Thumbnail

'სწორი გზით მივდივართ, ჩემპიონები უნდა გავხდეთ' - ინტერვიუ გია გეგუჩაძესთან

ლუკა ჩეკურაშვილი პროფილის ფოტო
ლუკა ჩეკურაშვილი

დინამო ბათუმმა ახალი სეზონისთვის მზადება თბილისში დაიწყო. გუნდი 4 თებერვლას თურქეთში გაემგზავრება, სადაც 5 ამხანაგურ შეხვედრას გამართავს, საქართველოში კი 20 თებერვალს დაბრუნდება და მზადებას გააგრძელებს. ბათუმელებმა რამდენიმე ახალი მოთამაშე დაიმატეს. გიორგი ზარიას, რაფაელ ჩუკვურას, სანდრო ალთუნაშვილის, გრიგოლ ჩაბრაძისა და გიორგი ფანცულაიას ტრანსფერების შემდეგ, დინამომ ფრანგ ფორვარდ ვამარა სანოგოს 1-წლიანი კონტრაქტი გაუფორმა. კლუბში მიმდინარე პროცესებზე პოპსპორტთან ინტერვიუში გუნდის მთავარმა მწვრთნელმა გია გეგუძაჩემ ისაუბრა.

📺 ვიდეო: ინტერვიუ გია გეგუჩაძესთან

Popsport: ახალი სეზონისთვის მზადების პროცესით კმაყოფილი ხართ?

გია გეგუჩაძე: გუშინ შევიკრიბეთ და პირველი ვარჯიში ჩავატარეთ. მანამდე, სამედიცინო შემოწმება გვქონდა. ჯერ ვერ ვიტყვი იმას, რომ გუნდი სრული შემადგენლობით ვარჯიშობს. ველოდებით შევსებას. ჩამოსული ფეხბურთელებიც გაივლიან სამედიცინო შემოწმებას და გუნდს სავარჯიშო პროცესში შემდეგ შემოუერთდებიან.  

Popsport: როგორც ვიცით, დინამო ბათუმი 4 თებერვალს ანტალიაში მიემგზავრება. ხომ არ არის სპარინგ მეტოქეების ვინაობა ცნობილი და რამდენი შეხვედრის გამართვას გეგმავთ თურქეთში?

გეგუჩაძე: ბელეკში შეკრებაზე 4 თებერვლიდან 20 თებერვლის ჩათვლით ვიქნებით. 5 ამხანაგური შეხვედრა უნდა ჩავატაროთ. გუნდების ვინაობას ახლა ვარკვევთ და მათთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს. ამიტომ, ჩვენს გულშემატკივარს უახლოეს მომავალში ეცოდინება, თუ ვის ვეთამაშებით.

Popsport: დინამო ბათუმს რამდენიმე ახალი მოთამაშე დაემატა. ტრანსფერებს როგორ შეაფასებთ? 

გეგუჩაძე: ვფიქრობ, რამდენიმე საკმაოდ კარგი ტრანსფერი განხორციელდა. კიდევ სამ ფეხბურთელთან მიდის მოლაპარაკებები და სწორედ ამიტომ ვთქვი, რომ გუნდი ბოლომდე არაა დაკომპლექტებული. ჩემი აზრით, ის ფეხბურთელები, რომლებიც წელს დინამო ბათუმში ჩაირიცხებიან, თავს კარგად წარმოაჩენენ.

Popsport: რას იტყვით ახალ ლეგიონერებზე? რაფაელ ჩუკვურას და ოლეკსანდრ აზაცკის საქართველოში თამაშის გამოცდილება აქვთ. რამდენად გამოადგება გუნდს ეს ტრანსფერები?

გეგუჩაძე: რამდენად გამოგვადგება მათი ტრანსფერები, ამას დრო გვიჩვენებს. გასულ წელს ჩუკვურა თელავის შემადგენლობაში იყო და ყველამ კარგად დავინახეთ, რამხელა ნახტომი გააკეთა ამ ფეხბურთელმა. ამდენად, იგი ჩვენი ინტერესის სფეროს წარმოადგენდა. აზაცკის ქართულ კლუბში თამაშის გამოცდილება აქვს და აქ ჩვენს ჩემპიონატში მაშინაც დაამტკიცა, რომ საკმაოდ ძლიერი ფეხბურთელია.  

Popsport: გარდა ამისა, გუნდს კიდევ ერთი ფორვარდი ემატება - ფრანგი ვამარა სანოგო. მასზე რას იტყვით?

გეგუჩაძე: მისი თამაში ნანახი მაქვს და თან არაერთი, სხვადასხვა გუნდებში, ბოლო პერიოდში, როცა მან ტრავმა მოირჩინა და დაიწყო თამაში ლეგიაში. ძალიან კარგი, სწრაფი და ტექნიკური თავდამსხმელია. იგი საფეხბურთო კუთხით ძალიან კომუნიკაბელურია ფეხბურთელებთან, რაც ჩანს მინდორზე, ამიტომ ვფიქრობ, დიდ ძალას წარმოადგენს. 

📺 ვიდეო: ვამარა სანოგოს გოლები

Popsport: რაც შეეხება ქართველ ფეხბურთელებს. სანდრო ალთუნაშვილმა განაცხადა, რომ დინამო ბათუმში გადმოსვლის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი თქვენ იყავით. რას იტყვით ამის შესახებ?

