Thumbnail
  • პარასკევს მან გლადბახს ბაიერნთან მოაგებინა
  • 23 წლის ნახევარმცველს რეალ მადრიდიც აკვირდება

მიუნხენის ბაიერნს უყვარს იმ ფეხბურთელების გადაბირება, რომლებიც ბავარიული გრანდის წინააღმდეგ კარგად თამაშობენ ხოლმე. პარასკევს, რეკორდმაისტერი მიონხენგლადბახის ბორუსიასთან 2:3 დამარცხდა, გამარჯვების გოლი კი ბაიერნს 23 წლის ფლორიან ნოიჰაუსმა გაუტანა. ახლა, გერმანული Sky ავრცელებს ინფორმაციას, რომ მიუნხენელებმა სწორედ მისი შეძენა გადაწყვიტეს.

ნოიჰაუსს გლადბახიდან წასვლა სურს და ამას არც მალავს. Sky-ს ინფორმაციით, ბაიერნსა და ბორუსიას შორის ტრანსფერის შესახებ პირველი კონტაქტი უკვე შედგა. როგორც ირკვევა, ნოიჰაუსის კონტრაქტში ჩადებულია პუნქტი, რომლის მიხედვითაც მას გლადბახის დატოვება ზაფხულში კონკრეტული თანხის სანაცვლოდ შეუძლია. Sky წერს, რომ ეს საკმაოდ დიდი თანხაა, რადგან ამ ოფციაზე მხარეები 2019 წლის შემოდგომაზე, კორონავირუსის პანდემიამდე შეთანხმდნენ. გერმანული მედიის ინფორმაციით, ნოიჰაუსს მადრიდის რეალიც აკვირდება.

პარასკევს ბაიერნი გლადბახთან 2:3 დამარცხდა და მესამე გოლი სწორედ ნოიჰაუსმა გაიტანა

ნოიჰაუსი წარმოშობით ბავარიელია, მიუნხენთან ახლოს, ლანდსბერგში დაიბადა და ბავშვობაში მიუნხენ 1860-ში თამაშობდა. ნახევარმცველი გლადბახში 2017 წელს, უფასოდ გადავიდა და დიუსელდორფის ფორტუნაში განათხოვრების შემდეგ, მიონხენგლადბახური კლუბის ძირითადი შემადგენლობის წევრად ჩამოყალიბდა. გერმანიის ნაკრებში მას 3 მატჩში 1 გოლი აქვს გატანილი.

ცნობილია, რომ ბაიერნში მის გადაბირებაზე ჯერ კიდევ 2019 წელს ფიქრობდნენ. “ბაიერნი ძალიან დიდი გუნდია. გერმანიის ნაკრებში ბაიერნელები გავიცანი, რომლებიც რეკორდმაისტერზე მხოლოდ კარგ ამბებს მიყვებიან. იქ თამაში ნებისმიერი გერმანელი ფეხბურთელის ოცნებაა. თანაც, მამაჩემი ბაიერნის დიდი ფანია,” - ნოიჰაუსმა ეს განცხადება შემოდგომაზე, Spox-თან ინტერვიუში გააკეთა.

კომენტარები

ბოლო ამბები