Thumbnail
  • 📅 17 იანვარი | ⌚ 23:45 | ⚽ ინტერი V იუვენტუსი
  • 'სან სიროზე' ერთ სანტიმეტრსაც კი არავინ დათმობს
  • ანტონიო კონტეს და ანდრეა პირლოს დუელი დამატებითი ინტრიგაა
  • ყველაფერი, რაც ამ მატჩის წინ უნდა ვიცოდეთ
  • საინტერესო სტატისტიკური ფაქტები ბევრ მინიშნებას მოგცემთ

ინტერი-იუვენტუსი - ეს არ არის მხოლოდ საფეხბურთო მატჩი. ხშირად, ამ გუნდების დაპირისპირება მინდორსაც სცდება. ინტერი-იუვენტუსი იტალიაში მთავარი თამაშია - ყოველ შემთხვევაში, წლების წინ მას ‘გრანდე დერბი დ’იტალია’ უწოდეს, რაც ნიშნავს, რომ იტალიაში ამაზე მნიშვნელოვანი საფეხბურთო მატჩი არ არსებობს.

ორი გუნდი და ორი ისტორია - დიდ იტალიურ დერბის ემოციების გარეშე არასდროს ჩაუვლია და ახლო თუ შორეულ წარსულში დაუვიწყარი დაპირისპირებები არაერთხელ გამართულა. მოლოდინი ახლაც ასეთია. ყველაფერთან ერთად, სატურნირო დატვირთვავ ძალიან დიდია. ინტერმა ზედიზედ 8 გამარჯვების შემდეგ 2021 წელი არადამაჯერებლად დაიწყო და სერია A-ს ბოლო ორ მატჩში (სამპდორიასთან და რომასთან) ქულა მოიპოვა. იუვენტუსმა პირიქით, 2021 წელს ყველა თამაში მოიგო, მათ შორის სამი სერია A-ში და ამ სამ ტურში "ნერაძურისთან" 9-ქულიანი ჩამორჩენა 5 ქულით შეამცირა (იუვეს თამაშით ნაკლებიც აქვს ჩატარებული).

შუა კვირაში ორივემ იტალიის თასზე ითამაშა და ძალების დაზოგვით გამარჯვება დაგეგმეს, მაგრამ ორივეს დამატებითი დროის თამაში მოუწია და კი მოიგეს, მაგრამ ენერგია რამდენად დაზოგეს, ეს რთული სათქმელია. თასზე იუვესაც რომ გაუჭირდა (ჯენოასთან) და ინტერსაც (ფიორენტინასთან), ისიც მეტყველებს, რომ მეორე ტაიმში მოედანზე კრიშტიანო რონალდოც გავიდა და რომელუ ლუკაკუც - ფეხბურთელები, რომელთა თამაშზე კვირასაც ძალიან ბევრი რამ იქნება დამოკიდებული.

უფრო მეტიც: ლეგენდარულმა მარჩელო ლიპიმ თამაშამდე თქვა, რომ ტურინელების და მილანელების მთავარი დეფექტი ამ დროისთვის რონალდოსა და ლუკაკუზე ზედმეტად დამოკიდებულებაა. მეორეს მხრივ, იტალიური ფეხბურთის კიდევ ერთი ცოცხალი ლეგენდა ფაბიო კაპელო მიიჩნევს, რომ ბოლო თამაშებიდან გამომდინარე, იუვე რონალდოზე ძველებურად დამოკიდებული აღარ არის. ცნობისთვის, ტურინელებმა მილანს 3:1 ისე მოუგეს, რომ რონალდოს ღირებული არაფერი შუუქმნია და მერე სასუოლოსთან და ჯენოასთანაც ჩრდილში იყო. აი, ლუკაკუს გარეშე კი ინტერს მართლაც უჭირს და ისე ჩანს, რომ თითქოს, კონტეს გუნდს ბელგიელის გარეშე ნახევარი ძალა ეცლება.

