Thumbnail

'ბითაძეს სტატუსი შეეცვალა და ეს იმედს იძლევა' - გოგა დასაბრუნებლად ემზადება

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • 21 წლის ქართველი ცენტრი უკეთაა და შესაძლოა, მალევე ითამაშოს
  • ინდიანა პეისერსი მომდევნო მატჩს 15 იანვარს პორტლენდთან ჩაატარებს

ინდიანა პეისერსის ქართველი ცენტრი გოგა ბითაძე გამოჯანმრთელების გზას ადგას და სავარაუდოა, რომ მოედანზე დაბრუნებას უახლოეს პერიოდში მოახერხებს. იმედს იძლევა ბითაძის შეცვლილი სტატუსი: თუკი აქამდე ის ტრავმირებულთა სიაში იყო, ახლა, გოგას გასწვრივ წერია “თამაში საეჭვოა”, რაც ტრავმის ამბავში პროგრესზე მიგვანიშნებს.

“ინდიანას 21 წლის ცენტრი პრესეზონის მატჩში დაშავდა და მას შემდეგ უქმად იყო. ის, რომ ბითაძეს სტატუსი შეეცვალა, იმედს იძლევა, რომ ასპარეზობას მალე მოახერხებს. ნაკლებ სავარაუდოა, რომ მან უახლოეს მატჩში ითამაშოს, თუმცა, მისი დაბრუნება შორს ნამდვილად არაა”, - წერს CBSsports.

შეგახსენებთ, რომ ბითაძემ მარჯვენა კოჭის მე-2 ხარისხის ტრავმა დაახლოებით 3 კვირის წინ მიიღო და წინასწარი ვარაუდით, იანვარში ვერ უნდა ეთამაშა. მაშინვე გამოითქვა ვარაუდი, რომ გოგას 72-მატჩიანი რეგულარული სეზონიდან 20-25 შეხვედრის გამოტოვება მოუწევდა.

ქართველმა კალათბურთელმა წინა სეზონში 51 მატჩში მიიღო მონაწილეობა. ის საშუალოდ 3.2 ქულას და 2.0 მოხსნას აკეთებდა. ტერფის ტრავმის გამო, გოგამ მხოლოდ ერთ წინასასეზონო შეხვედრაში ითამაშა და ფილადელფიასთან 5 ქულა, 5 მოხსნა, 4 პასი და 1 ჩაჭრა მიითვალა.

ინდიანა პეისერსს მომდევნო მატჩი ხვალ დილით ელის, როდესაც პორტლენდში ტრეილ ბლეიზერსს ეთამაშება. ბითაძის კლუბს 7 მოგება და 4 მარცხი აქვს და აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-4 ადგილი უკავია, ასეთივე მონაგარი მქონე პორტლენდი კი დასავლეთ კონფერენციაში მეხუთეა.

კომენტარები

ბოლო ამბები