Thumbnail

'მისნაირი მოთამაშის მოძებნა რთულია' - NCAA-ს გრანდის მწვრთნელი მამუკელაშვილზე

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • 'არსენალში საინტერესო მოძრაობები გააჩნია, სამქულიანებს ესვრის და პასიც ეხერხება'
  • სანდრო მამუკელაშვილის სეტონ ჰოლს მომდევნო მატჩი ძლიერ ვილანოვასთან ელის

21 წლის სანდრო მამუკელაშვილის სეტონ ჰოლს NCAA-ში მომდევნო მატჩი 17 იანვარს ქსავიერის წინააღმდეგ უნდა ჩაეტარებინა, თუმცა, მეტოქის რიგებში გამოვლენილი კოვიდ-შემთხვევების გამო, ეს თამაში აღარ გაიმართება. შედეგად, პირატებს შემდეგი შეხვედრა უკვე 20 იანვარს ლიგის ერთ-ერთ ფავორიტ ვილანოვასთან უწევთ და საკმაოდ დიდი პაუზაც გამოუვათ, რადგანაც ბოლოს 10 იანვარს დეპოლთან ითამაშეს.

თავის მხრივ, 23 დეკემბრის (!) მერე არ უთამაშია ვილანოვა ვაილდქეთსს, რომლის მთავარმა მწვრთნელმა ჯეი რაითმა სეტონ ჰოლზე საუბრისას განსაკუთრებული ყურადღება სწორედ მამუკელაშვილზე გაამახვილა. ეს ნამდვილად სასიამოვნოა, რადგანაც ვილანოვას მიმდინარე სეზონში მხოლოდ 1 წაგება აქვს და ლიგაში მე-3 რეიტინგი გააჩნია ანუ მაღალი დონის კალათბურთელები თავადაც ნამდვილად არ აკლია.

“სანდრო ყურადღებას ნამდვილად იმსახურებს. იოლი არაა მოძებნო სტუდენტურ ლიგაში კალათბურთელი, რომელსაც ასეთი სიმაღლე აქვს, პერიმეტრზე კარგად თამაშობს და შეუძლია დრიბლინგით გაგცდეს. მას არსენალში ნამდვილად საინტერესო მოძრაობები გააჩნია, სამქულიანებს ესვრის და პასის გაცემაც ეხერხება. გასული წლების განმავლობაში დავრწმუნდი, რომ ასეთი ტიპის კალათბურთელების წინააღმდეგ თამაშისას ბევრი რამე უშუალოდ მატჩისას უნდა გათვალო, რადგანაც ვარჯიშებზე ყველაფერს ვერ გაითვალისწინებ”.

შეგახსენებთ, რომ მამუკელაშვილმა მიმდინარე სეზონში 14 მატჩი ჩაატარა, მისი საშუალო მაჩვენებლები კი ასე გამოიყურება: 34.4 წუთი, 18.1 ქულა, 6.9 მოხსნა, 3.2 პასი, 1.2 ჩაჭრა. სეტონ ჰოლს უკანასკნელი 10 მატჩიდან 8 აქვს მოგებული, კონკრეტულად კონფერენცია Big East-ში კი 6 გამარჯვება და 2 მარცხი აქვს და მე-4 ადგილზეა. პირატებისა და ვაილდქეთსის დაპირისპირება 20 იანვარს თბილისის დროით 06:00 საათზე დაიწყება.

კომენტარები

ბოლო ამბები