Thumbnail

ტრენაჟორი სკამის ნაცვლად - როგორ გადაურჩნენ გაყინვას ატლეტიკოს სათადარიგოები

მადრიდში, "ვანდა მეტროპოლიტანოზე" ლა ლიგის 1-ელი ტურის გადადებული მატჩი გაიმართა, რომელშიც ატლეტიკომ სევილიას ორი უპასუხო გოლი გაუტანა. ესპანეთში, გასული კვირიდან მოყოლებული, უჩვეულო ყინვები და დიდთოვლობაა და ამ შეხვედრაში საინტერესო მოვლენები არამხოლოდ მოედანზე ხდებოდა. დიეგო სიმეონეს გუნდის სათადარიგო ფეხბურთელებს ისე სციოდათ, რომ სკამზე გაჩერებაც კი უჭირდათ.

ატლეტიკოს ფიზმომზადების მწვრთნელმა სათადარიგო ფეხბურთელებზე წინდაწინ იზრუნა. მან მოთამაშეებს სკამზე უმოძრაოდ ჯდომის ნაცვლად ველოტრენაჟორებზე ვარჯიში დაავალა, რომელთა სიახლოვეს ელექტროგამათბობლებიც იყო დამონტაჟებული. ფეხბურთელები მთელი პირველი ტაიმის განმავლობაში ასე ხურდებოდნენ და ამის ამსახველი ფოტო სოციალურ ქსელშიც გავრცელდა.

მატჩის დაწყების წინ მადრიდში ჰაერის ტემპერატურა -7 გრადუსი იყო

რაც შეეხება ატლეტიკო-სევილიას დაპირისპირებას მოედანზე, მატჩის მე-17 წუთზე ანგარიში ანხელ კორეამ განხსნა, 76-ე წუთზე კი საულ ნიგესმა საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. 

📺 ატლეტიკო V სევილია [მიმოხილვა]

მადრიდის ატლეტიკოს 41 ქულა აქვს და მიუხედავად იმისა, რომ ორი მატჩი თადარიგში აქვს, სატურნირო ცხრილის სათავეშია. სიმეონეს გუნდი უახლოეს მდევარ რეალს 4 ქულით უსწრებს. სევილია 30 ქულით ცხრილში მე-6 პოზიციაზეა. 

კომენტარები

ბოლო ამბები