Thumbnail
  • დიეგო სიმეონე ათწლეულის საუკეთესო მწვრთნელად დაასახელეს
  • ატლეტიკოს დამრიგებელმა გვარდიოლას და კლოპს აჯობა

ვინ არის ბოლო ათწლეულის საუკეთესო მწვრთნელი ფეხბურთში? თითქოს, დიდად სადაო საკითხია, მაგრამ რეალურად, კანდიდატი არცისე ბევრია. ფაქტი ის არის, რომ ფეხბურთის ისტორიისა და სტატისტიკის საერთაშორისო ფედერაციამ (IFFHS) საუკეთესოდ მადრიდის ატლეტიკოს თავკაცი დიეგო სიმეონე დაასახელა.

არგენტინელმა იურგენ კლოპს (ლივერპული) და ხოსეპ გვარდიოლას (მანჩესტერ სიტი) საკმაო უპირატესობით აჯობა. IFFHS-ში, რომელიც ციურიხშია დაფუძნებული, გამარჯვებულს სტატისტიკოსები სხვადასხვა კრიტერიუმებზე დაყრდნობით ირჩევენ. მათი თქმით, ათწლეულის საუკეთესო მწვრთნელის შერჩევისას “ყველაზე სამართლიანი მეთოდით” იხელმძღვანელეს.

სიმეონემ 152 ქულა მიიღო, გვარდიოლამ 144, ხოლო კლოპი კი 105 ქულით მესამე ადგილზე გავიდა. IFFHS-ის განცხადებაში ვკითხულობთ, რომ ქულების გაცემის სისტემაში გადამწყვეტი ეროვნულ ჩემპიონატებში დაფიქსირებული შედეგები იყო. სეზონში პირველი ადგილის დაკავებისთვის 20 ქულა იყო გამოყოფილი, მეორე ადგილისთვის 19, ხოლო მესამე ადგილისთვის კი - 18. და ასე მე-20 ადგილამდე, რაც 1 ქულას ნიშნავდა.

ამრიგად, ეროვნულ ჩემპიონატებში დაფიქსირებული შედეგებით სიმეონე დეკადის საუკეთესო მწვრთნელი გამოდგა - მიუხედავად იმისა, რომ მისმა კოლეგებმა დროის ამ პერიოდში გაცილებით მეტი ტიტულის მოგება მოახერხეს. სიმეონეს ხელმძღვანელობით ატლეტიკო ერთხელ გახდა ესპანეთის ჩემპიონი, მოიგო ესპანეთის თასი, სუპერთასი, ორჯერ ევროპალიგა და უეფას სუპერთასი, ჩემპიონთა ლიგაში კი ორჯერ იყო ფინალში.

IFFHS-ის გადაწყვეტილებას ალბათ ბევრი არ დაეთანხმება, ფაქტი კი ის არის, რომ სიმეონემ ატლეტიკოს ძალიან ძლიერ გუნდად ჩამოყალიბება შეძლო - გუნდად, რომლისაც ყოველთვის ყველას ეშინია მისი თამაშის სტილისა და მენტალიტეტის გამო.

დეკადის საუკეთესო მწვრთნელები IFFHS-ის ვერსიით:

1. დიეგო სიმეონე - 152 ქულა
2. ხოსეპ გვარდიოლა - 144 
3. იურგენ კლოპი - 105
4. ჟოზე მოურინიო - 91
5. მასიმილიანო ალეგრი - 77 
6. უნაი ემერი - 70
7. ზინედინ ზიდანი - 59
8. კარლო ანჩელოტი - 57
9. მაურისიო პოჩეტინო - 56
10. მარსელო გალიარდო - 56
11. ანტონიო კონტე - 53
12. კლაუდიო რანიერი - 36
13. ალექს ფერგიუსონი - 35
14. ლუის ენრიკე - 35
15. იუპ ჰაინკესი - 34
16. ერნესტო ვალვერდე - 26
17. არსენ ვენგერი - 25
18. ლეონარდი ჟარდიმი - 25
19. ჯესი მარში - 22
20. ლორან ბლანი - 21

კომენტარები

ბოლო ამბები