Thumbnail

წლის პირველი დიდი სლემი ენდის მარის გარეშე? შოტლანდიელი ინფიცირებულია

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • ენდი მარის კორონავირუსი დაუდასტურდა
  • შოტლანდიელს გამონაკლისის იმედი აქვს

უიმბლდონის ღია პირველობის ორგზის გამარჯვებულმა ენდი მარიმ, შესაძლოა, ავსტრალიის ღია პირველობაზე ვერ ითამაშოს. ბრიტანული მედიის ინფორმაციით, 33 წლის შოტლანდიელს კორონავირუსი დაუდასტურდა და კარანტინშია.

მარი მელბურნში ამ შაბათ-კვირას უნდა ჩასულიყო, ახლა კი იმედი აქვს, რომ ამას მოგვიანებით მოახერხებს. წლის პირველი დიდი სლემის ტურნირის ორგანიზატორებმა ჩოგბურთელებს ავსტრალიაში ჩასასვლელად 17 იანვრამდე 3-დღიანი პერიოდი და ჩარტერული რეისები გამოუყვეს. მელბურნში ჩასვლის შემდეგ, თითოეულ მათგანს 14-დღიანი კარანტინი ელის. შეგახსენებთ, რომ ავსტრალიის ღია პირველობა წელს დაგვიანებით, 8 თებერვალს იწყება.

ორგზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა მარიმ, რომელიც ავსტრალიის ღია პირველობის ფინალში 5-ჯერ იყო, მაგრამ ვერცერთხელ მოიგო, მსოფლიოს 123-ე ჩოგნის რანგში უაილდ ქარდი მიიღო. შოტლანდიელმა კორონავირუსით ინფიცირების შიშით ფლორიდის ტურნირზე უარი თქვა. მარი აცხადებდა, რომ ავსტრალიის ღია პირველობის გამო მცირე რისკზე წასვლაც კი არ სურდა.

ენდი მარისთან ერთად, მელბურნში გვიან ჩასვლის ნებართვას დომინიკ ტიმის მწვრთნელი ნიკოლას მასუც დაელოდება. ავსტრიელის დამრიგებელს კოვიდ-19 ასევე ავსტრალიაში გამგზავრებამდე ცოტა ხნით ადრე დაუდასტურდა.

კომენტარები

ბოლო ამბები