Thumbnail

მაშ ასე: ჯეიმს ჰარდენი ბრუკლინშია! სულ რამდენიმე თვის წინ ეს ფრაზა უტოპიურად ჟღერდა, დღეს კი უკვე რეალობაა. კალათბურთის ისტორიაში ყველაზე ვარსკვლავური ‘დიდი სამეული’ ნიუ იორკში ითამაშებს. ეს ტრეიდი სისტემის საბოლოო რღვევას ნიშნავს, NBA-ში სუბორდინაცია დიამეტრულად იცვლება, ლიგა ჰარდენის წასვლის შემდეგ საბოლოოდ გადადის ახალ რეალობაში. რას ნიშნავს ჯეიმს ჰარდენის ტრეიდი და რას შეცვლის ის NBA-ში?

ვარსკვლავების ლიგა

სულ რამდენიმე წლის წინ, როცა კავაი ლეონარდმა სან ანტონიოს ისტერიკა მოუწყო და მშობლიურ ლოს ანჯელესში გაშვება მოსთხოვა, ‘სპურსმა’ და გრეგ პოპოვიჩმა კავაის ცინიკური გაკვეთილი ჩაუტარეს და ის მზიანი კალიფორნიის ნაცლად, ყინულიან ტორონტოში გაუშვეს (სხვა საქმეა, რომ კავაიმ იქ ჩემპიონობა მოიგო). გზავნილი ნათელი იყო - შენი კონტრაქტი ეკუთვნის ორგანიზაციას და ის გადაწყვეტს, როგორ მოგექცეს.

თავად ლეონარდის შემთხვევაც ბოლო პერიოდის ამბავია, იმ პერიოდის, როდესაც მოთამაშეებს უკვე შეუძლიათ თავის გუნდებს ‘ტრეიდი’ აიძულონ. თუმცა ლეონარდის შემთხვევის შემდეგ სულ რამდენიმე წელიწადში, ჯეიმს ჰარდენმა აჩვენა, რომ სიტუაცია ძალიან სწრაფად იცვლება და იცვლება ვარსკვლავების სასარგებლოდ. რომ სუპერვარსკვლავები რასაც მოინდომებენ, აუცილებლად მიიღებენ. ჰარდენმა აჩვენა, რომ მას არამხოლოდ ის შეუძლია, რომ თავის გუნდს ტრეიდი აიძულოს (ეს ისედაც ვიცოდით, რომ შეეძლო), არამედ შეუძლია აიძულოს იმ გუნდში და იმ ორგანიზაციაში გაცვალონ, რომელშიც თვითონ უნდა წასვლა. არადა, თეორიულად ჰიუსტონს კარგი წინადადების მიღების შემთხვევაში ჰარდენის გაშვება სულაც რომელიმე მინესოტაში ან საკრამენტოშიც შეეძლო. თეორია თეორიად რჩება - პრაქტიკაში გამოდის, რომ ჰარდენის კალიბრის ხალხი ყოველთვის იმას იღებს, რაც უნდა - ორგანიზაციები მათთვის სათამაშოები არიან.

სულ ცოტა ხნის წინ ჰარდენი ჰიუსტონის ორგანიზაციის მთავარი აქტივი იყო

ეს ტრეიდი ტექნიკურადაც განუხორციელებელი ჩანდა, თუმცა ჰარდენმა მაინც მოახერხა, რომ ბრუკლინმა მასში მთელი მისი მომავალი (ანუ დრაფტ-პიკები) გაცვალა. ტრეიდში სხვა გუნდებიც ჩაერთნენ და ჰიუსტონში საბოლოოდ ინდიანას ვიქტორ ოლადიპო აღმოჩნდა. ანუ, მაშინაც კი, როცა ბრუკლინს გაცვლის იდეალური პაკეტი ჰიუსტონისთვის არ ჰქონდა, ‘როკეტსს’ მოუწია დათანხმებოდა იმას, რაც ჰარდენს აწყობდა და არა ორგანიზაციას.

ვიქტორ ოლადიპო ვახსენე და მისი სიტუაცია კიდევ სხვაა. ოლადიპოს კონტრაქტი შემდეგ ზაფხულს გასდიოდა და გასაგებია, რომ ინდიანას მისი შენარჩუნება არ შეეძლო. დაახლოებით ისე, როგორც ნიუ ორლეანსს ენტონი დევისის შემთხვევაში. ანუ, როცა მოთამაშეებს კონტრაქტში 1 წელი რჩებათ, მათი გავლენა და ორგანიზაციაზე ზეწოლის საშუალებები იზრდება, ეს დიდი ხანია ვიცით. მაგრამ ჰარდენს კიდევ გრძელი კონტრაქტი ჰქონდა დარჩენილი და ჰიუსტონს მისი შენარჩუნება და უკეთესი გაცვლის ვარიანტის ლოდინი კიდევ დიდხანს შეეძლო. თუმცა, ეს ყველაფერი თეორიაა, რომელიც როგორც ჯეიმს ჰარდენმა აჩვენა, NBA-სთვის უკვე გუშინდელი დღეა. პრაქტიკაში ყველაფერი ისე ხდება, როგორც სუპერვარსკვლავებს სურთ.

