Thumbnail

თოვლზე მაგრად დადის! ატლეტიკოს ვარსკვლავი ვარჯიშზე ძველი ფიატით მივიდა

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • მადრიდში დიდთოვლობამ ატლეტიკოს ფეხბურთელებს პრობლემები შეუქმნა
  • იანიკ კარასკომ ძალიან მაგარი გამოსავალი იპოვნა

ტოპ-კლუბების ფეხბურთელები რა მანქანებით დადიან, ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს და არცაა საჭირო - ისედაც ყველამ იცის. ახლა, მადრიდის ატლეტიკოს ავტოპარკში გამოჩნდა მანქანა, რომელიც ძააალიან იაფია და რომლის ყიდვაც ფაქტობრივად ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, თუკი მართვის მოწმობა აქვს. მიუხედავად ამისა, ან ალბათ სწორედ ამის გამო, ეს ავტომობილი საყოველთაო ყურადღების ცენტრში მოექცა!

მოკლედ, ეს არ არის არც ახალთახალი ფერარი, არც ბენტლის SUV და არც ლამბორგინის რომელიმე ზონდერ-მოდელი. საუბარია ძველ, 80-იანებში გამოშვებულ Fiat Panda-ზე. ატლეტიკოს ბაზაზე ამ მანქანით მადრიდელთა ვარსკვლავი იანიკ კარასკო მივიდა და თან ორი თანაგუნდელიც მიიყვანა. ეს როგორ? მიზეზი მადრიდის დიდთოვლობაა.

თოვლის გამო, ფეხბურთელები ვარჯიშზე საკუთარი სუპერქარებით ვეღარ მიდიოდნენ. მართალია, კლუბმა მათ რამდენიმე სრულამძრავიანი ავტომობილი გაუგზავნა, მაგრამ კარასკომ ამ შეთავაზებაზე უარი თქვა და მეზობლის ძველი ‘ფიატ პანდა’ ითხოვა. ცნობილია, რომ ეს ძველი ‘პანდა’ თოვლზე ძალიან კარგად დადის, რადგან სრულამძრავიანია (4x4). "თოვლიან გზებზე ასე კარგად არასდროს მივლია." - ამბობს კარასკო.

სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ვიდეობში ჩანს, როგორ მიჰყავს მას ძველი ფიატით თანაგუნდელები ლემარი და ვრსალკო.

“ავტობანები და დიდი ქუჩები პრობლემა არ არის, მაგრამ მადრიდის ბევრ უბანში ჩვეულებრივი მანქანით მისვლა რთულია,” - ეს მადრიდელთა მთავარი მწვრთნელის, დიეგოს სიმეონეს სიტყვებია. მას არ უთქვამს, მაგრამ ახლა უკვე ყველამ იცის, რომ რთული სულაც არაა - თუკი ძველი Fiat Panda გყავს...

კომენტარები

ბოლო ამბები