Thumbnail

რუსეთის მორაგბეთა ნაკრებისა და ლოკომოტივ-პენზას წევრი ვლადისლავ პერესტიაკი საქართველოსთან რაგბი ევროპის ჩემპიონატის ეგიდით მოახლოებულ მატჩს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ურთულესი დაპირისპირების მოლოდინშია.

“ბოლოს ქართველების წინააღმდეგ U19-ის ევროპის ჩემპიონატზე ვითამაშე და მახსოვს, ძალიან მტკივნეულად მოგვიგეს. ის ბიჭები უკვე მაშინ სულ სხვა დონეზე იყვნენ. საქართველოს ეროვნულ ნაკრებთან არ მითამაშია, თუმცა “შემოდგომის ერთა თასზე” მათ მატჩებს ვუყურე. ქართველებმა იქ კოლოსალური გამოცდილება მიიღეს. ჩვენს ნაკრებს, რომელმაც ბოლოს გასული წლის დასაწყისში ითამაშა, მსგავსი პრაქტიკა არ ჰქონია. ამ ფონზე საქართველოს თანამედროვე რაგბის საუკეთესო წარმომადგენლებთან გაჯიბრების შანსი მიეცა. ვთვლი, რომ ფიჯისთან ძალიან კარგად გამოიყურებოდნენ და ირლანდიასთანაც კარგად ითამაშეს. საერთო ჯამში, მაგარი გუნდი ჰყავთ, რომლის ძირითადი ბირთვიც საფრანგეთში ირჯება, რამდენიმე მორაგბე კი ინგლისშია”.

შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და რუსეთის ნაკრებების მატჩი ჯერ კიდევ გასული წლის მარტში უნდა გამართულიყო და მეტოქე უკვე თბილისშიც კი იმყოფებოდა, როცა კორონავირუსის პანდემიის გამო, რაგბი ევროპის ორგანიზაციამ ტური გადადო. ბოლოს ეს შეხვედრა პირველ ნოემბერს უნდა ჩატარებულიყო, მაგრამ კიდევ ერთხელ გადაიდო და ბოლო ინფორმაციით, 7 თებერვალს შედგება. 2020 წლის ტურნირში “ბორჯღალოსნებს” ოთხივე მატჩი მოგებული აქვთ და უახლოეს მდევრებს – პორტუგალიასა და ესპანეთს 10-10 ქულით უსწრებენ, ამდენად, პირველობას ვეღარავინ შეეცილებათ. რუსეთის ნაკრები 4 მატჩში 2-2 მოგება-წაგებით ჯგუფში მეოთხე ადგილზეა.

საქართველოს მორაგბეთა ნაკრებს რაგბი ევროპის ჩემპიონატი 12-ჯერ აქვს მოგებული, ამასთან, შარშან ტურნირის გამარჯვებული ზედიზედ მესამედ გახდა. აღნიშნულ შეჯიბრზე საქართველოს ნაკრებმა ზუსტად 100 მატჩი გამართა, რომელთაგან 83 მოიგო, 4 ფრედ დაასრულა და მხოლოდ 13 წააგო. კონკრეტულად რუს “დათვებთან” “ბორჯღალოსნებს” ისტორიაში 23 მატჩი აქვთ ჩატარებული, საიდანაც 21-ში გაიმარჯვეს. რუსებმა ერთადერთი მოგება სულ პირველ შეხვედრაში, 1993 წელს იზეიმეს, კიდევ ერთი თამაში კი, 2002 წელს ფრედ დასრულდა.

კომენტარები

ბოლო ამბები