Thumbnail

'ცხოვრება თვითონ გავირთულეთ' - ანდრეა პირლო უკმაყოფილოა

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • იუვენტუსი 3:2 ჯენოა
  • ანდრეა პირლოს კომენტარი მატჩის შემდეგ

იტალიის თასის 1/8 ფინალში იუვენტუსმა ჯენოას მხოლოდ დამატებით დროში მოუგო და მომდევნო ეტაპზე გავიდა. ანდრეა პირლოს გუნდი მატჩის დასაწყისში დეიან კულუშევსკისა და ალვარო მორატას გოლებით დამაჯერებლად დაწინაურდა, მაგრამ შემდეგ 2 გოლი გაუშვა და დამატებითი 30 წუთის თამაში მოუწია. იქ მატჩის გმირი ტურინელთა დებიუტანტი შემტევი ჰამზა რაფია გახდა, რომელმაც გამარჯვების გოლი 104-ე წუთზე გაიტანა.

ანდრეა პირლომ თამაში შეაფასა და სინანული გამოხატა, რადგან მისი აზრით, იუვეს თამაშის უკეთ მართვა და დამატებითი დროის თავიდან აცილება შეეძლო.

"ცხოვრება ჩვენ თვითონ გავირთულეთ. პირველი ტაიმი კარგად დავიწყეთ, შემდეგ პირველ გაშვებულ გოლზე უყურადღებოდ ვიყავით და ამის მერე თამაში რთული გახდა. დასანანია, რადგან უკეთ შეგვეძლო ძალების დაზოგვა. არ ვფიქრობ, რომ სირთულეები გვქონდა, უბრალოდ თამაშის უკეთ წარმართვა იყო საჭირო. მოედანზე ბევრი ახალგაზრდა ფეხბურთელი გვყავდა, ასეთ დროს შეიძლება უყურადღებობას ადგილი ჰქონდეს, მაგრამ თამაშის სადავეები ხელში გვქონდა და ამიტომ, დასანანია. იყო კონცენტრაციის ნაკლებობაც. იტალიის თასის მოგება ჩვენი ერთ-ერთი მიზანია და აქედან გამომდინარე, მომდევნო ეტაპზე გასვლა მნიშვნელოვანი იყო. ახლა ძალები უნდა აღვიდგინოთ და კვირის მატჩისთვის მოვემზადოთ“, - განაცხადა პირლომ.

იუვეს გმირი დებიუტანტი ჰამზა რაფია გახდა

იუვენტუსი იტალიის თასის 1/4 ფინალში სასუოლოსა და სპალის დაპირისპირებაში გამარჯვებულს შეხვედება, 17 იანვარს კი უმნიშვნელოვანესი თამაში აქვს და სერია A-ში მე-18 ტურში ინტერს ‘დიდ იტალიურ დერბიში’ დაუპირისპირდება.

📺 იუვენტუსი 3:2 ჯენოა [მიმოხილვა]

კომენტარები

ბოლო ამბები