ნიშანდობლივია ისიც, რომ თავად NBA-ს არანაირი რეაქცია არ ჰქონია ამ ტრეიდზე. არადა, სულ ათიოდე წლის წინ კრის პოლის ლეიკერსში გადასვლა მხოლოდ იმიტომ ჩაიშალა, რომ NBA-მ ამ ტრეიდს ვეტო დაადო. თავად NBA-ს სისტემა ისეა აგებული, რომ გუნდების ზედმეტად გაძლიერება და კონკურენციის შემცირება არ დაუშვან. ჰარდენის ტრეიდმა თავად NBA-ს სისტემის სიცოცხლისუნარიანობაც კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა. როცა ამ კალიბრის სამ ვარსკვლავს გაერთიანება შეუძლია, იქ ‘სისტემაზე, რომელიც კონკურენტულ გარემოს უზრუნველყოფს,’ ლაპარაკი უადგილოა.

ისტორიული სამეული

NBA-ს ‘დიდი სამეულები’ აქამდეც ახსოვს. ეს ყველაფერი ბოსტონ სელტიკსის ლარი ბერდი - რობერტ პერიში - კევინ მაკჰეილის სამეულით დაიწყო. თუმცა, არცერთი აქამდე არსებული დიდი სამეული ვარსკვლავურობით ახლოსაც კი არ იყო იმასთან, რაც ბრუკლინმა შეკრიბა. 2000-იანების დასაწყისში შაკს და კობის კარლ მელოუნიც მიემატა, თუმცა ‘მეილმენი’ ამ დროს უკვე ვეტერანი იყო და არანაირ სამ ვარსკვლავზე საუბარი არ გამოდიოდა. გოლდენ სტეიტს, დურანტის წინა გუნდს, ჰყავდა - კარი- დურანტი-ტომპსონის სამეული და მეტიც, ამას იქით კიდევ დრეიმონდ გრინი. თუმცა, ტომპსონიც და გრინიც ის ხალხი არ არის, რომელსაც სუპერვარსკვლავობაზე აქვს პრეტენზია. გარდა ამისა, გოლდენ სტეიტმა თავისი გუნდი ძირითადად დრაფტის მეშვეობით ააწყო და ეს სულ სხვა ისტორიაა.

ბრუკლინის დიდ სამეულს ყველაზე მეტად მაიამის დიდი სამეული ჰგავს. ლებრონი, უეიდი და ბოში ასევე თავისუფალ აგენტებად გაერთიანდნენ. დავა შეიძლება, თუ რამდენად იყო კრის ბოში კაირი ირვინგის კალიბრის ვარსკვლავი, თუმცა მაიამის და ბრუკლინის შემთხვევები მეტ-ნაკლებად ჰგავს ერთმანეთს.

პირველი დიდი სამეული მაიამიში შეიკრიბა

ჰგავს, მაგრამ სხვაობა მაინც დიდია. ბრუკლინში დიდი სამეულის მიღმა, ასევე კონკურენტული გუნდი რჩება, მაიამის კი ბიუჯეტი აღარ ყოფნიდა და კონკურენტული გუნდის შექმნა ბევრად უფრო რთული ამოცანა იყო. ისიც მახოვს, დიდი სამეულის გვერდით გამთამაშებლად კარლოს აროიო რომ იდგა და ცენტრად - ვეტერანი ჟიდრუნას ლიგაუსკასი.

გარდა ამისა, მაიამიში სამეულმა საკმაოდ დიდ ფულზე თქვა უარი, რათა ერთად თამაში გამოსვლოდათ. ბრუკლინის შემთხვევაში გამოდის, რომ ნეტსის სამეული ხელფასს სუპერვარსკვლავის სტატუსით მიიღებს, ფულშიც არაფერი დააკლდება და თან ერთადაც ითამაშენ. მოკლედ, თუ მაიამიში გაერთიანებისთვის რაღაცეები დათმეს, ბრუკლინში მათ დათმობების გარეშე გაერთიანება შეძლეს. როგორც გითხარით, სხვა დრო და სხვა ეპოქაა.

