Thumbnail
  • The Football Faithful-მა თემურ ქეცბაიას პოდკასტი მიუძღვნა
  • თემურ ქეცბაია '90-იანი წლების ფეხბურთის დიდების დარბაზში'

The Football Faithful-ის პოდკასტი "90-იანი წლების ფეხბურთის დიდების დარბაზი" თემურ ქეცბაიას მიეძღვნა, რომელმაც 3 სეზონი გაატანა ინგლისის პრემიერლიგაში და ნიუკასლის მაისურით ამ ტურნირში ჯამში 8 გოლი გაიტანა. 

პოდკასტის წამყვანებთან ერთად გადაცემაში მონაწილეობდა საფეხბურთო მწერალი სტივენ ტუდორი, რომელმაც ქეცბაიასთან დაკავშირებით ბევრი საინტერესო ისტორია მოყვა.

"თემურ ქეცბაია პრემიერლიგის ფანებს ყველაზე მეტად 1998 წელს ბოლტონთან გატანილი გოლის შემდეგ უცნაური აღნიშვნით ახსოვთ, მაგრამ "შეშლილმა ბერმა" ნიუკასლში სამწლიანი ყოფნისას კიდევ ბევრი საარაკო ამბავი ჩაიდინა", - წერს The Football Faithful. 

ტუდორმა ახსნა, თუ რატომ იყო თემურ ქეცბაია, მიუხედავად ყველაფრისა, ნიუკასლ იუნაიტედის ფანების საყვარელი მოთამაშე.

სტივენ ტუდორი: "ქართველები ტექნიკური ფეხბურთის მიმდევრები არიან და 90-იანებში მათ "ოქროს თაობა" ჰყავდათ. პირველ რიგში, ეს იყო გიორგი ქინქლაძე, ასევე შოთა არველაძე, რომელიც მაღალი დონის ფორვარდი იყო და აიაქსის ლეგენდა. 
ქეცბაია ინგლისში საბერძნეთიდან მოვიდა, იყო ძალიან თვალსასეირო ფეხბურთის მიმდევარი და გაჰქონდა ფანტასტიკური გოლები. ამას ემატებოდა ისიც, რომ გარეგნულადაც გამოირჩეოდა, პრიალა, მელოტი თავით. მაშინდელი ნიუკასლის ფანები, თემურს აღმერთებდნენ. მას შეეძლო ნახევარდაცვაში ეთამაშა, ან ფლანგზე, ან ცენტრფორვარდად".

ტუდორმა გაიხსენა, რომ სწორედ თემურ ქეცბაიამ გაიტანა გადამწყვეტი გოლი კროაციას კარში (ახლანდელი დინამო ზაგრები) 119-ე წუთზე და ინგლისური კლუბი ისტორიაში პირველად გაიყვანა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე. 

ტუდორი: "ქეცბაიას ფანებში უდიდესი პატივისცემა ჰქონდა ბოლტონთან მატჩის ინციდენტის მიუხედავად, სამაგიეროდ იყო პრობლემები მწვრთნელთან - ერთხელ, როცა მას კენი დალგლიშმა უყვირა - კენის ქართულ-ინგლისური ყვირილით უპასუხა". 

📺 ქეცბაიას გოლი და აღნიშვნა ბოლტონთან

პოდკასტში დეტალურად გაიხსენეს ბოლტონთან გოლის ეპიზოდი, თუმცა ტუდორმა სხვა ამბებიც მოყვა: მან მოიშველია შეი გივენის წიგნი, სადაც ირლანდიელმა მეკარემ გაიხსენა, თუ როგორ ითამაშეს ერთხელ ნიუკასლის ფეხბურთელებმა პეინტბოლი, როცა ყველა ერთობოდა, თემურმა ეს გართობა უფრო სერიოზულად მიიღო და ყველა და ყველაფერი ამ სიტყვებით "გადაცხრილა" - TAKE THAT MOTHERF*CKERS. ერთხელ კი მან ნიუკასლში 1999 წელს მისულ სერ ბობი რობსონს შელაპარაკებისას მობილური ტელეფონი ესროლა. 

🎙 90’s Football Hall of Fame: Newcastle United’s ‘Mad Monk’, Temur Ketsbaia

თემურ ქეცბაია 2009-2014 წლებში საქართველოს ნაკრებს წვრთნიდა. 52 წლის სპეციალისტი ამჟამად კვიპროსული ანორთოსისის თავკაცია.  

აღსანიშნავია, რომ The Football Faithful-მა გიორგი ქინქლაძესაც მიუძღვნა პოდკასტი (2020 წლის მარტში).  

კომენტარები

ბოლო ამბები