Thumbnail
  • The Sun-მა იუვენტუსის ხელფასები გამოაქვეყნა
  • ანდრეა პირლოს ძალიან დაბალი ანაზღაურება აქვს

იუვენტუსში ყველაზე მაღალი ხელფასი, რა თქმა უნდა, კრიშტიანო რონალდოს აქვს. თუმცა ტურინული გრანდის სახელფასო ფონდში რამდენიმე გასაოცარი ამბავია. იუვეს ხელფასები ინგლისურმა ‘სანმა’ გამოაქვეყნა, სადაც ჩანს, რომ გუნდის მთავარი მწვრთნელი ანდრეა პირლო (41 წლის, კონტრაქტი 2022 წლამდე) თავისი ანაზღაურებით კლუბში მე-18 ადგილზეა!

‘სანის’ ინფორმაციით, პირლოს ხელფასი წელიწადში მხოლოდ 1,8 მილიონი ევროა. შედარებისთვის: მისი წინამორბედი, 62 წლის მაურიციო სარი წელიწადში დაახლოებით 6 მილიონს იღებდა. იტალიის სერია A-ში ყველაზე მაღალანაზღაურებადი მწვრთნელი ანტონიო კონტეა, რომელიც 12 მილიონ ევროს იღებს. პირლო კი, თავისი ხელფასით იტალიის ჩემპიონატში მომუშავე მწვრთნელებს შორის TOP 5-შიც კი არ არის.

იუვეს დავუბრუნდეთ: როგორც ვთქვით, ყველაზე მაღალი ხელფასი CR7-ს აქვს - 31 მილიონი ევრო წელიწადში. ტურინულ გრანდში მეორე ადგილზე მატეის დე ლიხტია! 21 წლის ნიდერლანდელი ცენტრალური მცველი წელიწადში 8 მილიონს იღებს. მესამე ადგილზე კი იუვეს არგენტინელი ათიანი პაულო დიბალაა - 7,2 მილიონი ევრო.

იუვეში რონალდოს შემდეგ ყველაზე მაღალი ხელფასი დე ლიხტს აქვს

საინტერესოა, რომ იუვენტუსი 6,4 მილიონს უხდის 33 წლის გერმანელ სამი ხედირას, რომელსაც არ იყენებს. პირლოს მისი გაშვება სურს. ‘გაძეტა დელო სპორტის’ ინფორმაციით, იუვენტუსს ხედირასთან კონტრაქტის (2021 წლამდე აქვს) გაწყვეტა ოქტომბერში სურდა, მაგრამ ხედირამ წასვლაზე უარი თქვა. ახლა ხედირას გადაბირებით ინგლისური კლუბები ინტერესდებიან - მათ შორის ყველაზე მეტად ევერტონი აქტიურობს.

კომენტარები

ბოლო ამბები