6 იანვარს 'სან სიროზე' გმირი ფედერიკო კიეზა იყო

მაგარი დაპირისპირება არა მარტო მოედანზე, არამედ მოედანთანაც გველოდება - მწვრთნელის რანგში გამოცდილი ანტონიო კონტე გამოუცდელი ანდრეა პირლოს წინააღმდეგ. პირლოსთვის ეს პირველი სეზონია მწვრთნელის რანგში. მან აბსოლუტურად ნულიდან დაიწყო. ანდრეას ბევრი კრიტიკოსი ჰყავს, მაგრამ ბოლო პერიოდში იუვე დასტაბილურდა. თამაშის ხარისხი თუ ჯერ კიდევ ბევრ კითხვას ბადებს, განსაკუთრებით უკანა ხაზში, შედეგები ნამდვილად გამოსწორებულია. ბოლო 11 მატჩიდან (ყველა ტურნირზე) "ბიანკონერიმ" 9 მოიგო, 1 ფრე და 1 მარცხი.

პირლომ მწვრთნელობა მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც კონტეს შეხვდა. როგორც ანდრეამ არაერთხელ აღნიშნა, მის კარიერაში საუკეთესო მწვრთნელი კონტე იყო და მისი ინსპირაციაც გამოდგა. პირლოს კონტე იუვენტუსში სამი სეზონი ავარჯიშებდა და სწორედ მათ სახელთან ასოცირდება ტურინელთა იტალიური ფეხბურთის მწვერვალზე დაბრუნება. სხვათა შორის, მიუხედავად იმისა, რომ კონტესა და პირლოს შორის ყოველთვის განსაკუთრებული ურთიერთობა იყო და დღემდე მეგობრობენ, მცირე ხნით უმნიშვნელო კონფლიქტიც ჰქონდათ. 2013 წლის სექტემბერში, ვერონასთან მატჩში კონტემ პირლო შეცვალა, რამაც ანდრეა გააბრაზა და პირდაპირ გასახდელში გაეშურა. თამაშის შემდეგ კონტე ემოციებს ვეღარ იკავებდა და სწორედ პირლოს უდისციპლინობის გამო გუნდში ჯარიმები დააწესა: "აქამდე ასე არ იყო, მაგრამ დღეიდან, ვინც შეცვლის შემდეგ სათადარიგო სკამზე არ დაჯდება და თამაშს თანაგუნდელებთან ერთად არ უყურებს, დიდ ჯარიმას მიიღებს, გარდა იმისა, რომ 1 თვით შემადგენლობიდან მოიკვეთება! ამიერიდან მხოლოდ იმ შემთხვევაში შეხვალთ პირდაპირ გასახდელში, თუ ან ფეხი გაქვთ მოტეხილი, ან საკაცით გაგიტანენ მოედნიდან!", - თქვა მაშინ კონტემ. მიუხედავად ამისა, პირლო მაშინვე მიხვდა შეცდომას, მსგავსი შემდომში არაფერი მომხდარა და ისიც ძველებურად "დირიჟორობდა" იუვეს.

