Thumbnail

PREVIEW | ბრძოლის და გოლების მოლოდინში - რა უნდა ვიცოდეთ რომაული დერბის წინ

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • 📅 15 იანვარი | ⌚ 23:45 | ⚽ ლაციო V რომა
  • რომაული დერბი ყოველთვის განსაკუთრებულია
  • რომა წელს უკეთ თამაშობს, მაგრამ ლაციო არაფრის დათმობას აპირებს
  • ყველაფერი, რაც ამ მატჩის წინ უნდა ვიცოდეთ
  • საინტერესო სტატისტიკური ფაქტები ბევრ მინიშნებას მოგცემთ

იტალიის სერია A-ში მე-17 ტურში სუპერმატჩები გველოდება. პარასკევს 'დერბი დელა კაპიტალე', ანუ დედაქალაქური დერბი შედგება ლაციოსა და რომას შორის, მაგრამ ცენტრალური მატჩი მაინც "დიდი იტალიური დერბია" ინტერსა და იუვეს შორის, რომელიც კვირას გაიმართება. მიუხედავად ამისა, რომაული დერბი, ცხადია, ჩრდილში არ ექცევა, რადგან ეს უბრალოდ შეუძლებელია.

მე-17 ტური სწორედ ამ საოცარი დაპირისპირებით გაიხსენება და ისტორიაში პირველად ეს გუნდები ერთმანეთს პარასკევს შეხვდებიან. ეს ერთადერთი კვირის დღეა, როდესაც რომაული დერბი არასდროს გამართულა. ორივე გუნდი ბოლო პერიოდში კარგ ფორმაშია, მაგრამ ზოგადად სეზონი რომას უკეთესი აქვს და ფავორიტად მიიჩნევა. ბოლო ხუთ თამაშში გუნდებს აბსოლუტურად იდენტური მაჩვენებელი აქვთ - 3 მოგება, 1 ფრე, 1 წაგება.

ლაციომ ბოლო ორი თამაში მოიგო და სატურნირო მდგომარეობა ოდნავ გამოიკეთა. სიმონე ინძაგის გუნდზე ჩემპიონთა ლიგაზე ასპარეზობამ აშკარად იმოქმედა, რადგან ლაციოს დიდი შემადგენლობა არ ჰყავს, ორ ფრონტზე ბრძოლა კი სერია A-ში ქულების დაკარგვის ფასად დაუჯდა. თუმცა, ჯერ მხოლოდ სეზონის ნახევარია და "არწივებს" ყველაფერი აქვთ იმისთვის, რომ ოთხეულში მოსახვედრად ისევ იბრძოლონ. რომას ცოტა უფრო მაღალი ამბიციები აქვს. ყოველ შემთხვევაში, დღევანდელი მოცემულობით, "ჯალოროსი" სკუდეტოზე ნამდვილად აცხადებს პრეტენზიას და მილანს მხოლოდ 6 ქულით ჩამორჩება.

ფრანჩესკო ტოტის ეპიკური გოლის აღნიშვნა რომაულ დერბიში [2015]

რომამ წინა ტურში მილანის ინტერთან ქულა მოიპოვა. პაულუ ფონსეკას გუნდი წაგებას მატჩის ბოლოს ჯანლუკა მანჩინიმ გადაარჩინა, ხოლო ლაციომ 1 კვირის წინ პარმაში დამაჯერებლად 2:0 იმარჯვა. ორივე გუნდში არის საკადრო დანაკლისი. ლაციოს ლულიჩის, სტრაკოშასა და კორეას გარეშე მოუწევს თამაში, ხოლო რომას ძანიოლო, ფასიო და მირანტე დააკლდება.

წინ მაგარი 90 წუთი გველოდება - რომა-ლაციო ალბათ მსოფლიოს მასშტაბით ერთ-ერთი გამორჩეული დერბია. "სტადიო ოლიმპიკო" ცარიელი იქნება და ტრიბუნებზე არ იფრიალებს ყვითელ-წითელი და თეთრ-ღია ცისფერი დროშები, ვერ ვნახავთ გოლის გატანის შემდეგ ტიფოზებთან შეშლილი გამომეტყველებით მივარდნილ, სრულ ექსტაზში მყოფ ფეხბურთელს, აღარც ფრანჩესკო ტოტი გადაუგდებს 30 მეტრიდან ანჯელო პერუცის ბურთს თავზე, არც ვინჩენცო მონტელა დაჩაგრავს ალესანდრო ნესტას და კარიერაში ყველაზე კოშმარულ თამაშს ჩაატარებინებს, აღარც პაოლო დი კანიო აღნიშნავს ნაცისტური ჟესტით გოლს, მაგრამ მიუხედავად ყველა მიზეზისა, რომაული დერბი არასდროს კარგავს ხიბლსა და ინტერესს. ეს "დერბი დელა კაპიტალეა", ყველაზე ცეცხლოვანი თამაში იტალიაში!

ფრანჩესკო ტოტი, ალესანდრო ნესტა, გაბრიელ ბატისტუტა და პაოლო ნეგრო [2001]

საინტერესო ფაქტები

⚽ ეს იქნება პირველი რომაული დერბი, რომელიც პარასკევ დღეს გაიმართება ყველა ტურნირის ჩათვლით. ეს არის ერთადერთი დღე, როდესაც რომა და ლაციო აქამდე არასდროს შეხვედრიან.

