Thumbnail

კორონა-ქაოსი NBA-ში - ემბიიდი დაბრუნდა, მაგრამ ფილა ატლანტასთან დამარცხდა

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • კორონავირუსი NBA-ს უკვე სერიოზულ პრობლემებს უქმნის
  • სკამის გარეშე დარჩენილი ფილადელფია ატლანტასთან დამარცხდა
  • დოკ რივერსი ფიქრობს, რომ პრობლემები ბევრ გუნდს შეექმნება

NBA-ში კორონა-ქაოსი მძაფრდება!

წუხელ დალას მავერიკსისა და ნიუ ორლეან პელიკანსის მატჩიც გადაიდო - მიზეზი გასაგებია. მაქსი კლებერს კოვიდ-19 დაუდასტურდა და ის უკვე მეოთხე მოთამაშეა, რომელიც დალასს დაუინფიცირდა. ასევე გადაიდო ბოსტონ სელტიკსისა და ჩიკაგო ბულსის დაპირისპირებაც.

ფილადელფიამ ატლანტასთან კი ითამაშა, მაგრამ ჯოელ ემბიიდის გარშემო აწყობილ სიქსერსს რამდენიმე მოთამაშე აკლდა და შედეგიც სახეზეა. ფილა 94:112 დამარცხდა და ეს მიუხედავად იმისა, რომ ემბიიდი ორმაგი დუბლით (24 ქულა, 11 მოხსნა) დაბრუნდა. ფაქტია, რომ ფილადელფიამ ეს სეზონი ძალიან კარგად დაიწყო, აღმოსავლეთ კონფერენციას ლიდერობდა, მაგრამ კორონავირუსთან დაკავშირებული პრობლემების წარმოქმნის შემდეგ ზედიზედ სამი მატჩი წააგო და ახლა 7 მოგებითა და 4 მარცხით კონფერენციაში მესამეა.

სეზონი ატლანტასაც კარგად ჰქონდა დაწყებული, მერე ზედიზედ ოთხი მატჩი დათმო და ვითარება ახლაღა შეცვალა უკეთესობისკენ. ყველაზე პროდუქტიული ტრეი იანგი გახლდათ 26 ქულით. მას კარგად ეხმარებოდნენ დე’ანდრე ჰანტერი და ბრენდონ გუდვინი (15-15 ქულა). კარგად ითამაშა კლინტ კაპელამაც, რომელმაც 12 ქულით და 10 მოხსნით ორმაგი დუბლი შეასრულა. აღსანიშნავია, რომ ჯამში ატლანტას 6-მა მოთამაშემ გადალახა 10-ქულიანი ზღვარი. 

ტრეი იანგი ყველაზე პროდუქტიული იყო

“სწრაფად ვითამაშეთ და სროლები წაგვივიდა. თავდაჯერებულები ვიყავით, რაც მთელი თამაში გვეტყობოდა,” - აღნიშნა მატჩის შემდეგ იანგმა. მწვრთნელ ლოიდ პირსისგან კი ქება დაიმსახურა: “ვფიქრობ, თამაშის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი ის იყო, თუ როგორ ვითამაშეთ მეორე ტაიმში. ამ გამარჯვებაში ტრეის უდიდესი წვლილი მიუძღვის.”

ფილადელფიას მწვრთნელ დოკ რივერსს განაცხადში მხოლოდ 9 კალათბურთელი ჰყავდა, დენვერთან მარცხის დროს კი - სულაც 7. ამჯერად სიქსერსს მაიკ სკოტი და ემბიიდი დაუბრუნდნენ, მაგრამ რივერსის გუნდს ამან მაინც ვერ უშველა. ფილას ზედმეტად ბევრი მოთამაშე აკლია. უდიდესი დანაკლისია ბენ სიმონსი, რომელმაც ტრავმა ჯერ ბოლომდე ვერ მოირჩინა. სეტ კარის კორონავირუსი აქვს. სწორედ კოვიდ-19-ის წესების გამო ვერც ტობიას ჰარისი, შეიკ მილტონი, მატის თრაიბული და ვენსან პუარიე თამაშობენ. 

“არავინ შეგვიცოდებს და დაგვინდობს. ამ თამაშების მოგება უნდა ვეცადოთ. კორონავირუსის გამო რთულ სიტუაციაში ვართ, მაგრამ ვფიქრობ, რომ ასეთი პრობლემები ადრე თუ გვიან ბევრ გუნდს ექნება,” - ეს დოკ რივერსის სიტყვებია. მატჩის საუკეთესო მომენტებს ვიდეოში ნახავთ.

კომენტარები

ბოლო ამბები