Thumbnail

ტოჩინოშინის მე-3 მარცხი - ქართველი სუმოისტი დოჰიოდან წამებში გაიყვანეს

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • ტოჩინოშინმა იაპონელ ოძეკისთან უშანსოდ წააგო
  • ქართველი სეკიტორის მომდევნი მეტოქეც ოძეკი იქნება

33 წლის ქართველმა სუმოისტმა ლევან გორგაძემ იგივე ტოჩინოშინმა იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში მიმდინარე წლის პირველ სუპერტურნირზე 2 მოგების წილ მე-3 მარცხი განიცადა და კვლავ უარყოფით ბალანსზე გავიდა.

ტოჩინოშინი, რომელიც ჰაცუ ბაშოს აღმოსავლეთის მე-4 მაეგაშირას წოდებით შეხვდა, დღეს, აღმოსავლეთისვე მე-2 ოძეკი ასანოიამას გაეჯიბრა და წარმატების შანსი არ ჰქონია. ქართველმა სეკიტორმა სასტარტო შეჯახებისთვის თავის არიდება სცადა და ოდნავ გვერდით გაიწია, თუმცა, 26 წლის იაპონელმა გასაქანი არ მისცა და დოჰიოდან იორიკირით წამებში გაიყვანა.

ქართველი სეკიტორი ბალანსის გამოსწორებას ხვალ ეცდება, როდესაც დასავლეთის პირველ ოძეკი შოდაის გაეჯიბრება. ტოჩინოშინი 29 წლის იაპონელ მეტოქეს 17-ჯერ შეხვედრია და მხოლოდ 7 გამარჯვება აქვს.

ამ დროისთვის, ჰაცუ ბაშოს 3 ლიდერი ჰყავს, რომელთაც მაქსიმალური შედეგი (5 გამარჯვება) გააჩნიათ. ესენი რიგითი მაეგაშირები დაეიშო, მეისეი და აკისეიამა არიან.

📺 ტოჩინოშინი V ასანოიამა

კომენტარები

ბოლო ამბები