Thumbnail

რუნიმ ფეხბურთელის კარიერა დაასრულა - უეინი დერბი ქაუნთის მთავარი მწვრთნელია

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • ინგლისის ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა კარიერა 35 წლის ასაკში დაასრულა
  • უეინ რუნი ჩემპიონშიფის დერბი ქაუნთის 2,5 წლის განმავლობაში გაწვრთნის 

დერბი ქაუნთის თავდამსხმელმა უეინ რუნიმ, რომელიც ბოლო ორი თვის განმავლობაში გუნდის თავკაცის თანამდებობას ითავსებდა, ფეხბურთელის კარიერა დაასრულა და "მთავარი მწვრთნელის მოვალეობის შემსრულებლის" სტატუსისგანაც გათავისუფლდა.

35 წლის ინგლისელმა კლუბთან ხელშეკრულება, ახლა უკვე როგორც მთავარმა მწვრთნელმა, 2,5 წლით გააფორმა და მას 2023 წლის ზაფხულამდე უხელმძღვანელებს. ამის შესახებ ინფორმაციას დერბი ქაუნთის ოფიციალური საიტი ავრცელებს.

რუნიმ დერბი ქაუნთის მაისურით ბოლოს ნოემბერში, მიდლსბროსთან (0:3) ითამაშა

ინგლისის ნაკრების ყოფილი კაპიტანი დერბი ქაუნთიში 2020 წლის იანვარში მივიდა, მიმდინარე სეზონში კი გუნდის მაისურით ჩემპიონშიფში 10 მატჩში ითამაშა და 1 გოლი გაიტანა. რუნიმ დერბის მთავარი მწვრთნელის მოვალეობის შესრულება გასული წლის ნოემბრიდან, მას შემდეგ დაიწყო, რაც თანამდებობიდან ფილიპ კოკუ გაათავისუფლეს. უეინის ხელმძღვანელობით ჩატარებული 9 მატჩიდან დერბიმ 3 მოიგო, 4 კი ფრედ დაასრულა.

120 მატჩში გატანილი 53 გოლით რუნი ინგლისის ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირია

"როდესაც ინგლისში დავბრუნდი, დერბის პოტენციალით აღვფრთოვანდი - სტადიონით, ბაზით, ფეხბურთელების, მათ შორის ახალგაზრდების დონით და რა თქმა უნდა, გულშემატკივრებით, რომლებიც გუნდის ერთგულები არიან. სხვა კლუბების წინადადებების მიუხედავად, ვგრძნობდი, რომ ჩემი ადგილი აქ იყო. გპირდებით, შტაბთან ერთად ყველაფერს გავაკეთებთ, რათა კლუბის იმ პოტენციალის გამოყენება მოვახერხოთ, რომელსაც ბოლო წლის განმავლობაში ვხედავდი", - აქვეყნებს რუნის სიტყვებს კლუბის პრესსამსახური.

დერბი ქაუნთიმ გასულ 22 ტურში სულ 19 ქულა მოიპოვა და ინგლისის რანგით მეორე ლიგის სატურნირო ცხრილის გასავარდნ ზონაში - 22-ე ადგილზეა. რუნი მთავარი მწვრთნელის რანგში პირველ შეხვედრას როტერჰემთან ჩაატარებს, რომელიც 16 იანვარს არის დაგეგმილი.  

უეინის კარიერის საუკეთესო პერიოდი მანჩესტერ იუნაიტედს უკავშირდება

უეინ რუნის კარიერის განმავლობაში ასევე უთამაშია ევერტონში, მანჩესტერ იუნაიტედსა და ამერიკულ DC იუნაიტედში. თავდამსხმელს კარიერის საუკეთესო პერიოდი მანჩესტერში ჰქონდა, რომელთან ერთადაც 2004-17 წლებში პრემიერლიგა 5-ჯერ მოიგო, ასევე თითოჯერ გაიმარჯვა უეფას ჩემპიონთა ლიგასა (2008) და ევროპალიგაში (2017). უეინ რუნიმ ინგლისის ეროვნულ ნაკრებში გამოსვლა 2018 წელს დაასრულა.

კომენტარები

ბოლო ამბები