Thumbnail
  • ბრუკლინი 122:115 ორლანდო
  • ნეტსის ვარსკვლავურმა ახალწვეულმა 32 ქულა, 14 პასი და 12 მოხსნა მოაგროვა

ბრუკლინს ნეტსში რამდენიმე დღის წინ გადასულ ჯეიმს ჰარდენს ახალი გუნდის მაისურით ფენომენალური დებიუტი ჰქონდა და პირველივე მატჩში NBA-ს რეკორდი დაამყარა.

ბრუკლინელებმა ორლანდო მეჯიქი 122:115 დაამარცხეს, ამერიკელმა მცველმა კი 40 წუთში 32 ქულა, 14 პასი და 12 მოხსნა მოაგროვა. შედეგად, ის პირველი კალათბურთელი გახდა, ვინც ახალი კლუბის რიგებში პირველივე თამაშში სამმაგი დუბლი ისე შეასრულა, რომ 30 ან მეტი ქულა ჩააგდო.

საერთოდაც, სადებიუტო შეხვედრაში ტრილ-დაბლი აქამდე მხოლოდ NBA-ს ექვს მოთამაშეს გაეხერხებინა. ესენი ოსკარ რობერტსონი (1960), ნეიტ ტერმონდი (1974), ჯონ შუმეიტი (1976), ლუის ლოიდი (1983), ელფრიდ პეიტონი (2018) და რასელ უესტბრუკი (2020) არიან.

“როდესაც ასეთი დიდებული თანაგუნდელები გყავს, მოედანზე რთულად აღარაფერი გეჩვენება. დროთა განმავლობაში ბიჭებს კიდევ უფრო შევეწყობი და მეცოდინება, ბურთი რა დროს საით უნდა გავუშვა. როგორც კი ეს მოხდება, დაკარგვების რაოდენობაც იკლებს და კიდევ უფრო ეფექტიანი მოთამაშე გავხდები”, - განაცხადა მატჩის შემდეგ ჰარდენმა და ხაზი პარტნიორების კარგ გარჯას გაუსვა.

ცხადია, ამ შემთხვევაში უპირველეს ყოვლისა კევინ დიურანტი უნდა ვიგულისხმოთ, რომელმაც 42 ქულა მოაგროვა და მიმდინარე სეზონის პირადი რეკორდი დაამყარა. ამასთან, დურანტი ლიგის ისტორიაში 32 წლის ან მეტი ხნის მხოლოდ მე-3 კალათბურთელია, ვისაც სეზონოს საწყის 10 მატჩში საშუალოდ 30 ქულაზე მეტი აქვს ჩაგდებული. კევინამდე აღნიშნული მხოლოდ ელჯინ ბეილორსა და უილტ ჩემბერლენს მოეხერხებინათ. ამის მიუხედავად, თამაშის მერე დურანტმა მეტწილად ჰარდენის დებიუტზე ისაუბრა:

“ის ბრწყინვალე იყო! კარგად სჩანდა, რომ ჯეიმსი გუნდისთვის მაქსიმუმი გაკეთებას ცდილობდა. თავიდან მომეჩვენა, რომ ზედმეტ პასებს ვაკეთებდით, თუმცა, შემდეგ ყველაფერი კარგად აეწყო. ჰარდენმა აგრესიულობას მოუმატა და ქულების დაგროვებაც იოლად დავიწყეთ. მიხარია, რომ ის კვლავ ფეხზე დგება და ყოველდღიურად უკეთესი ხდება”.

ბრუკლინ ნეტსი 8 მოგებითა და 6 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-5 ადგილზე იმყოფება, თუმცა, უკვე ცხადია, რომ დურანტის, ჰარდენისა და კაირი ირვინგის ტრიოს წყალობით, ლიგის მოგების ერთ-ერთი უმთავრესი კანდიდატი იქნება. ბრუკლინელებს მომდევნო მატჩი 19 იანვარს ელით, როდესაც “ბარკლაი სენთერში” იანის ანტეტოკოუნმპოს მილუოკი ბაქსს დაუხვდებიან.

📺 ჰარდენის პირველი მატჩი ნეტსში

კომენტარები

ბოლო ამბები