Thumbnail

თუ ასე გაგრძელდა, უკან გამოვისყიდი - სილვიო ბერლუსკონის მილანის დაბრუნება სურს 

  • ჩინური ინვესტორების ჯგუფის ხელში მილანური კლუბის საქმეები კარგად ვერ მიდის
  • მილანის ყოფილი მფლობელი შარშან 740 მილიონ ევროდ გაყიდული კლუბის გამოსყიდვას აპირებს

მილანის ყოფილი მფლობელმა სილვიო ბერლუსკონიმ აღიარა, რომ კლუბის გამოსყიდვას აპირებს.

მილანური კლუბი 2017 წლის აპრილში ჩინელი ინვესტორების ჯგუფზე გასხვისდა, რომელსაც სათავეში იონჰონგ ლი უდგას. ბერლუსკონიმ კლუბის საკონტროლო პაკეტი აზიელებს 740 მილიონ ევროდ დაუთმო.

"ბევრი მეკითხება, რატომ გავყიდე კლუბი. საბოლოო ჯამში, მე მადანაშაულებენ იმის გამო, რა ვითარებაშიცაა დღეს გუნდი. თუკი საქმეები ისევე წარიმართება, როგორც ამჟამად, არ დავმალავ - ადრე თუ გვიან, მილანს უკან გამოვისყიდი", - აქვეყნებს ბერლუსკონის ნათქვამს Football Italia.

ჩინელი ინვესტორების ხელში მილანის საქმეები კარგად არ მიდის. ამჟამად იტალიურ კლუბს 300 მლნ ევროს დავალიანება აქვს. ფინანსური ფეარ პლეის წესის დარღვევისთვის კი, უეფამ შესაძლოა მილანს უახლოესი ორი სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში ფეხბურთელების შეძენაც აუკრძალოს.

81 წელს მიღწეულმა იტალიელმა სახელმწიფო და პოლიტიკურმა მოღვაწემ სილვიო ბერლუსკონიმ მილანი 1986 წელს შეიძინა. მისი მმართველობის პერიოდში კლუბი სერია B-დან A-ში აღზევდა, 8-ჯერ გახდა იტალიის ჩემპიონი, 5-ჯერ კი - ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული.

34 ტურის შემდეგ "როსონერი", რომელსაც ჯენარო გატუზო წვრთნის, სერია A-ს სატურნირო ცხრილში მე-7 ადგილზეა.

ასევე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ მილანის ახალი მფლობელი შესაძლოა მონაკოს ბოსი რუსი ბიზნესმენი დმიტრი რიბოლოვლევი გახდეს.

კომენტარები

ბოლო ამბები