პირლოს და კონტეს კარგი ურთიერთობა აქვთ

გარდა იმისა, რომ ყოფილ შეგირდთან მოუწევს დაპირისპირება, კონტესთვის იუვენტუსი დიდი წარსულია. ანტონიო სულით-ხორცამდე იუვენტინოა, მაგრამ ახლა მასზე დიდი მოღალატე "ბიანკონერის" ტიფოზებს დედამიწის ზურგზე არ ეგულებათ. კონტემ იუვეში 1991-2004 წლებში ითამაშა, 2011-2014 წლებში მთავარი მწვრთნელი იყო და ორივე შემთხვევაში დაუვიწყარი გამარჯვებების შემოქმედი გახლდათ. სწორედ კონტე იყო ის ადამიანი, რომელიც 2002 წლის 5 მაისს, როცა იუვემ ინტერს 'სკუდეტო' ბოლო ტურში წაართვა, გასახდელში გაგიჟებული ყვიროდა, რომ ეს იყო 2 წლის წინ, პერუჯაში განცდილ იმედგაცრუებაზე დიდი შურისძიება. რას იზამ, დრო გადის, ხალხიც იცვლება და გარემოებაც. სხვათა შორის, კონტეს იუვენტუსთან თამაში სამჯერ მოუწია და სამივე წააგო (ორჯერ გასულ სეზონში, ერთხელ 2009 წელს, როცა ატალანტას ავარჯიშებდა). მეორეს მხრივ, ანდრეა პირლოსაც აქვს შავ-ლურჯი წარსული. ის ბავშვობაში დიდი ინტერისტა იყო და კარიერის საწყის ეტაპზე საყვარელ გუნდში თამაშის შანსიც მიიღო, მაგრამ მერე ყველაფერი ისე აეწყო, რომ პირლომ ფეხბურთში მთავარი კვალი ინტერის მთავარი მეტოქეების, მილანისა და იუვენტუსის მაისურით დატოვა.

ამრიგად, წინ დიდი ამბები გველოდება. იუვეს სერიოზული საკადრო პრობლემები აქვს. პაულო დიბალა ტრავმის გამო ვერ ითამაშებს, მატეის დე ლიხტი - კორონავირუსის. კოვიდ-19 აქვთ ხუან კუადრადოსა და ალექს სანდროს, მაგრამ მათი ტესტის პასუხებს ელოდებიან და თუ ნეგატიური იქნება, პირლოს შეეძლება, ისინი სათადარიგო სკამზე მაინც დასვას. მცირე ტრავმები ჰქონდათ ფედერიკო კიეზასა და უესტონ მაკკენის, მაგრამ გუნდთან ერთად უკვე ივარჯიშეს და ბოლო ცნობებით, მზად არიან. ინტერში მხოლოდ დანილო დ’ამბროზიოს არყოფნაა გამოსაყოფი.

დაბოლოს, ინტერს 17 ტურში 37 ქულა აქვს, მე-2 ადგილზეა და ლიდერ მილანს 3 ქულით ჩამორჩება, ხოლო იუვენტუსი 33 ქულით მე-4 ადგილზეა. თუმცა, ტურინულ გრანდს კონკურენტებთან შედარებით, თამაშით ნაკლები აქვს ჩატარებული.

საინტერესო ფაქტები

⚽ იუვენტუსი ერთადერთი გუნდია, რომლის წინააღმდეგ ინტერს 2017 წლის დასაწყისიდან არ მოუგია. ამ პერიოდში იყო 2 ფრე და 5 მარცხი.

⚽ იუვენტუსს ინტერთან ბოლო 10 გასვლითი მატჩიდან 9 არ წაუგია (5 მოგება, 4 ფრე). ინტერმა ამ პერიოდში ერთადერთი გამარჯვება 2016 წლის სექტემბერში მოიპოვა (2:1), როდესაც მთავარი მწვრთნელი ფრანკ დე ბური იყო.

⚽ ინტერს სერია A-ში ზედიზედ 5 საშინაო მატჩი აქვს მოგებული და ზედიზედ 6 გამარჯვება შინ 2018 წლის დეკემბრის შემდეგ არ მოუპოვებია (მაშინ 7 მოგება).

⚽ იუვენტუსმა ბოლო 3 საგარეო მატჩი მოიგო სერია A-ში და ამაზე უკეთესო შედეგი ბოლოს 2019 წლის მარტში ჰქონდა (4). იუვე 1995 წლის აპრილის შემდეგ პირველად ითამაშებს ზედიზედ ორ გასვლით თამაშს "სან სიროზე" და შანსი აქვს პირველ წრეში როგორც მილანი, ისე ინტერი პირველად დაამარცხოს მილანში - 1930/31 წლების სეზონის შემდეგ.

