Thumbnail
  • 90 კგ-მდე წონით კატეგორიაში მედალი ორმა ქართველმა ძიუდოისტმა დაისაკუთრა
  • ბექა ღვინიაშვილმა ფინალი ნიდერლანდელ მსოფლიოს ჩემპიონ ნოელ ვან ტ ენდთან წააგო

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების წევრებმა ბექა ღვინიაშვილმა და ლაშა ბექაურმა ყატარის დედაქალაქ დოჰაში მიმდინარე მასტერსზე, 90 კგ-მდე წონით კატეგორიაში, შესაბამისად, ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს.

ღვინიაშვილმა ფინალი ნიდერლანდელ ნოელ ვან ტ ენდთან ჩაატარა და მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონთან ვერაფერი გააწყო. მეტოქემ ჯერ ვაზარი მიითვალა, ორთაბრძოლის ბოლოსკენ კი, ქართველი ძიუდოისტი მახრჩობელა ილეთზე დაიჭირა და იპონი გაიფორმა. შეგახსენებთ, რომ დილის სესიაში ღვინიაშვილმა შვედი მარკუს ნიმანი და იაპონელი შოიჩირო მუკაი იპონზე დასცა, შემდეგ კი, გერმანელი ედუარდ ტრიპელისგან ვაზარი გაუშვა, თუმცა, მალევე მასაც წმინდად აჯობა. ნახევარფინალში ბექამ თურქეთის სახელით მოჭიდავე სლოვენიელ მიჰაელ ზგანკს ვაზარი აართვა და ფინალში ასპარეზობის უფლება ასე მოიპოვა.

📺 ღვინიაშვილი V ვან ტ ენდი

ამავე წონაში ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა ლაშა ბექაური, რომელმაც კვარცხლბეკზე ასასვლელ ორთაბრძოლაში ხსენებულ ზგანკს აჯობა. ქართველი ძიუდოისტი აქტიური იყო და მეტოქეს 3 შიდო აჰკიდა. დილის სესიაში ბექაურმა ისრაელის ნაკრების წარმომადგენელ ლი კოჩმანს იპონით აჯობა, სერბ ნემანია მაიდოვთან ძალიან გაუჭირდა და მხოლოდ დამატებით დროში აჯობა ვაზარით, მეოთხედფინალში კი რუს მიხაილ იგოლნიკოვთან ვაზარები გაცვალა, რის შემდეგ ილეთზე კიდევ ერთხელ მოჰყვა და ტატამი დამარცხებულმა დატოვა. სამაგიეროდ, ბექაური ძლიერად გამოიყურებოდა რეპეშაჟში, სადაც მონღოლ ალტანბაგან განტულგას ვაზარი 2-ჯერ აართვა და ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლის უფლება დაიმსახურა.

📺 ბექაური V ზგანკი

შეგახსენებთ, რომ დოჰას მასტერსის დასკვნით დღეს ქართულ დელეგაციას კიდევ ერთი ოქროს მედლის აღების შანსი აქვს. 100 კგ-მდე წონითი კატეგორიის ფინალშია გასული ნაკრების კაპიტანი ვარლამ ლიპარტელიანი, რომელმაც დილის სესია ძალიან დამაჯერებლად განვლო და მეტოქეებისთვის ქულაც კი არ დაუთმია. ვარლამმა რუსი ნიიაზ ბილალოვი და უზბეკი მუხამადკარიმ ხურამოვი შებოჭვებით დაამარცხა, ნახევარფინალში კი ისრაელის წარმომადგენელ პეტერ პალჩიკს ვაზარი აართვა. ფინალში ლიპარტელიანის მეტოქე აზერბაიჯანელი ზელიმ კოცოევი იქნება, რომელმაც გზიდან ეგვიპტელი რამადან დარვიში, სამხრეთკორეელი გუჰამ ჩო, კანადელი შადი ელნაჰას და ნიდერლანდელი სიმეონ კატარინა ჩამოიცილა.

კომენტარები

ბოლო ამბები