Thumbnail
  • ქართველმა კალათბურთელმა 22 ქულა და 8 მოხსნა მოაგროვა
  • მიხეილ ბერიშვილის ალ შამალმა ლიდერთან 20 ქულით წააგო

ყატარის საკალათბურთო ჩემპიონატის მორიგ ტურში მიხეილ ბერიშვილის ალ შამალი ერთპიროვნულ ლიდერ ალ გარაფას გაეჯიბრა და წარმატების შანსი არ ჰქონია – 58:78. გადამწყვეტი პირველი და მეოთხე მეოთხედები გამოდგა, რომელიც მეტოქემ შესაბამისად, 25:13 და 25:15 მოიგო.

საქართველოს ნაკრების კალათბურთელმა მოედანზე 34:21 წუთი გაატარა და ისიც იმიტომ, რომ 5 პერსონალური ფოლი მიიღო, თორემ სავარაუდოა, რომ ტრადიციულად შეუცვლელად ითამაშებდა. სხვა საქმეა, რომ აღნიშნულ დროში ბერიშვილი ორივე გუნდის რიგებში ყველაზე შედეგიანი იყო.

მიხეილმა 8-დან 5 ორქულიანი და 10-დან 4 სამქულიანი ჩააგდო და 22 ქულას, 8 მოხსნა, 1 პასი, 2 ჩაჭრა და 1 დაფარება წაამატა. ქართველმა ლეგიონერმა ბურთი მხოლოდ 2-ჯერ დაკარგა, როგორც აღვნიშნეთ, 5-ჯერ დაჯარიმდა, მის წინააღმდეგ კი თამაშის წესები 2-ჯერ დაირღვა. ბერიშვილის სარგებლიანობის კოეფიციენტი 20-ს გაუტოლდა და ეს, მხოლოდ ალ გარაფას ამერიკელმა კალათბურთელმა ტაილერ ჯეიმს ლი ჰარისმა (32) გადაფარა, რომელმაც 19 ქულა, 13 მოხსნა და 5 პასი მოაგროვა.

ალ შამალს 8 მოგება და 4 მარცხი მოუგროვდა და ყატარის ჩემპიონატში, სადაც 9 გუნდი თამაშობს, მე-4 ადგილზე რჩება. 16 იანვარს უწევს თამაში დუდა სანაძის ალ ხორს, რომლის მეტოქეც ალ აჰლი იქნება. შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრების კალათბურთელი ტრავმირებულია და სავარაუდოდ, ამ შეხვედრის გამოტოვებაც მოუწევს. ალ ხორს მხოლოდ 1 მატჩი აქვს მოგებული და ბოლოსწინა მე-8 პოზიციაზეა.

კომენტარები

ბოლო ამბები