Thumbnail

წლის დასაწყისში უეფამ ევროპის TOP 50 ტალანტი დაასახელა, რომელთა შორისაც მოხვდა თბილისის ლოკომოტივის 20 წლის მეკარე გიორგი მამარდაშვილი. სწორედ ამ თემას მიუძღვნა სტატია რუსეთის უძველესმა სპორტულმა გაზეთმა Советский спорт-მა.

გამოცემამ 50-დან 6 მოთამაშე გამოყო, რომლებიც პოსტსაბჭოთა სივრცეს წარმოადგენენ. მათ შორის 3 რუსია, 2 უკრაინელი და 1 ქართველი. აი, რას წერენ რუსები ლოკომოტივის გოლკიპერზე: 

"რუს ფანებს ის, შესაძლოა, მოსკოვის დინამოს თამაშიდან ახსოვდეთ, როცა რუსული კლუბი სამარცხვინოდ დაემშვიდობა ევროთასებს. დინამოელები ბევრს ეცადნენ, რომ ახალგაზრდა მეკარისთვის გოლი გაეტანათ, მაგრამ ეს მხოლოდ 11-მეტრიანით (ისიც, 90-ე წუთზე) შეძლეს.
მაშინ ორდეცმა განაცხადა, რომ "ასეთი თამაშის შემდეგ, ის ნებისმიერ ევროპულ კლუბში გაიყიდება".

ეს არ იყო საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების კარის დარაჯის ბოლო გაელვება ევროთასებზე, გრანადასთან მან 7 "სეივი" მიითვალა, მაგრამ ეს უკვე აღარ იყო საკმარისი, რომ კარი მშრალად შეენახა. 
რუსულმა კლუბებმა უნდა მიაქციონ ყურადღება ახალგაზრდა ტალანტს. მით უფრო, რომ მისი ფასი (ტრანსფერმარკტის მიხედვით) ჯერ მხოლოდ 500 ათასი ევროა".

'ზურიკომ არ გაამართლა'

Советский спорт იხსენებს უეფას შარშანდელ რჩეულებს და აღნიშნავს, რომ ტალანტებში დასახელება არ ნიშნავს, რომ ისინი აუცილებლად გაამართლებენ - მაშინ რუსეთში მოთამაშე 4 ფეხბურთელი დაასახელეს ტოპტალანტებში. მათ შორის იყო ყაზანის რუბინში მოთამაშე ზურიკო დავითაშვილი. "სამწუხაროდ, ვერც ერთმა ვერ გაამართლა - ზურიკო დავითაშვილი რუბინმა სულაც როტორში იჯარით გაუშვა". 

შეგახსენებთ, რომ გიორგი მამარდაშვილი დინამო თბილისის ფეხბურთელია, ლოკომოტივში ის იჯარით თამაშობს. მისი ფასი "ტრანსფერმარკტზე" დეკემბერში გაიზარდა და 500 000 ევრო გახდა (ქართველ მეკარეებში უფრო ძვირი მხოლოდ გიორგი მაკარიძე ღირს - €1.2 მილიონი). ეროვნული ლიგის 2020 წლის გათამაშებაში, მან 11 მატჩიდან 4-ში კარი მშრალად შეინახა. მამარდაშვილს 21-წლამდელთა ნაკრებში 3 მატჩი აქვს ნათამაშები, მან მხოლოდ 1 გოლი გაუშვა, თუმცა ლიხტენშტაინთან შეხვედრაში გააძევეს. 

კომენტარები

ბოლო ამბები