Thumbnail
  • გიორგი არაბიძე იჯარით როტორში ითამაშებს
  • 22 წლის ფეხბურთელმა პოპსპორტთან ისაუბრა

გიორგი არაბიძე ვოლგოგრადის როტორში ითამაშებს. 22 წლის ქართველმა ფეხბურთელმა ეს ინფორმაცია "პოპსპორტს" თავად დაუდასტურა. გიორგი რუსულ გუნდში სეზონის ბოლომდე იჯარით გადავიდა და როტორში მე-5 ქართველი ლეგიონერი გახდა ზურიკო დავითაშვილის, საბა კვერკველიას, ბექა მიქელთაძისა და ნიკა ყიფიანის შემდეგ. 

არაბიძემ ჩვენთან საუბარში განაცხადა, მისთვის ახლა მთავარი სათამაშო პრაქტიკის მიღებაა და ყველაფერს გააკეთებს, რომ უმოკლეს პერიოდში ფორმაში დაბრუნება მოახერხოს, ნასიონალში გატარებული დროის გახსენება კი მან არ მოინდომა.

POPSPORT: როტორთან რა ვადითაა გაფორმებული კონტრაქტი და რა მოლოდინი გაქვს?

გიორგი არაბიძე: 6-თვიანი იჯარაა. ჩემთვის მთავარი სათამაშო პრაქტიკაა და ამიტომაც გავაკეთე ეს არჩევანი. გარდა ამისა, რუსეთის პრემიერლიგა მაღალი დონისაა. როტორი კარგ ფეხბურთს თამაშობს და მეც მხოლოდ თამაშზე ვფიქრობ, სხვა არაფერზე. მქონდა სხვა წინადადებებიც, მაგრამ საინტერესო - არა.

POPSPORT: ნასიონალში ზაფხულში დაბრუნდი, მაგრამ არ გათამაშებდნენ. რა იყო ამის მიზეზი და რამდენად ხარ ამჟამად სათამაშო კონდიციაში?

არაბიძე: მაისის შემდეგ ვვარჯიშობ და რაც მთავარია, ჯანმრთელად ვარ. ნასიონალში სხვა სიტუაცია დამხვდა, ვიდრე ველოდი. ამაზე საუბარი არ მინდა, საინტერესო არაფერია.

POPSPORT: როგორ უყურებ როტორში ადაპტაციას და რა იქნება შენი მთავარი მიზანი?

არაბიძე: ადაპტაცია არ გამიჭირდება, რადგან ეს ჩემთვის სიახლე არ არის. მთავარი მიზანია, რომ ვითამაშო ისე, როგორც მინდა და როგორც გუნდს გამოადგება. ყველაზე მნიშვნელოვანია გუნდის სათამაშო სტილს მალე გავუგო, შემდეგ კი ამ სტილზე მორგება პრობლემას არ წარმოადგენს.

POPSPORT: როტორის მთავარ მწვრთნელ ალექსანდრ ხაცკევიჩს თუ ესაუბრე?

არაბიძე: არა, ჯერჯერობით არ გვისაუბრია.

POPSPORT: საქართველოს ეროვნულ ნაკრებში დაბრუნებაზე იფიქრებდი. თუ შედის ეს შენს უახლოეს გეგმებში...

არაბიძე: საქართველოს ნაკრებში თამაში ჩემს გეგმებთან არაფერ შუაშია. ნაკრებში თამაში ვალდებულება და პასუხისმგებლობაა, შესაბამისად, არც მე ვარ გამონაკლისი და როცა ნაკრებს დავჭირდები, ყოველთვის მზად ვიქნები სათამაშოდ.

ნასიონალში არაბიძის კარიერა არ აეწყო

შეგახსენებთ, რომ გიორგი არაბიძის საფეხბურთო კარიერა თბილისის ლოკომოტივიდან დაიწყო. 2015 წელს ის დონეცკის შახტარში გადავიდა, სადაც იმავე წელს უეფას ახალგაზრდულ ჩემპიონთა ლიგაზე თავი შესანიშნავი თამაშით გამოიჩინა და უკრაინული გუნდის მაშინდელმა მთავარმა მწვრთნელმა მირჩა ლუჩესკუმ მთავარ გუნდშიც ათამაშა. შახტარის პირველი გუნდის მაისურით გიორგიმ 4 თამაში ჩაატარა.

2018 წლის ზაფხულში ქართველი შემტევი პორტუგალიურ ნასიონალში აღმოჩნდა (10 მატჩი, 0 გოლი), შემდეგ კი თურქულ ადანასპორში გაანათხოვრეს, სადაც 7 თამაშში თავი 2-ჯერ გამოიჩინა, მაგრამ 2019 წლის ნოემბერში მძიმე ტრავმა მიიღო და რამდენიმე თვე გამოტოვა. ზაფხულში ნასიონალში მოუწია დაბრუნება, თუმცა იქ სათამაშო პრაქტიკა აღარ მიუღია. საქართველოს ნაკრებში 2017/18 წლებში არაბიძემ 4 შეხვედრაში 3 გოლი გაიტანა.

კომენტარები

ბოლო ამბები