Thumbnail
  • საქართველოს ნაკრების კაპიტანი შესაძლოა საფრანგეთის ჩემპიონატში დაბრუნდეს
  • 34 წლის საყრდენ ნახევარმცველს ლიგა 2-ის გუნდის, ვალანსიენის ვარიანტი აქვს

საქართველოს ნაკრების კაპიტანი ჯაბა კანკავა, რომელიც ბოლოს ყაზახური ტობოლის ღირსებას იცავდა, შესაძლოა საფრანგეთში დაბრუნდეს. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, 34 წლის საყრდენი ნახევარმცველი საფრანგეთის ლიგა 2-ის კლუბ ვალანსიენთან კონტრაქტის გაფორმებას აპირებს. 

ჯაბა კანკავას ფრანგული ვარიანტის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად ვალანსიენის გულშემატკივართა გვერდმა გაავრცელა. ხმებს დამაჯერებლობას მატებს ის ფაქტი, რომ ვალანსიენს ამჟამად ოლივიე გეგანი წვრთნის - 48 წლის სპეცილისტი, რომელსაც ჯაბასთან ერთად თავის დროზე რეიმსში უმუშავია და ქართველ ნახევარმცველს საკმაოდ კარგად იცნობს.

"ჯაბა კანკავა კარგად იცნობს საფრანგეთის ჩემპიონატს, სადაც რეიმსის ღირსებას 2015-17 წლებში იცავდა. იქ მისი მთავარი მწვრთნელი სწორედ ოლივიე გეგანი იყო.

საყრდენი ნახევარმცველი, რომელიც მცველების წინ მოქმედებს, თამაშის აზარტული სტილით ხასიათდება. მან სახელი ასევე გაითქვა იმით, რომ მოედანზე ოლეგ გუსევის სიცოცხლე გადაარჩინა მას შემდეგ, რაც ეს უკანასკნელი დნიპროს მეკარეს შეეჯახა და გონება დაკარგა. ჯაბამ მას ენის გადაყლაპვის საშუალება არ მისცა", - წერს scaldis.fr.

ჯაბა კანკავას ყაზახურ ტობოლთან კონტრაქტი 2020 წლის ბოლოს ამოეწურა

საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანმა ჯაბა კანკავამ კარიერა დინამო თბილისში დაიწყო, რის შემდეგაც ჯერ ვლადიკავკაზის ალანიაში ითამაშა, შემდეგ კი უკრაინაში - კიევის არსენალში, დნეპროპეტროვსკის დნიპროსა და კრივოი როგის კრივბასში გამოდიოდა. ჯაბა დნიპროსთან ერთად ევროპალიგის ფინალი ითამაშა (2014/15), რის შემდეგაც, 2015 წელს, ლიგა 1-ის რეიმსში გადავიდა. საფრანგეთში გატარებული ორი სეზონის შემდეგ, ჯაბა ყაზახურ ტობოლს შეუერთდა, სადაც ნიკა კვეკვესკირთან ერთად ბოლო დრომდე გამოდიოდა. კანკავას საქართველოს ნაკრებში, რომლის კაპიტანიცაა, 93 მატჩი აქვს ჩატარებული. მის ანგარიშზე 10 გოლი და 5 საგოლე პასია.

ჯაბამ ფრანგული რეიმსის მაისურით ლიგა 1-ის 27 მატჩში ითამაშა

ვალანსიენს საფრანგეთის რანგით მეორე ლიგაში ჩატარებულ 18 მატჩში 24 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მე-11 პოზიციას იკავებს. 

კომენტარები

ბოლო ამბები