Thumbnail

ძიუდო | ლიპარტელიანი მსოფლიოში პირველია, გრიგალაშვილმა სამეულში შეაღწია

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე

ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ (IJF) დოჰას მასტერსის დასრულების შემდეგ ახალი რეიტინგი გამოაქვეყნა, სადაც გასული ტურნირის ჩემპიონებმა ვარლამ ლიპარტელიანმა (100 კგ.) და ტატო გრიგალაშვილმა დიდი წინსვლა განიცადეს: პირველი თავის წონით კატეგორიაში გალიდერდა, მეორემ კი კარიერაში პირველად მოწინავე სამეულში შეაღწია. კლასიფიკაციაში შესულ ცვლილებეზე წონების მიხედვით მოგახსენებთ.

60 კგ-მდე წონით კატეგორიაში ქართველთაგან საუკეთესო ლუხუმ ჩხვიმიანი 2 ადგილით დაქვეითდა და 3 792 ქულით მეთერთმეტეა, ამირან პაპინაშვილი (2 475) მეოცეა (-3), თემურ ნოზაძე (1 720) – 33-ე (+1), ხოლო ჯაბა პაპინაშვილი (766) – 51-ე. საუკეთესო ხუთეული ასე გამოიყურება: 1. რიუჯუ ნაგაიამა (იაპონია) – 6 350 ქულა, 2. რობერტ მშვიდობაძე (რუსეთი) – 5 501, 3. ნაოჰისა ტაკატო (იაპონია) – 5 270, 4. შარაფუდინ ლუტფილაევი (უზბეკეთი) – 5 243, 5. იელდოს სმეტოვი (ყაზახეთი) – 5 218.

ვაჟა მარგველაშვილი

66 კგ-ში 3 პოზიციით დაწინაურდა და 5 107 ქულით უკვე მე-2 ადგილზეა ვაჟა მარგველაშვილი, რომელმაც დოჰას მასტერსზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ქართველი ძიუდოისტის წინ მხოლოდ იტალიელი მანუელ ლომბარდოა (5 598), შემდეგ კი იაპონელი იოშირო მარუიამა (4 950), სამხრეთკორეელი ბაულ ანი (4 911) და ებრაელი ბარუხ შმაილოვი (4 892) მოდიან. ამავე წონაში ბაგრატ ნინიაშვილი 2 079 ქულით 30-ეა (-1), ხოლო გიორგი თუთაშვილი 357 ქულით – 98-ე.

73 კგ-მდე წონით კატეგორიაში ყველაზე უარესი მდგომარეობა გვაქვს, რადგანაც ლაშა შავდათუაშვილი კიდევ ერთი საფეხურით დაქვეითდა და 3 145 ქულით მხოლოდ მეჩვიდმეტეა. მოწინავე ასეულში კიდევ ერთი ქართველი ძიუდოისტია: ფრიდონ გიგანი 354 ქულით 94-ეა. ამ წონაში საუკეთესო ხუთეული ასეთია: 1. სოიჩი ჰაშიმოტო (იაპონია) – 7 639 ქულა, 2. რუსტამ ორუჯოვი (აზერბაიჯანი) – 6 575, 3. ჩანგრიმ ანი (სამხრეთ კორეა) – 5 007, 4. არტურ მარგელიდონი (კანადა) – 4 256, 5. ხიკმატილოხ ტურაევი (უზბეკეთი) – 4 244.

როგორც აღვნიშნეთ, დიდი წინსვლა განიცადა ტატო გრიგალაშვილმა. საქართველოს ნაკრების ახალგაზრდა ტალანტი მასტერსზე მოპოვებული ოქროს მედლის წყალობით, 5 ადგილით დაწინაურდა და 5 421 ქულით 81 კგ-მდე წონით კატეგორიაში უკვე მესამეა. გრიგალაშვილის წინ ბელგიელი მატიას სასე (6 884) და ებრაელი საგი მუკი (6 804) არიან, შემდეგ კი თურქი ვედატ ალბაირაკი (5 196) და ჰოლანდიელი ფრანკ დე ვიტი (4 882) მოდიან. ამავე წონაში ლუკა მაისურაძე 3 550 ქულით მეთორმეტეა, ხოლო ვლადიმერ ახალკაცს 923 ქულით 48-ე ადგილი უკავია.

ტატო გრიგალაშვილი

დოჰაში აღებული მედლები, შესაბამისად, ვერცხლი და ბრინჯაო ძალიან წაადგათ ბექა ღვინიაშვილსა და ლაშა ბექაურს. პირველი 5 საფეხურით აღზევდა და 4 851 ქულით 90 კგ-მდე წონით კატეგორიაში მე-5 ადგილზეა, მეორემ კი 4 პოზიცია მოიგო და 4 342 ქულით მერვეა. ღვინიაშვილის წინ ესპანელი ნიკოლოზ შერაზადიშვილი (8 111), ნიდერლანდელი ნოელ ვან ტ ენდი (6 709), კუბელი ივან ფელიპე სილვა მორალესი (5 185) და სერბი ნემანია მაიდოვი (5073) არიან. ამავე წონაში ავთანდილ ჭრიკიშვილი (1 433) 37-ეა, გიორგი პაპუნაშვილი (1 322) – 41-ე, ხოლო უშანგი მარგიანი (851) – 51-ე.

მასტერსზე ტრიუმფის წყალობით, თავი 6 848 ქულას მოუყარა, 3 ადგილით დაწინაურდა და რეიტინგს სათავეში მოექცა საქართველოს ნაკრების კაპიტანი ვარლამ ლიპარტელიანი. ხუთეულში ასევე შედიან პეტერ პალჩიკი (ისრაელი, 6 147), ჟორჟე ფონსეკა (პორტუგალია, 6 147), გუჰამ ჩო (სამხრეთ კორეა, 5 308) და მიხალ კორელი (ნიდერლანდები, 5 148). ამ წონის მოწინავე ასეულში ქართველებიდან ასევე შედიან ილია სულამანიძე (574, 62-ე), ონისე სანებლიძე (552, 64-ე), ლაშა ტაველური (498, 68-ე) და გიორგი ჩიქოვანი (260, 94-ე).

მძიმე წონაში (+100 კგ.) 1 ადგილით დაწინაურდა და 5 763 ქულით სამულს აგვირგვინებს გურამ თუშიშვილი. ის მხოლოდ ჩეხ ლუკაშ კრპალეკსა (6 423) და რუს ინალ ტასოევს (6 269) ჩამორჩება, კვალში კი გურამს იაპონელი ჰისაიოში ჰარასავა (5 730) და ნიდერლანდელი ჰენკ გროლი (4 745) უდგანან. ერთბაშად 14 ადგილით დაწინაურდა და მე-13 პოზიცია ერგო ლეგენდარულ ტედი რინერს, რომელიც მასტერსზე გაჩემპიონდა. ამავე წონაში გელა ზაალიშვილი (3 253) მეთხუთმეტეა (-1), ლევან მატიაშვილი (2656) – მე-20 (+1), ონისე ბუღაძე (547) – 58-ე, ხოლო ადამ ოქრუაშვილი (180) – 95-ე.

კომენტარები

ბოლო ამბები