⚽ 2016 წლის დეკემბრის შემდეგ რომას ლაციოსთან საგარეო მატჩი არ მოუგია. 2 ფრე და ლაციოს 1 მოგება მას შემდეგ.

⚽ რომას სერია A-ში პირველ წრეში ლაციოსთან ბოლო 7 დერბი არ წაუგია (5 მოგება, 2 ფრე). ბოლოს "არწივებმა" პირველ წრეში ვლადიმერ პეტკოვიჩის მწვრთნელობისას მოიგეს, 2012 წლის ნოემბერში (3:2).

⚽ ლაციოს ბოლო ორი თამაში მოგებული აქვს და მიმდინარე სეზონში სერია A-ში ზედიზედ 3 თამაში არ მოუგია. გარდა ამისა, "ბიანკოჩელესტემ" ბოლო ორი საშინაო თამაში მოიგო და შინ ზედიზედ 3 გამარჯვება ბოლოს ივნისში მოიპოვა.

⚽ რომას გასულ სეზონთან შედარებით 17 ტურის შემდეგ 1 ქულით ნაკლები აქვს მოპოვებული (34 V 35), მაგრამ 4 გოლით მეტი გაიტანა. მხოლოდ 1960/61, 2006/07 და 2012/13 წლებში გაიტანა "ჯალოროსიმ" 17 ტურში 37 გოლზე მეტი.

⚽ რომას და ლაციოს მიმდინარე სეზონში თამაშის საწყის 15 წუთში ყველაზე მეტი გოლი აქვს გატანილი. რომას 8 და ლაციოს 6. "ბიანკოჩელესტე" საუკეთესოა მეორე ტაიმის საწყის 15 წუთში გატანილი გოლების რაოდენობით - 9.

⚽ კაისედომ სერია A-ში ჩატარებულ ბოლო ორ მატჩში გაიტანა და ზედიზედ სამ თამაშში მას 2019 წლის დეკემბრის შემდეგ არ გაუტანია. ლაციოს თავდამსხმელს დერბიში ერთხელ აქვს ძირითადში ნათამაშები და გოლი გაიტანა (2019 წლის მარტში).

⚽ ამ მატჩში შედგება სერია A-ს საუკეთესო ოთხ ასისტმენში მყოფი ნახევარმცველების დეული. ჰენრიხ მხითარიანი 8 საგოლე პასით ლიდერია, სერგეი მილინკოვიჩ-სავიჩი კი 5 პასით მეოთხე ადგილზეა. მათ შორის 6-6 საგოლე პასით მარსელო ბროზოვიჩი (ინტერი) და ჰაქან ჩალჰანოღლუ (მილანი) არიან.

⚽ ედინ ჯეკომ 2020 წლის იანვარში გამართულ ბოლო დერბიში გოლი გაიტანა, მაგრამ 2016 წლის აპრილის შემდეგ მას ლაციოსთან ზედიზედ ორ მატჩში არ გაუტანია. ბოსნიელი შეიძლება გახდეს რომას მე-6 მოთამაშე, რომელიც ოთხ სხვადასხვა მატჩში გაუტანს ლაციოს ფრანჩესკო ტოტის, მარკო დელვეკიოს, როდოლფო ვოლკის, დინო და კოსტას და ამადეო ამადეის შემდეგ.

⚽ გასულ სეზონში ამ გუნდების ორივე მატჩი 1:1 დასრულდა. ბოლო ხუთ მატჩში გუნდებმა თითოჯერ მოიგეს და 3-ჯერ ფრე დაფიქსირდა.

⚽ ამ ხუთ შეხვედრაში 2-ჯერ 2.5-ზე მეტი გოლი გავიდა და 3-ჯერ ორივე გუნდმა გაიტანა.

⚽ მიმდინარე სეზონში რომას ბოლო 5 მატჩში 4-ჯერ 2.5-ზე მეტი გოლი გავიდა და ასევე 4-ჯერ ორივე გუნდმა გაიტანა.

⚽ ლაციოს ბოლო 5 მატჩში 2-ჯერ 2.5-ზე მეტი გოლი გავიდა და 3-ჯერ ორივე გუნდმა გაიტანა.

⚽ ლაციო და რომა სერია A-ში აქამდე 152-ჯერ შეხვედრიან. სოლიდური უპირატესობა რომას მხარესაა: 54 მოგება, 60 ფრე და 38 წაგება.

სავარაუდო შემადგენლობები:

ლაციო (3-5-2): რეინა - ლუის ფელიპე, აჩერბი, რადუ - ლაძარი, ლუის ალბერტო, ლუკას ლეივა, მილინკოვიჩ-სავიჩი, მარუშიჩი - იმობილე, კაისედო
ტრავმა: ლულიჩი, ფარესი, კორეა, სტრაკოშა

რომა (3-4-2-1): პაუ ლოპესი - მანჩინი, სმოლინგი, იბანიესი - კარსდორპი, კრისტანტე, ვერეტუ, სპინაცოლა - პელეგრინი, მხითარიანი - ჯეკო
ტრავმა: ძანიოლო, ფაციო, სანტონი, კალაფიორი, მირანტე

კომენტარები

ბოლო ამბები