Thumbnail
  • არჩილ არველაძის ინტერვიუ თურქულ მედიასთან
  • 47 წლის ქართველმა ტრაბზონსპორის შესახებ ვრცლად ისაუბრა

არჩილ არველაძემ თურქული გამოცემა Fanatik-ის "იუთუბ არხთან" საუბარში განაცხადა, რომ მისმა ტყუპისცალმა, შოთა არველაძემ ტრაბზონსპორისგან მთავარი მწვრთნელის პოსტზე წინადადება მიიღო, მაგრამ მათ ამ შემოთავაზებაზე უარი თქვეს.

არჩილს Fanatik-ის ჟურნალისტი იაკუპ ჩინარი ესაუბრა.

"ტრაბზონსპორისგან შემოთავაზება მივიღეთ, მაგრამ მაშინ ფახთაქორში ვმუშაობდით. მინიმუმ 10-12 მატჩი მაინც იყო სეზონის ბოლომდე დარჩენილი და შოთას არ სურდა გუნდის შუა სეზონში მიტოვება. ეს ამჯერად არ გამოვიდა, მაგრამ არ ვიცი, რა მოხდება 1-2 წლის შემდეგ", - თქვა არჩილმა.

საქართველოს ნაკრების ყოფილ ფეხბურთელს ტრაბზონში გატარებული პერიოდიდან ყველაზე სასიამოვნოდ სტამბოლის ფენერბაჰჩესთან მოგებული თასის ფინალი ახსენდება:

"სარიერის წინააღმდეგ სადებიუტო მატჩში გავიტანე, თუმცა არასდროს დამავიწყდება თასის ფინალი, რომელიც ჩემს პირველ სეზონში ფენერბაჰჩესთან ანგარიშით 4:3 მოვიგეთ", - თქვა არველაძემ.

არჩილმა ტრაბზონსპორის შესახებაც ისაუბრა:

"ვფიქრობ, გარკვეული დრო სჭირდება და უკეთესი გუნდი გახდება. ჩემი აზრით, არ არის სწორი ყოველწლიურად ახალი გუნდის შექმნა. ყოველ წელს ახალ მწვრთნელს იწვევენ, ახალ ტრანსფერებს აკეთებენ, იმატებენ 7-8 ფეხბურთელს და ეს პრობლემას იწვევს. ტრანსფერები გეგმით უნდა განხორციელდეს. მოდის ახალი მწვრთნელი და ახორციელებს 10 ტრანსფერს, შემდეგ ისევ ახალი მწვრთნელი და ისიც იმავეს აკეთებს. მსოფლიოს მნიშვნელოვანი გუნდები, მაგალითად, ლივერპული და ბაიერნი ასე არ მუშაობენ. მან აქვთ სატრანსფერო პოლიტიკა, ჰყავთ სპორტული დირექტორი და ის მუშაობს ტრანსფერებზე. ასეთი პრობლემა არა მხოლოდ ტრაბზონსპორს, არამედ ბევრ გუნდს აქვს", - აღნიშნა მან.

არჩილმა კომენტარი შენოლ გიუნეშზეც გააკეთა, რომელიც ამჟამად თურქეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელია:

"ჩემგან არ არის გიუნეშზე საუბარი საჭირო. მასზე მისი გაკეთებული საქმე საუბრობს. ტრაბზონსპორში, ბეშიქთაშსა და თურქეთის ნაკრებში ყოველთვის ძალიან კარგად მუშაობდა და იმედი მაქვს, ასე გაგრძელდება. ნაკრებში თაობათა ცვლის პროცესი რთულია და ცოტა მეტი დრო სჭირდება. 1-2 წლის შემდეგ ეს ახალგაზრდა ფეხბურთელები ნაკრების ლიდერები იქნებიან", - განაცხადა არველაძემ.

არჩილ არველაძე ტრაბზონსპორში 1993-97 წლებში თამაშობდა და თურქული გუნდის მაისურით 64 მატჩში 23 გოლის გატანა და 10 საგოლე პასის შესრულება მოახერხა. აჩიმ და შოთამ დეკემბერში ტაშკენტის ფახთაქორი დატოვეს და ამჟამად ახალი წინადადების მოლოდინში არიან.

კომენტარები

ბოლო ამბები