Thumbnail

საქართველოსა და რუსეთის სარაგბო ნაკრებთა მრავალგზის გადადებული მატჩი, რომელიც შარშან თბილისში რაგბი ევროპის ჩემპიონატის ეგიდით უნდა ჩატარებულიყო, კვირას, 7 თებერვალს გაიმართება. ამ ინფორმაციას რუსეთის რაგბის კავშირის ოფიციალური ვებ-გვერდი ავრცელებს.

შეგახსენებთ, რომ აღნიშნული თამაშის ჩატარების თარიღად 6 ან 7 თებერვალი მოიაზრებოდა, ახლა კი, რუსულმა მხარემ მეტი სიზუსტე შემოიტანა. თუმცა, ჯერაც უცნობია მატჩის ჩატარების ადგილი (თავის დროზე ვაკეში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე იყო დაგეგმილი) და დაწყების დრო.

საინტერესოა ისიც, რომ მოახლოებულ შეხვედრაში რუსეთის ნაკრების სამწვრთნელო შტაბში დებიუტი ექნებათ ინგლისელ ბორის სტანკოვიჩსა და შოტლანდიელ კარლ ჰოგს. ისინი “დათვების” უელსელმა თავკაცმა ლინ ჯონსმა შეარჩია. სტანკოვიჩი ახალ ზელანდიაშია დაბადებული, თუმცა, ინგლისის U19 და U21 ნაკრებებში უთამაშია, სამწვრთნელო საქმიანობით კი ლესტერ თაიგერსში იყო დაკავებული. ჰოგს შოტლანდიის ეროვნულ ნაკრებში 5-ჯერ უთამაშია, 2016 წლიდან კი ჯერ ვუსტერს, შემდეგ კი ოსპრეისს ავარჯიშებდა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და რუსეთის ნაკრებების მატჩი ჯერ კიდევ გასული წლის მარტში უნდა გამართულიყო და მეტოქე უკვე თბილისშიც კი იმყოფებოდა, როცა კორონავირუსის პანდემიის გამო, რაგბი ევროპის ორგანიზაციამ ტური გადადო. ბოლოს ეს შეხვედრა პირველ ნოემბერს უნდა ჩატარებულიყო, მაგრამ კიდევ ერთხელ გადაიდო. 2020 წლის ტურნირში “ბორჯღალოსნებს” ოთხივე მატჩი მოგებული აქვთ და უახლოეს მდევრებს – პორტუგალიასა და ესპანეთს 10-10 ქულით უსწრებენ, ამდენად, პირველობას ვეღარავინ შეეცილებათ. რუსეთის ნაკრები 4 მატჩში 2-2 მოგება-წაგებით ჯგუფში მეოთხე ადგილზეა.

საქართველოს მორაგბეთა ნაკრებს რაგბი ევროპის ჩემპიონატი 12-ჯერ აქვს მოგებული, ამასთან, შარშან ტურნირის გამარჯვებული ზედიზედ მესამედ გახდა. აღნიშნულ შეჯიბრზე საქართველოს ნაკრებმა ზუსტად 100 მატჩი გამართა, რომელთაგან 83 მოიგო, 4 ფრედ დაასრულა და მხოლოდ 13 წააგო. კონკრეტულად რუს “დათვებთან” “ბორჯღალოსნებს” ისტორიაში 23 მატჩი აქვთ ჩატარებული, საიდანაც 21-ში გაიმარჯვეს. რუსებმა ერთადერთი მოგება სულ პირველ შეხვედრაში, 1993 წელს იზეიმეს, კიდევ ერთი თამაში კი, 2002 წელს ფრედ დასრულდა.

კომენტარები

ბოლო ამბები