Thumbnail

'დეშამს ვეტყვი, რომ ათამაშოს' - ბენზემას ნაკრებში დაბრუნებას უპირებენ

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • 'არ შეგვიძლია უარი ვთქვათ იმ ბიჭზე, რომელიც საფრანგეთში საუკეთესო შემტევია'
  • ქარიმ ბენზემას ეროვნულ ნაკრებში 2015 წლის შემდეგ არ უთამაშია

მადრიდის რეალის თავდამსხმელ ქარიმ ბენზემას საფრანგეთის ნაკრებში 5 წელია არ უთამაშია, მაგრამ მისთვის კარის გაღების პირობას მიშელ მულინი იძლევა. ის საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის კანდიდატია.

როგორც მულინმა "ფიგაროსთან" ინტერვიუში თქვა, თუ მას აირჩევენ, ბენზემა საფრანგეთის ნაკრებში დაბრუნდება, რადგან ასეთ ფეხბურთელზე უარის თქმის ფუფუნება არ აქვთ.

"ქარიმ ბენზემა შესანიშნავი ფორვარდია, დიდიე დეშამი კი საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციის თანამშრომელია. ამდენად, თუ მას ეტყვიან, რომ ბენზემა უნდა ათამაშოს, ის ბენზემას ათამაშებს. ცხადია, ფეხბურთელებს მთავარი მწვრთნელი იძახებს , მაგრამ როდესაც მენეჯმენტზე ვსაუბრობთ, პრეზიდენტის საქმეა დეშამსა და ბენზემას შორის მშვიდობა დაამყაროს. ჩვენ არ შეგვიძლია უარი ვთქვათ იმ ბიჭზე, რომელიც ალბათ საფრანგეთში საუკეთესო შემტევია. ფედერაციის პრეზიდენტი ამ ტიპის ღონისძიებებში ჩართული უნდა იყოს", - თქვა მულინმა.

შეგახსენებთ, რომ ქარიმ ბენზემა საფრანგეთის ნაკრებიდან მატიე ვალბუენას ინტიმური ვიდეობით შანტაჟის გამო მოკვეთეს. მას "სამფეროვნების" რიგებში 81 მატჩში 27 გოლი აქვს გატანილი.

კომენტარები

ბოლო ამბები