Thumbnail
  • ალვარო მორატა იუვეს გასულ ზაფხულს შეუერთდა
  • ესპანელი თანაგუნდელებით აღფრთოვანებულია

ალვარო მორატა ტურინის იუვენტუსს მადრიდის ატლეტიკოდან, იჯარის წესით, გასულ ზაფხულს შეუერთდა. ესპანელი "ბებერი ქალბატონის" რიგებში 2014-16 წლებშიც თამაშობდა და კარგადაც გამოიყურებოდა.

ალვარო წლევანდელ სეზონში ცდილობს, იტალიური გუნდის ძირითადის მოთამაშედ ჩამოყალიბდეს და ნელ-ნელა შევიდეს ფორმაში, რათა უკეთ ითამაშოს და ტურინულ კლუბს მაქსიმალურად გამოადგეს.

28 წლის ფეხბურთელმა ისაუბრა თანაგუნდელ კრიშტიანო რონალდოსა და პაულო დიბალას შესახებ. მორატა რონალდოს თანაგუნდელი მადრიდის რეალში თამაშის დროსაც იყო და მას კარგად იცნობს. მას ასევე ძალიან მოსწონს არგენტინელის თამაში და აღნიშნავს, რომ შვილებს მათ შესახებ მოუყვება.

"კრიშტიანოსთან თამაში ადვილია, მას დიდი ხანია ვიცნობ. ჩვეულებრივ, ისეთ სიტუაციებში, სადაც ნორმალური ფეხბურთელი გოლის გატანას ვერ შეძლებდა, მას გაჰქონდა. მასთან ერთად თამაში სიამოვნებაა. ის ფანტასტიკურია. პორტუგალიელს თამაში შეუძლია ყველგან - ათ, თერთმეტ, ცხრა ნომრად. იმედი მაქვს, რომ მასთან ერთად დიდი ხნის განმალობაში ვითამაშებ. მის ყურებაში გავიზარდე და როცა აქ ჩამოვედი, მასთან და პაულო დიბალასთან თამაშით აღფრთოვანებული ვიყავი. ისინი უმაღლესი კლასის ფეხბურთელები არიან. ჩემს შვილებს ვეტყვი, რომ კრიშტიანოსა და დიბალასთან ვთამაშობდი", - განაცხადა მორატამ.

ალვარო მორატას სერია A-ს მიმდინარე სეზონში 12 შეხვედრა აქვს ჩატარებული, სადაც თავი 4 გატანილი გოლითა და 6 საგოლე გადაცემით გამოიჩინა. ესპანელი კარგი იყო ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე, სადაც 6 მატჩში 6 გოლი გაიტანა, ხოლო თანაგუნდელს ერთხელ გაატანინა. 

კომენტარები

ბოლო ამბები