Thumbnail

'სულ გაგიჟდნენ?' - რუსები ჰიმნის ნაცვლად 'კატიუშას' იმღერებენ

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • 'ოლიმპიურმა კომიტეტმა ჩაისვარა და ყველანი გასაყრელები არიან'
  • რუსებმა ის მელოდია შეარჩიეს, რომელსაც უჰიმნობის პერიოდში გამოიყენებენ

მსოფლიოს ჩემპიონატებსა და ოლიმპიადებზე რუსეთის ჰიმნი, შესაძლოა, რუსეთში პოპულარული მელოდიათი “კატიუშა” ჩანაცვლდეს. ამ იდეის თაობაზე რუსეთის ოლიმპიურ კომიტეტში მას შემდეგ შეჯერდნენ, რაც სპორტულმა საარბიტრაჟო სასამართლომ (CAS) მსოფლიოს ანტიდოპინგური სააგენტოს (WADA) გადაწყვეტილება ძალაში დატოვა და რუსი სპორტსმენები აღნიშნულ დიდ ფორუმებზე ჰიმნისა და დროშის გარეშე დატოვა.

რუსეთის ოლიმპიურ კომიტეტში საგანგებო სხდომა დღეს გაიმართა და მთავარი საკითხი უჰიმნობის ჟამს სწორი მელოდიის შერჩევა იყო. ბევრისთვის მოულოდნელად ხმების უმრავლესობა “კატიუშამ” მიიღო, რაც იმით აიხსნა, რომ “ის ყველამ იცის და თანაც ბავშვებს ძალიან უყვართ”.

კომიტეტის სხდომაზე გადაწყვეტილება კი მიიღეს, თუმცა, ამ ინიციატივას პროტესტი მოჰყვა რუსულ საზოგადოებაში და როგორც მოსალოდნელი გახლდათ, ყველაფერი პოლიტიკურ ჭრილში იქნა გადატანილი. ყველაზე მკვახე განცხადება რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატმა იგორ ლებედევმა გააკეთა:

“ეს რაღაც სისულელეა. ეს სიმღერა დიდი სამამულო ომის კუთვნილებაა და მის ფონზე ხალხი ფაშიზმის წინააღმდეგ იბრძოდა, ძალიან ბევრი დაიღუპა კიდეც. ახლა კი, ოლიმპიური კომიტეტი იმის მაგივრად, რომ ჩვენი სპორტსმენები დაიცვას, მას ჰიმნად გვთავაზობს. მათ სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით ჩაისვარეს და ყველანი გასაყრელები არიან. სულ გაგიჟდნენ?”.

შეგახსენებთ, რომ თავდაპირველად, WADA-მ რუსეთს 4-წლიანი სასჯელი გამოუტანა, თუმცა, CAS-მა ვადა 2 წლამდე ანუ 2022 წლის 16 დეკემბრამდე შეამცირა. დისკვალიფიკაცია ძალაში გადაწყვეტილების გამოტანის დღიდან შედის. მის თანახმად, რუსი სპორტსმენები უახლოესი 2 წლის განმავლობაში მსხვილ სპორტულ შეჯიბრებებზე მხოლოდ ნეიტრალური დროშის ქვეშ და ჰიმნის გარეშე გავლენ, ამავდროულად კი, რუსეთს მთელი რიგი მნიშვნელოვანი ტურნირების მასპინძლობა არ შეეძლება. შეზღუდვა ეხება მსოფლიოს პირველობებსა და ოლიმპიადას, ევრო 2021-ის თამაშები კი რუსეთში ჩვეულებრივად ჩატარდება. ასევე შესაძლებელია ქვეყანამ ჩემპიონთა ლიგის ფინალსაც უმასპინძლოს.

კომენტარები

ბოლო ამბები