Thumbnail
  • პრესტიჟული ტურნირი საფრანგეთის ქალაქ ნიცაში 15-17 იანვარს იმართება
  • შარშან ბერძენ-რომაელთა ნაკრებმა გუნდური პირველი ადგილი დაიკავა

15-17 იანვარს, საფრანგეთის ქალაქ ნიცაში ანრი დელანის სახელობის 47-ე საერთაშორისო გრან-პრის გათამაშება გაიმართება. პრესტიჟულ ტურნირში 23 ქვეყნის 300-ზე მეტი ათლეტი მიიღებს მონაწილეობას, რომელთა შორის ქართველებიც მრავლად არიან.

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრები 16 იანვარს შემდეგი შემადგენლობით იასპარეზებს: ბექა ბუჯიაშვილი (57 კგ.), ბექა ლომთაძე (61 კგ.), ვლადიმერ ხინჩეგაშვილი (65 კგ.), ზურაბ იაკობიშვილი (70 კგ.), დავით ტლაშაძე (74 კგ.), ნიკა კენჭაძე (79 კგ.), დავით მარსაგიშვილი (86 კგ.), ირაკლი მწითური (92 კგ.), გივი მაჭარაშვილი (97 კგ.) და გენო პეტრიაშვილი (125 კგ.).

შეჯიბრების ბოლო დღე - 17 იანვარი ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეებს დაეთმობათ, საქართველოს სახელით კი ხალიჩაზე ნუგზარ წურწუმია (55 კგ.), ბექა მამუკაშვილი (77 კგ.), გურამ ხეცურიანი (87 კგ.), გიორგი მელია (97 კგ.) და სულხან ბუიძე (130 კგ.) გავლენ. წინასწარი შეხვედრები ორივე დღეს თბილისის დროით 13:30 საათზე დაიწყება.

ცხადია, რომ ჩამოთვლილ მოჭიდავეთაგან მსოფლიოს 3-გზის ჩემპიონი გენო პეტრიაშვილი, ასევე მსოფლიოს ჩემპიონები ბექა ლომთაძე და ნუგზარ წურწუმია, მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი ავთანდილ კენჭაძე და ოლიმპიური ჩემპიონი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი უნდა გამოვარჩიოთ. შესაბამისად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველოს ნაკრები საფრანგეთში ვარსკვლავური შემადგენლობით მიდის.

შარშან ნიცაში მხოლოდ საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრები იყო ჩასული და 169 ქულით პირველი ადგილის მფლობელიც გახდა. ოქროს მედლები ლევან ქავჟარაძემა (63 კგ.) და რამაზ ზოიძემ (67 კგ.) მოიპოვეს, ვერცხლს ამირან შავაძე (60 კგ.), ქერიმ მაჩალიკაშვილი (63 კგ.), გიორგი შოთაძე (67 კგ.) და აივენგო რიკაძე (82 კგ.) დაეუფლნენ, ბრინჯაოს კი – ზურაბ მაჭარაშვილი (55 კგ.), ირაკლი ძიმისტარიშვილი (60 კგ.), ნიკოლოზ ჭიკაიძე (72 კგ.), გელა ბოლქვაძე (77 კგ.), თორნიკე ძამაშვილი (87 კგ.) და გიორგი ბარბაქაძე (130 კგ.).

კომენტარები

ბოლო ამბები