Thumbnail
  • WALES ONLINE-მა სემი რადრადრა 2020 წლის საუკეთესო მორაგბედ დაასახელა
  • რადრადრა მძიმე გაჭირვებაში გაიზარდა და სკოლაში წასვლამდე მუშაობდა

Wales Online-მა 2020 წლის საუკეთესო მორაგბედ სემი რადრადრა დაასახელა. ფიჯის ნაკრების კაპიტანმა, შემოდგომის ერთა თასზე, საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ ბრწყინვალე მატჩი ჩაატარა, ხოლო 2019 წლის მსოფლიო თასზე ''ბორჯღალოსნების'' წინააღმდეგ უფრო კარგი მატჩი ჰქონდა და ფიჯელთა გამარჯვებაში ყველაზე დიდი წვლილი შეიტანა.

Rugger.Info-მ რადრადრას შესახებ საინტერესო სტატია შემოგვთავაზა - ''ადამიანი, რომელსაც ოქროს მოპოვებაში საათში 2 დოლარს უხდიდნენ, ის 2019 წლის მსოფლიოს თასზე საქართველოს ნაკრების კოშმარი გახდა''.

სემი რადრადრა ბრისტოლ ბეარსში

სემი რადრადრა ტიპურ ფიჯურ ოჯახში დაიბადა - სიღარიბე, ბევრი ბავშვი, ოჯახში საწოლების არქონა, იქ ყველა მუშაობდა და უკეთეს ცხოვრებაზე ფიქრობდა. რადრადრას ოჯახში 7 ბავშვი ცხოვრობდა, რომლებმაც ექვის წლის ასაკში უკვე დანით მუშაობა იცოდნენ, სწავლობდნენ თევზაობას და ბოსტნეულის მოყვანას.

''სკოლაში ცუდად ვსწავლობდი, რის გამოც ჩემი მშობლები ნაკლებად წუხდნენ. მათ უფრო ის ფაქტი ანაღვლებდათ, რომ თევზის დაჭერა და ბოსტნეულის მოყვანა მესწავლა. მამაჩემი სათამაშოდ არ გამიშვებდა, თუ 20 კომბოსტოს არ დავრგავდი'', - ამბობს სემი.

17 წლის რადრადრა სარაგბო აგენტებმა შეამჩნიეს და მას სარაგბო კარიერასთან ერთად დროებით სამსახურსაც დაპირდნენ. სემი დანიშნულების ადგილამდე ორი დღე ნავით მიდიოდა და იქ ურთულესი სამსახური დახვდა. მან ოქროს მომპოვებლად დაიწყო მუშაობა და საათში 2 დოლარს უხდიდნენ. ფიჯელს 100 მეტრის სიღრმეზე უწევდა ჩასვლა და არც კი იცოდა, უკან თუ დაბრუნდებოდა.

მიუხედავად ასეთი რთული სამსახურისა, რადრადრამ ფიჯის ნაკრების 20-წლამდელთა ვარჯიშზე ბრწყინვალედ ითამაშა, ის ნაკრებში აიყვანეს, რის შემდეგაც მას კონტრაქტი ავსტრალიის რაგბი ლიგის გუნდმა შესთავაზა. სემს სთხოვეს, რომ მათთვის ვიდეო გაეგზავანა, სადაც მისი საუკეთესო მომენტები იქნებოდა ასახული, მაგრამ ფიჯელს ასეთი არაფერი ჰქონდა. ერთადერთი მასალა, რაც მას გააჩნდა, ფიჯის 20-წლამდელთა ნაკრებთან გადაღებული ფოტო იყო. ავსტრალიელები მას მაინც ენდნენ, ბილეთები უყიდეს და ნიჭიერი ფიჯელი თავის გუნდში წაიყვანეს, სადაც მან რაგბი ლიგის 94 მატჩში 82 ლელო გაიტანა.

სემი რაგბი ლიგიდან ევროპაში აღმოჩნდა. მან ჯერ ფრანგულ კლუბებში ითამაშა, ტულონსა და ბორდოში, რის შემდეგაც ინგლისურ ბრისტოლ ბეარსში წავიდა. რადრადრა 2019 წლის მსოფლიო თასზე საქართველოს ნაკრების კოშმარად იქცა. მან ''ბორჯღალოსნებს'' 2 ლელო დაუდო და იმ თამაშში 3 სალელოვე გადაცემაც შეასრულა.

ფიჯელი ახლა ინგლისური ჩემპიონატის ერთ-ერთი მაღალანაზღაურებადი მორაგბეა. ის სამი წლის განმავლობაში ბრისტოლში 3 მილიონ ევროს მიიღებს, მაგრამ მას წარსული არასდროს ავიწყდება.

''იატაკზე ვიწექი, ვხედავდი, როგორ კვდებოდა ჩემი ძმა და მას ვერ ვეხმარებოდი. წამლის ყიდვა არ შეგვეძლო და მცენარეებით ვმკურნალობდით. ახლა კი ამის შესაძლებლობა მაქვს, მაგრამ არ მავიწყდება ის, რაც გადავიტანე. წარსული მაძლევს იმის საშუალებას, რომ არასდროს გავჩერდე. მკერდზე ტატუ მაქვს ფრაზით - ყველაფრის გაკეთება შეგიძლია. ამით ჩემს თავს ვახსენებ, რომ არასდროს უნდა გავჩერდე'', - ამბობს ფიჯელი მორაგბე.

სემი რადრადრა ფიჯის ნაკრების ლეგენდაა. 28 წლის მორაგბე ინგლისის პრემიერშიფში 3 წლის განმავლობაში ითამაშებს. მას სურს, რომ ფიჯიში რაგბი მეტად განვითარდეს და მისი ქვეყნის მოსახლეობას ნაკლებად უჭირდეს.

კომენტარები

ბოლო ამბები