Thumbnail

‘თქვენ რა, გეცინებათ?’ - მიულერი კილთან მარცხის შემდეგ ჟურნალისტს ეჩხუბა

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • ბაიერნი გერმანიის თასზე ჰოლშტაინ კილთან დამარცხდა
  • 20 წელია, რეკორდმაისტერს ასეთი რამ არ დამართნია
  • მატჩის შემდეგ თომას მიულერი ARD-ს ჟურნალისტს დაუპირისპირდა

გერმანიის თასზე სენსაციები ხშირად ხდება ხოლმე, მაგრამ ასეთი? ძალიან იშვიათად!

მეორელიგელმა ჰოლშტაინ კილმა თასის მეორე რაუნდში თვით მიუნხენის ბაიერნი გააგდო! რეკორდმაისტერი აუტსაიდერთან პენალტების სერიაში 5:6 დამარცხდა, ძირითად და დამატებით დროში კი 2:2 იყო დაფიქსირებული.

ბაიერნი DFB Pokal-იდან ასე ადრე ბოლოს 2000/2001 წლების სეზონში გადავარდა და მაშინაც პენალტების სერიაში წააგო - მაგდებურგთან.

ბარტელსმა ბაიერნს თამაშის დროსაც გაუტანა და გადამწყვეტი პენალტიც თერთმეტმეტრიანების სერიაში

მატჩის შემდეგ ბავარიელები ძალიან გაბრაზებულები იყვნენ. მართალია, ბაიერნმა გადახალისებული შემადგენლობით ითამაშა, მაგრამ არცისე, რომ კილთან წაეგო - თამაშობდნენ ნოიერი, ზიულე, ერნანდესი, დევისი, კიმიხი, ტოლისო, მიულერი, სანე და გნაბრი. თამაშში 74-ე წუთიდან ჩაერთო რობერტ ლევანდოვსკი და შეცვლაზე ალაბამ, დუგლას კოშტამ და პავარმაც ითამაშეს.

უშუალოდ მატჩის დასრულების შემდეგ კი თომას მიულერი ტელეკომპანია ARD-ს რეპორტიორს, ვალესკა ჰომბურგს დაუპირისპირდა. მიულერის განრისხება მოჰყვა კითხვას, რომელიც გასახდელში ბაიერნის ფეხბურთელების ხასიათს შეეხებოდა.

მიულერი გაბრაზდა: “თქვენ როგორ ფიქრობთ? გეცინებათ!”

ჰომბურგი: “არ მეცინება. მე ამას ძალიან…”

მიულერმა რეპორტიორს სიტყვა შეაწყვეტინა და მიახალა: “რა თქმა უნდა, იცინოდით!”

ჟურნალისტმა, რომელიც დიდი ხანია, ARD-ში მუშაობს, კითხვის თავიდან დასმა სცადა: “ძალიან დიდი ხანია, ბაიერნი გერმანიის თასიდან ასე ადრე არ გავარდნილა. იყო თუ არა გასახდელში ამ მარცხის ახსნის მცდელობა?”

მიულერი ცოტათი დამშვიდდა: “არა, ჯერ არაფერი ყოფილა! გუნდის განწყობა ახლა მარცხის შესაბამისია. რა თქმა უნდა, განადგურებულები ვართ - ეს შეგიძლიათ, წარმოიდგინოთ. განწყობა კარგი ნამდვილად არ არის…”

ჰომბურგმა დაამატა: “დიახ, ეს ადვილი წარმოსადგენია. კარგ საღამოს გისურვებთ. მადლობა, რომ გამოხვედით და გვესაუბრეთ.” მას მიულერიც ნორმალურად დაემშვიდობა.

ერთი სიტყვით, საბოლოოდ თითქოს შერიგდნენ, მაგრამ ამ ინტერვიუმ გამოაჩინა, რომ ბაიერნში კილთან მარცხის ძალიან შერცხვათ. ყოველ შემთხვევაში, თომას მიულერის შემთხვევაში ეს ნამდვილად ასეა…

რაც შეეხება მთავარ მწვრთნელს. 

ჰანსი ფლიკი (ბაიერნის მწვრთნელი): “ეს, რა თქმა უნდა, შოკია. ძალიან იმედგაცრუებულები ვართ. გუნდი თამაშს აკონტროლებდა, პირველი გაშვებული გოლის მომენტში სერიოზული შეცდომა დავუშვით, მერე თამაში გამოვასწორეთ და ძალიან ცუდია, რომ ბოლო წამზე მაინც მივიღეთ გოლი. მეტოქეს უნდა მივულოცო - მათ დღეს მაგრად იბრძოლეს. ახლა ეს მარცხი უნდა დავივიწყოთ, ბევრი საქმე გვაქვს. ამ წაგებას გამართლება ვერ ექნება. სულერთია, რამდენი თამაში გვქონდა და რომ კალენდარი გადატვირთულია.”

 

კომენტარები

ბოლო ამბები