Thumbnail
  • გიორგი მელიამ ანრი დელანის მემორიალზე 5 მეტოქე დაამარცხა
  • კვარცხლბეკზე ავიდნენ გურამ ხეცურიანი და სულხან ბუიძეც

საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი გიორგი მელია (97 კგ.) საფრანგეთის ქალაქ ნიცაში მიმდინარე ანრი დელანის სახელობის ტრადიციული გრან-პრის გამარჯვებული გახდა.

მელიამ ჯგუფურ ეტაპზე ამერიკელი დანიელ მილერი (8:0), პოლონელი გერარდ კურნიჩაკი (9:0) და ავსტრიელი დანიელ გასტლი (2:1) დაამარცხა, ნახევარფინალში ავსტრიის კიდევ ერთ წარმომადგენელ მარკუს რაგინგერს 4:1 სძლია, ფინალში კი აზერბაიჯანელ მურად ლოკიაევს აჯობა – 5:0.

📺 მელია ფრანგულ გრან-პრიზე

კვარცხლბეკზე ასვლა მოახერხეს გურამ ხეცურიანმა (87 კგ.) და სულხან ბუიძემაც (130 კგ.), რომელთაც ბრინჯაოს მედლები ერგოთ. ხეცურიანმა პირველივე რაუნდში მომავალ ჩემპიონ აზერბაიჯანელ ისლამ აბასოვთან 1:3 წააგო, შემდეგ კი, პოლონელ შიმან შიმონოვიჩს (2:1), საფრანგეთის სახელით მოჭიდავე საბა ჯავახიშვილსა (3:1) და ამერიკელ ჯონ სტეფანოვიჩს (5:5-ზე დამატებითი მაჩვენებლებით) აჯობა.

📺 ხეცურიანის შეხვედრა მე-3 ადგილისთვის

ბუიძეს წარმატებაში ის დაეხმარა, რომ მძიმე წონაში მხოლოდ 3 მონაწილე იყო. ქართველმა ფალავანმა ჩილელ იასმანი აკოსტასთანა (0:8) და აზერბაიჯანელ საბაჰ შარიათისთან (2:3) წააგო და მე-3 ადგილზე დარჩა, რაც ავტომატურად ბრინჯაოს მედლის აღებას ნიშნავდა.

ბრინჯაოსათვის იჭიდავეს მსოფლიოს ჩემპიონმა ნუგზარ წურწუმიამ (55) და ბექა მამუკაშვილმა (77 კგ.), თუმცა, შესაბამისად თურქ ეკრემ ოზთურქთანა (0:8) და აზერბაიჯანელ სანან სულეიმანოვთან (0:6) წააგეს.

მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი ნუგზარ წურწუმია მედლის გარეშე დარჩა

შეგახსენებთ, რომ გუშინ ფრანგული ხალიჩა თავისუფალი სტილით მოჭიდავეებს დაეთმოთ და საქართველოს ნაკრების 10 წევრიდან ცხრამ მედლის მოპოვება მოახერხა. ჩემპიონები ბექა ლომთაძე (61 კგ.), ზურაბ იაკობიშვილი (70 კგ.), ნიკა კენჭაძე (79 კგ.) და გენო პეტრიაშვილი (125 კგ.) გახდნენ, დავით ტლაშაძემ (74 კგ.) და გივი მაჭარაშვილმა (97 კგ.) ვერცხლის მედლები დაისაკუთრეს, ბექა ბუჯიაშვილმა (57 კგ.), ლადო ხინჩეგაშვილმა (65 კგ.) და ირაკლი მწითურმა (92 კგ.) კი შეჯიბრი ბრინჯაოს მედლებით დაასრულეს.

კომენტარები

ბოლო ამბები