გეგუჩაძე: მახარებს, თუ ეს ასეა. მე მქონდა თავის დროზე ალთუნაშვილთან შეხება, როდესაც ახალგაზრდულ ნაკრებთან ვმუშაობდი. მაშინ ხშირად ვიძახებდით იგივე ჩაბრაძეს - ამდენად, ამ ფეხბურთელებს კარგად ვიცნობ. ანალოგიურად ფანცულაია და ზარია - ამ უკანასკნელს თბილისის დინამოდან ვიცნობ, ფანცულაიას ქუთაისის ტორპედოდან. ვფიქრობ, ისინი კარგად ჯდებიან ჩვენს სათამაშო სტილში.  

Popsport: გარდა ახალი მოთამაშეების მოსვლისა, კლუბში დარჩნენ ისეთი ლიდერები, როგორებიც ჯაბა ჯიღაური და ვლადიმერ მამუჩაშვილი არიან. მათ დინამოსთან კონტრაქტები გაახანგრძლივეს...

გეგუჩაძე: ეს ძალიან კარგია. ჩვენ გვაქვს საფუძველი, ვიამაყოთ იმით, რომ განვლილი წლებიც უქმად არ გაგვიტარებია. ფეხბურთელებს სურვილიც არ გააჩნდათ, რომ სადმე წასულიყვნენ.

Popsport: დინამო ბათუმი რამდენიმე მოთამაშემ დატოვა - მათ შორის გოდფრი ობოაბონამ, რომელიც ბოლო პერიოდში დინამოს ძირითადის წევრად ჩამოყალიბდა და მათე ცინცაძემ. როგორ შეაფასებთ მათ წასვლას?

გეგუჩაძე: ეს არის პროცესი, რომელიც შესაძლოა, ცოტა მტკივნეულიც იყოს ყოველი ჩვენგანისთვის, მაგრამ ეს გარდაუვალია. როდესაც სეზონი მთავრდება, ყველა ფეხბურთელს თავისი შეხედულებები აქვს. ობოაბონასთან თანამშრომლობის გაგრძელების სურვილი გვქონდა, მაგრამ ამ შემთხვევაში ბოლომდე ვერ შევთანხმდით იმ პირობებზე, რომელსაც ის აყენებდა. თანაც ვიცი, რომ მას საკმაოდ კარგი წინადადება ჰქონდა საკმაოდ ძლიერი კლუბისგან. რაც შეეხება ქართველ ფეხბურთელებს: ყველა მათგანს მადლობას ვუხდი და წარმატებებ ვუსურვებ. მათ მხრებზე არაერთმა თამაშმა გადაიარა და კმაყოფილები ვიყავით მათი გამოსვლით.     

Popsport: დინამო ბათუმი ზაფხულში ახალ ტურნირზე, უეფას კონფერენსლიგაში იასპარეზებს. როგორ შეაფასებთ გუნდის შანსებს? რა იქნება მაქსიმუმი?

გეგუჩაძე: ასე ვთქვათ, ეს ახალი ხილია ჩვენთვის. ტურნირის ფორმატი კი ვიცით, თუმცა რაც უფრო მივუახლოვდებით სათამაშო პერიოდს და თუნდაც იმ გუნდების ვინაობა გვეცოდინება, ვის წინააღმდეგაც მოგვიწევს თამაში, დასკვნებს მხოლოდ ამის შემდეგ გავაკეთებთ.  

Popsport: ხანგრძლივი ლოდინის შემდეგ, დინამო ბათუმს ახალი სტადიონი აქვს, სადაც რამდენიმე შეხვედრა უკვე ჩაატარა. როგორია თქვენი მოლოდინი, როდესაც ბათუმის სტადიონზე ხალხს დასწრების შესაძლებლობა მიეცემათ და გაივსება?

გეგუჩაძე: სურვილი გვაქვს, რომ გავიდეთ მოედანზე და სავსე ტრიბუნების ფონზე წარვსდგეთ ჩვენი მაყურებლის წინაშე. ეს უდიდესი ძალაა. ფეხბურთელი რომ მინდორზე გამოდის და ამ მხარდაჭერას გრძნობს, იგი ასმაგად იხარჯება და უფრო მეტ პასუხისმგებლობას გრძნობს. ეს დღენავდელ ფეხბურთში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია. იმედი მაქვს, რომ ამ სეზონში მაყურებლის წინაშე სავსე ტრიბუნების წინ წარვსდგებით და ეს იქნება უდიდესი წარმატების საფუძველი.   

Popsport: ზედიზედ ორჯერ მოპოვებული ვიცე-ჩემპიონობის შემდეგ გულშემატკივარი ჩემპიონობას ელის. რა მოლოდინები გაქვთ ახალ სეზონთან დაკავშირებით? რა იქნება დინამო ბათუმის მაქსიმუმი როგორც შიდა ჩემპიონატში, ისე ევროსარბიელზე?  

გეგუჩაძე: ეს მოლოდინი უცვლელი რჩება. ვფიქრობ, წინ საკმაოდ სწორად და გეგმაზომიერად მივდივართ. მიმაჩნია, რომ საკმაოდ დიდი წარმატებაა ზედიზედ ორჯერ ვიცე-ჩემპიონობა. ჯერ პირველ წელს უმაღლესში გადმოსვლა და ამხელა ნახტომის გაკეთება შევძელით. ბუნებრივია, მოთხოვნაა და სურვილიც, რომ გავხდეთ ჩემპიონები. ჩვენ ამისთვის ვიბრძოლებთ. შევეცდებით, რომ ევროსარბიელზეც მაქსიმალური შედეგი გვქონდეს.

კომენტარები

ბოლო ამბები