რას ველოდოთ ბრუკლინისგან?

კალათბურთის დიდი ცოდნა არ სჭირდება, რომ გუნდი, რომელშიც ეს სამეული ერთად თამაშობს, ყველას და ყველაფრის ფავორიტია. ვარსკვლავური დუეტი ლოსანჯელესურ კლუბებსაც ჰყავთ, თუმცა სამი ამ კლასის ვარსკვლავი - არავის.

თითოეულ მათგანს სისტემატიურად შეუძლია, 35-40 ქულა ჩააგდოს. თითოეული მათგანი დამოუკიდებლად ქმნის თავის სროლებს. ანუ, არ არსებობს დაცვა, რომელსაც შეუძლია, ერთდროულად სამი ასეთი შემტევის გასაჩერებლად რესურსი ეყოს. 

ბრუკლინში რთული ხასიათის ხალხი გაერთიანდა 

თუმცა ბრუკლინის ეს გუნდი კითხვებსაც იმსახურებს: როგორ ითამაშებენ დაცვას, რადგან ირვინგი სუსტი მცველია, ჰარდენს დაცვაში თამაში შეუძლია, მაგრამ არ უყვარს, დურანტს კი ტრავმის შემდეგ დიდი დატვირთვები არ უნდა აწყობდეს. ანუ, ჩვეულებრივ სუპერვარსკვლავები ის ხალხია, რომლებიც დაცვაში ენერგიას ზოგავენ ხოლმე, მაგრამ როცა ერთდროულად სამი ასეთი მოთამაშე გყავს, გასაგებია, რომ მათ დაცვის თამაში აქტიურად მოუწევთ. ბრუკლინის ძალა უფრო შეტევა იქნება, ვიდრე დაცვა, განსხვავებით მისი კონკურენტებისგან, სადაც მაგალითად, ენტონი დევისი, კავაი ლეონარდი და ან პოლ ჯორჯი დაცვაშიც არანაკლებ მაგარია.

მეორე და ყველაზე მთავარი კითხვა ის არის, თუ როგორ გაინაწილებენ ისინი ბურთს. სამივე მათგანს, განსაკუთრებით კი კაირი ირვინგსა და ჯეიმს ჰარდენს ბურთის ხანგრძლივად ფლობა უყვართ. ორი ვარსკვლავის ტანდემში თამაში რეალისტური ამოცანაა, თუმცა ბურთის სამ კაცზე განაწილება თითქმის შეუძლებელი მისია. რომელიმეს, ან კაირის, ან ჰარდენს მოუწევს, დათანხმდეს იმაზე, რომ მატჩის მნიშვნელოვან ნაწილს უბურთოდ გაატარებს. ტექნიკურად ეს შეუძლებელი არ არის, მთავარია, მაგალითად, ჰარდენი რამდენად მოინდომებს უბურთოდ თამაშს, როცა ის წლების მანძილზე მიჩვეული იყო, რომ ბურთი სულ მას ჰქონდა. მაიამიში კრის ბოში და გოლდენ სტეიტში კლეი ტომპსონი ამ როლზე თანახმა იყვნენ.

გამოკითხვა

ვინ მოიგებს NBA-ს?

  • ლეიკერსი
  • ბრუკლინი
  • კლიპერსი
  • მილუოკი
  • ბოსტონი
  • მაიამი
  • ფილადელფია
  • სხვა გუნდი

გასათვალისწინებელია ისიც, რომ ბრუკლინში გამორჩეულად რთული და უცნაური ხასიათის სამეულია შეკრებილი, დამწყები მწვრთნელით და არცთუ ისე გამართული და გამოცდილი ორგანიზაციული სტრუქტურით. ამ ხალხის ერთ გუნდად გაერთიანება მთავარი გამოწვევა იქნება, თორემ პარკეტზე მათ რა შეუძლიათ, ეს ნათელია. ბრუკლინის სამეულს კიდევ ორწლიანი კონტრაქტი აქვს და თუ რამე არ მოეწონათ, სამივეს უკვე აქვს გუნდიდან იოლად წასვლის გამოცდილება. ბრუკლინს მათთან ბევრი მუშაობა მოუწევს, რომ ყველა კმაყოფილი იყოს.

ფაქტი ერთია: ბრუკლინი ამიერიდან მთავარი საკალათბურო ინტრიგა და სანახაობაა.

ჰარდენი, კაირი და დურანტი ერთად 🤯

თქვენ რა მოლოდინი გაქვთ? 😄 (via DepressedNets/Twitter)

Posted by popsport on Thursday, January 14, 2021

კომენტარები

ბოლო ამბები