერთად იყოფს ("როსონერის" თამაშით ნაკლები აქვს ჩატარებული), იუვენტუსი კი 33 ქულით მე-5 ადგილზეა (ტურინელებსაც მატჩით ნაკლები აქვთ გამართული). აღსანიშნავია, რომ ინტერმა იუვენტუსი 2016 წლის სექტემბრის შემდეგ პირველად დაამარცხა, გოლის გაუშვებლად კი, მეტოქეს პირველად სძლია 2010 წლის მერე.

📺 ინტერი 2:0 იუვენტუსი [მიმოხილვა]

კომენტარები

ბოლო ამბები