- ჯენოას ვეტარენ მეკარე ფედერიკო მარკეტის უსიამოვნო ამბავი გადახდა
- მისი Ferrari 812 Superfast ავტოსამრეცხაოს თანამშრომელმა დაამტვრია
ჯენოას მეკარე ფედერიკო მარკეტის ძალიან არ გაუმართლა. 37 წლის გოლკიპერს, რომელიც თავის დროზე იტალიის ეროვნული ნაკრების კარსაც იცავდა, ავტოსამრეცხაოს თანამშრომელმა ძვირადღირებული "ფერარი" დაუმტვრია.
ფედერიკო მარკეტიმ თავისი Ferrari 812 Superfast, რომელიც დაახლოებით 100 ათასი ევრო ღირს, ავტოსამრეცხაოს იმ იმედით მიაბარა, რომ უკან გაკრიალებულს დაუბრუნებდნენ. გარეცხვის შემდეგ, ავტოსამრეცხაოს თანამშრომელს ავტომობილი მეპატრონესთან უნდა მიეყვანა, მაგრამ როგორც ჩანს, დიდი სიჩქარით მიმავალმა საჭე ვერ დაიმორჩილა და გენუის ერთ-ერთი ქუჩის ბარიერს შეეჯახა.
ავარიის შედეგად მარკეტის "ფერარიმ" მნიშვნელოვანი დაზიანებები მიიღო. ასევე დაზიანდა შემთხვევის ადგილზე პარკირებული რამდენიმე ავტომობილი, თავად მძღოლი კი არ დაშავებულა.
იმ მომენტში ფედერიკო მარკეტი თავისი კლუბის ბაზაზე იმყოფებოდა და ვარჯიშობდა ტურინის იუვენტუსთან მომავალი მატჩისთვის, რომელსაც ჯენოა 13 იანვარს, იტალიის თასის გათამაშებაში ჩაატარებს.

სერია A-ში ჩატარებული 17 მატჩის შემდეგ, ჯენოას 14 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მე-17 ადგილზეა. ფედერიკო მარკეტიმ მიმდინარე სეზონში გუნდის ღირსება სულ 4 მატჩში დაიცვა - ორჯერ ჩემპიონატში ითამაშა და ორჯერ თასზე.
კომენტარები