Thumbnail
  • მილანის ინტერში სერიოზული ფინანსური კრიზისია
  • 4 თვეა, ლუკაკუს და კომპანიას ხელფასები არ აუღიათ

მილანის ინტერს ფეხბურთელებისთვის ხელფასების გადახდასთან დაკავშირებით სერიოზული პრობლემები აქვს. ‘გაძეტა დელო სპორტის’ ინფორმაციით, მილანური გრანდის მოთამაშეებს 4 თვის ხელფასები აქვთ ასაღები. 

კორონაკრიზისმა ფინანსურად ყველა ტოპ-კლუბი დააზარალა, თუმცა როგორც ჩანს, ინტერი განსაკუთრებით. ფეხბურთელების ხელფასების დავალიანება ლოგიკურია იმ ფონზე, რომ ‘ნერაძურიმ’ წელი 102 მილიონი ევროს ოდენობის მინუსით დაასრულა. აღსანიშნავია, რომ ინტერში ძალიან მაღალი სახელფასო ფონდია - წელიწადში 280 მილიონი ევრო.

ცნობილია, რომ ჩინურ კონცერნ Suning Group-ს ინტერის გაყიდვა სურს. Suning-ის მფლობელსა და ევროპულ კომპანია BC Partners-ს შორის მოლაპარაკებები უკვე მიმდინარეობს. ეს უკანასკნელი მზად არის, ინტერის სანაცვლოდ ჩინელებს 500 მილიონი ევრო გადაუხადოს. ფასში შედის ის ვალიც, რაც მილანურ გრანდს საერთო ჯამში დაუგროვდა - 350 მილიონი ევრო.

შეგახსენებთ, რომ Suning Group-მა მილანის ინტერის 68,55-პროცენტიანი წილი 2016 წელს შეიძინა. ანტონიო კონტეს გუნდი იტალიის მიმდინარე ჩემპიონატში, მე-18 ტურის წინ მეორე ადგილზეა და ლიდერ მილანს 3 ქულით ჩამორჩება. კვირას ინტერს ტურის და ზოგადად სეზონის ცენტრალური მატჩი ელის - დიდი იტალიური დერბი იუვენტუსთან.

 

კომენტარები

ბოლო ამბები