⚽ ინტერმა მიმდინარე სეზონში სერია A-ში თავით ყველაზე მეტი გოლი გაიტანა (9). მეორე მხრივ, იუვენტუსი ერთადერთი გუნდია ტოპ ჩემპიონატებში, რომელსაც მიმდინარე სეზონში თავით გოლი არ გაუშვია.

⚽ იუვენტუსი ერთადერთი გუნდია, რომლის წინააღმდეგ ანტონიო კონტეს სერია A-ში ყველა თამაში წაგებული აქვს (სამიდან სამი).

ანტონიო კონტეს იუვენტუსთან განსაკუთრებული წარსული აკავშირებს

⚽ მარსელო ბროზოვიჩმა სერია A-ს ბოლო 4 თამაშში მინიმუმ 1 საგოლე პასი გააკეთა და ინტერის არცერთ ფეხბურთელს ასეთი შედეგი 2004/05 წლების სეზონის შემდეგ არ ჰქონია.

⚽ ეს იქნება სერია A-ს ორი საუკეთესო ბომბარდირის დაპირისპირება. რომელუ ლუკაკუ (12) V კრიშტიანო რონალდო (15). მათ ჯამში 27 გოლი აქვთ გატანილი და ამ დროისთვის 12 გუნდს უფრო ნაკლები გოლი აქვს გატანილი.

⚽ ფედერიკო კიეზა თუ ითამაშებს, სერია A-ში 150-ე თამაშს ჩაატარებს და ამას 23 წლისა და 84 დღის ასაკში გააკეთებს. მას შემდეგ, რაც გუნდებს გამარჯვებაზე 3 ქულა ენიჭებათ (1994 წლიდან), ის გახდება რიგით მესამე ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი, რომელიც სერია A-ში 150-ე თამაშს ჩაატარებს. მასზე პატარა ასაკში ეს ანტონიო კასანომ (22 წლის და 230 დღის) და ალბერტო ჯილარდინომ (22 წლის და 314 დღის) შეძლეს.

⚽ იუვენტუსმა ინტერს გასულ სეზონში ორივე თამაში მოუგო. ამ გუნდების ბოლო 5 თამაშში ორჯერ გავიდა 2.5-ზე მეტი გოლი და 3-ჯერ ორივე გუნდმა გაიტანა.

⚽ იუვენტუსის ბოლო 5 მატჩში 2.5-ზე მეტი გოლი გავიდა და 4-ჯერ ორივე გუნდმა გაიტანა.

⚽ ინტერის ბოლო 5 მატჩში 2.5-ზე მეტი გოლიც გავიდა და ხუთჯერვე ორივე გუნდმა გაიტანა.

⚽ ინტერი და იუვენტუსი სერია A-ში აქამდე 174-ჯერ შეხვედრიან, რაც ტურნირის რეკორდია. იუვე კოლოსარულ უპირატესობას ფლობს ურთიერთშეხვედრებში: 84 მოგება, 44 ფრე და 46 წაგება.

სავარაუდო შემადგენლობები

ინტერი (3-5-2): ჰანდანოვიჩი - შკრინიარი, დე ვრაი, ბასტონი - ჰაკიმი, ბარელა, ბროზოვიჩი, ვიდალი, იანგი - ლაუტარო, ლუკაკუ
ტრავმა: პინამონტი, დ’ამბროზიო, ვესინო

იუვენტუსი (4-4-2): შჩესნი - დანილო, ბონუჩი, კიელინი, ფრაბოტა - კიეზა, მაკკენი, ბენტანკური, რემზი - მორატა, რონალდო
ტრავმა ან კოვიდინფიცირებულები: ალექს სანდრო, კუადრადო, დე ლიხტი, დიბალა

კომენტარები

ბოლო ამბები