Thumbnail

"კვერცხები უნდა გქონდეს, თავი რომ დაიცვა" | დიეგო სიმეონეს სასჯელი ემუქრება

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • ატლეტიკოს თავკაცმა არსენალთან მატჩის შემდეგ საინტერესო კომენტარი გააკეთა
  • არგენტინელს მსაჯის შეურაცხყოფისთვის შესაძლოა უეფამ სასჯელი დაუმძიმოს

მადრიდის ატლეტიკოს მთავარმა მწვრთნელმა დიეგო სიმეონემ, სტუმრად არსენალთან გამართული ევროპალიგის პირველ ½-ფინალურ მატჩზე (1:1) ილაპარაკა და თავისი გუნდის ამტანობას გაუსვა ხაზი. 

მადრიდულმა გუნდმა შეხვედრის უმეტესი ნაწილი ათი კაცის შემადგენლობით, თანაც, მთავარი მწვრთნელის გარეშე ჩაატარა. მსაჯმა ატლეტიკოს ჯერ მე-10 წუთზე მცველი შიმი ვრსალკო გაუძევა, სამი წუთის შემდეგ კი გაცხარებული სიმეონე მიაბრძანა ტრიბუნაზე .

"წამითაც არ მიფიქრია, რომ ატლეტიკოს შეიძლებოდა წაეგო. ეს არის გუნდი, რომელსაც აქვს მოთმინების უდიდესი უნარი. ადამიანებს წარმოდგენა არ აქვთ, რაოდენ რთულია დაცვაში თამაში. დიახ, ფეხბურთელი თამაშია, თამაში კი გართობაა, მაგრამ კვერცხები უნდა გქონდეს, ათი კაცით თავი 80 წუთის განმავლობაში რომ დაიცვა. ეს ჩვენი სულის სიმტკიცის მაჩვენებელია", - აქვეყნებს დიეგოს სიტყვებს Goal.com. 

ამავდროულად, Marca წერს, რომ დიეგო სიმეონეს უეფასგან სასჯელის დამძიმება ემუქრება. 47 წლის არგენტინელი სპეციალისტი ავტომატურად გამოტევებს ევროპალიგის ½-ფინალის საპასუხო შეხვედრას მადრიდში, მაგრამ თუკი არსენალი-ატლეტიკოს მატჩის მთავარი არბიტრი კლემან ტიურპენი პროტოკოლში სიმეონესგან შეურაცხყოფის ფაქტსაც მიუთითებს, მწვრთნელს სამმატჩიანი დისკვალიფიკაცია დაემუქრება.

"მეტროპოლიტანოზე" ევროპალიგის საპასუხო მატჩი ატლეტიკოსა და არსენალს შორის 3 მაისს ჩატარდება.

47 წლის სიმეონე ატლეტიკოს 2011 წლიდან წვრთნის. მის ხელში გუნდმა ესპანეთის ჩემპიონობა (2013/14), ესპანეთის თასი (2012.13) და ესპანეთის სუპერთასი (2014), ასევე ევროპალიგა (2011/12)  და უეფას სუპერთასი (2012) მოიგო.

კომენტარები

ბოლო ამბები