- აგუერო ზაფხულში შესაძლოა ესპანეთის ან საფრანგეთის ჩემპიონატში აღმოჩნდეს
- მანჩესტერ სიტის თავდამსხმელს ლიონელ მესისთან ახლო მეგობრობა აკავშირებს
- 'ბებერი ცოლ-ქმარივით ვართ' - სერხიო აგუერომ ლიონელ მესის დასცინა
მანჩესტერ სიტის თავდამსხმელი სერხიო აგუერო შესაძლოა ესპანეთის ან საფრანგეთის ჩემპიონატში აღმოჩნდეს.
32 წლის არგენტინელს ინგლისურ კლუბთან კონტრქტი ზაფხულში უმთავრდება. შესაბამისად, შეთანხმების ვადის გასვლამდე ექვსი თვით ადრე, ფეხბურთელს სხვა კლუბებთან მოლაპარაკებების დაწყების უფლება აქვს. გავრცელებული ინფორმაციით კი, აგუეროს მიმართ ინტერესს ბარსელონა და პარი სენ-ჟერმენი იჩენენ.
ლუის სუარესთან გამომშვიდობების შემდეგ, კატალონიურ კლუბს გამოცდილი მეგოლე სჭირდება. აგუეროსთან მოლაპარაკების პროცესში ბარსელონას უპირატესობა შესაძლოა გახდეს ისიც, რომ სიტის თავდამსხმელს ახლო მეგობრული ურთიერთობა აქვს არგენტინის ნაკრებში თანაგუნდელ ლიონელ მესისთან.

თუმცა წერენ, რომ სერხიო ჯერჯერობით მაინც მანჩესტერ სიტისთან კონტრაქტის გახანგრძლივებაზე ფიქრობს, სადაც ბოლო ცხრა წელიწადი გაატარა.
მიმდინარე სეზონში არგენტინელმა ფორვარდმა ყველა საკლუბო ტურნირში 9 მატჩში ითამაშა და 2 გოლი გაიტანა. ამჟამად სერხიო კარანტინში იმყოფება, რისი მიზეზიც იმ ადამიანთან კონტაქტია, რომელსაც კორონავირუსი გამოუვლინდა.
სერხიო აგუერო მანჩესტერ სიტის ღირსებას 2011 წლიდან იცავს, სადაც მადრიდის ატლეტიკოდან გადავიდა. ინგლისურ გუნდთან ერთად მან პრემიერლიგა უკვე 4-ჯერ მოიგო, ერთხელ ინგლისის თასზე, 3-ჯერ ინგლისის სუპერთასზე და 5-ჯერ ინგლისის ლიგის თასზე გაიმარჯვა.
კომენტარები