Thumbnail
  • იყო შანსი, რონალდოს და მესის ბარსელონაში ერთად ეთამაშათ
  • ბარსას ექს-პრეზიდენტმა ჟოან ლაპორტამ ახსნა, რატომ თქვა უარი CR7-ზე

ჟოან ლაპორტა ბარსელონას ყოფილი და, დიდი ალბათობით, მომავალი პრეზიდენტია. სწორედ ის მიიჩნევა კატალონიური გრანდის საპრეზიდენტო არჩევნებში უმთავრეს ფავორიტად.

ჟოან ლაპორტას გიგანტური საარჩევნო პოსტერი მადრიდში

იურისტ და პოლიტიკოს ლაპორტას, რომელიც ამ თანამდებობაზე 2003-დან 2010 წლამდეც იყო, ბარსას სათავეში დაბრუნება 24 იანვარს შეუძლია. წინასაარჩევნო პერიოდში 58 წლის ფუნქციონერი ხშირად საუბრობს იმ დროზე, როცა ბარსას პრეზიდენტი იყო და ძველ ამბებს იხსენებს. ახლა, Iniestazo-სთან ინტერვიუში ლაპორტამ განაცხადა, რომ თავის დროზე კრიშტიანო რონალდო შესთავაზეს და თანაც, საკმაოდ იაფად, მაგრამ ტრანსფერზე უარი თქვა და ახსნა, რატომ მოიქცა ასე.

“იმ მომენტში ფაქტობრივად გადაწყვეტილი იყო, რომ რონალდინიოს და რაფა მარკესს ვყიდულობდით,” - გაიხსენა ლაპორტამ. საუბარია 2003 წელზე. ბარსას ექს-პრეზიდენტის თქმით, მარკესის აგენტმა მას კრიშტიანო რონალდოც შესთავაზა. “პორტუგალიელი მაშინ ლისაბონის სპორტინგში თამაშობდა,” - დასძინა ლაპორტამ.

პეპე და კრიშტიანო სპორტინგში [2002 წელი]

“რონალდოს ერთ-ერთმა მრჩეველმა მაშინ მითხრა, რომ ჰყავდათ ძალიან ნიჭიერი ფეხბურთელი, რომელიც მანჩესტერ იუნაიტედში აპირებდა გადასვლას. ინგლისელები 19 მილიონს იხდიდნენ და აგენტმა მითხრა, თუ ბარსელონაში წაიყვანთ, 17 მილიონად მიიღებთო. თუმცა იმ დროს რონალდინიოს ტრანსფერში უკვე დიდი ინვესტიცია გვქონდა ჩადებული. კრიშტიანო მაშინ უფრო ფლანგზე თამაშობდა და არა ცენტრში. ვიფიქრეთ, რომ ფლანგის მოთამაშე არ გვჭირდებოდა და პორტუგალიელის ტრანსფერზე უარი ვთქვით. სიმართლე გითხრათ, ამ გადაწყვეტილებას არ ვნანობ.” - აღნიშნა ლაპორტამ.

2003 წელს ბარსას მთავარი შენაძენი რონალდინიო იყო

ის, რაც ახლა ბევრს შეიძლება ალოგიკურად მოეჩვენოს, მაშინ აბსოლუტურად გასაგები იყო. რონალდინიო ბარსელონასთვის უდიდესი და უმნიშვნელოვანესი შენაძენი გახლდათ. თანაც, რონალდინიოსთან ერთად წამოიზარდა ლიონელ მესიც. მაგრამ მეორე მხრივ, წარმოიდგინეთ, მესის და რონალდოს ბარსაში ერთად რომ ეთამაშათ...

 

კომენტარები

ბოლო ამბები