- ბრაზილიის ქალთა საფეხბურთო ნაკრები ოლიმპიური ტურნირისთვის ემზადება
- მარტა და მისი თანაგუნდელები გრემიოს 16-წლამდე ბიჭებთან დამარცხდნენ
პორტუ ალეგრეს გრემიოს ვაჟთა 16 წლამდელთა გუნდმა ბრაზილიის ქალთა ეროვნული ნაკრები ამხანაგურ შეხვედრაში დიდი ანგარიშით დაამარცხა. გრემიოს U16 გუნდის წევრებმა 6:0 მოუგეს გუნდს, რომელშიც მსოფლიოს 6 გზის საუკეთესო ქალი ფეხბურთელი მარტაც თამაშობდა. აღსანიშნავია, რომ გუნდებმა მხოლოდ 30-წუთიანი ტაიმები ითამაშეს.

მიუხედავად მარცხისა, ნაკრების მწვრთნელი პია სუნდჰაგე კმაყოფილი დარჩა: “ეს ტესტ-მატჩი ჩვენთვის რამდენიმე მიზეზის გამო იყო მნიშვნელოვანი. პირველ რიგში კი იმიტომ, რომ კაცთა ფეხბურთში სხვა სისწრაფეებია. ბიჭები ძალიან სწრაფად თამაშობენ.” - განაცხადა მან და დასძინა: “გოგონების ფორმის შესაფასებლად ეს კარგი თამაში იყო. მშვენიერი იდეაა იმისათვის, რომ გუნდი გაძლიერდეს და 2021 წლის დიდი გამოწვევებისთვის მოემზადოს.”

ბრაზილიის ქალთა ნაკრებს 18 იანვარს მორიგი ტესტ-მატჩი აქვს დაგეგმილი - ამჯერად გრემიოს ქალთა გუნდთან. აღსანიშნავია, რომ ქალთა ნაკრები კაცების ახალგაზრდულ გუნდს 2017 წელსაც შეხვდა. მაშინ აშშ-ის ნაკრები დალასის ვაჟთა ახალგაზრდულ გუნდთან 2:5 დამარცხდა.
კომენტარები