Thumbnail
  • საქართველოს ნაკრების პირველი მედალი დოჰაში
  • ხვალ ტატამიზე კიდევ 3 ქართველი ძიუდოისტი გავა

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების წევრი ვაჟა მარგველაშვილი ყატარის დედაქალაქ დოჰაში დაწყებული მასტერსის ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა. მარგველაშვილი 66 კგ-მდე წონითი კატეგორიის მე-3 ადგილისთვის შეხვედრაში მოლდოველ დენის ვიერუს გაეჯიბრა და “გოლდენ სქორში” გაკეთებული ვაზარის წყალობით იმარჯვა.

შეგახსენებთ, რომ მარგველაშვილმა დილის სესიაში რუსი მიხაილ პულიაევი ვაზარით დაამარცხა, ეგვიპტელ აჰმედ აბელრაჰმანს იპონით სძლია, მეოთხედფინალის დამატებით დროში კი თავად დაეცა იპონზე ისრაელის ნაკრების წევრ ბარუხ შმაილოვთან. ამგვარად, ვაჟა რეპეშაჟში გადაერთო, სადაც ყაზახი იერლან სერიკჟანოვისგან ვაზარი კი გაუშვა, თუმცა, შემდეგ მეტოქეს სუფთად აჯობა და ვიერუსთან გაჯიბრების შანსი ასე მიიღო.

📺 მარგველაშვილი V ვიერუ

როგორც უკვე ვიუწყებოდით, დღესვე ტატამიზე თემურ ნოზაძე, ლუხუმ ჩხვიმიანი (ორივე – 60 კგ.), ბაგრატ ნინიაშვილი (66კგ.), ტატიანა ლევიცკა-შუკვანი (52 კგ.) და ეთერ ლიპარტელიანიც (57 კგ.) გავიდნენ, თუმცა, მათ ასპარეზობა მალევე დაასრულეს.

ხვალ, 12 იანვარს დოჰას მასტერსზე კიდევ სამ ქართველ ძიუდოისტს ვიხილავთ. 73 კგ-მდე წონით კატეგორიაში ლაშა შავდათუაშვილი ისრაელის ნაკრების წარმომადგენელ ტოჰარ ბუტბულის დამარცხებას ეცდება. 81 კგ-ში როგორც ტატო გრიგალაშვილი, ასევე ლუკა მაისურაძე შეჯიბრში მე-2 წრიდან ჩაებმებიან. გრიგალაშვილის მოწინააღმდეგე უნგრელი ატილა უნგვარი იქნება, ხოლო მაისურაძე მონღოლეთის სახელით მოასპარეზე ირანელ საეიდ მოლაეის გაეჯიბრება. ამავე წონაში ანრი ეგუტიძე პორტუგალიას წარმოადგენს, შამილ ბორჩაშვილი კი – ავსტრიას.

დოჰას მასტერსი

კაცები

60 კგ.

1. ვონ ჯინ კიმი (სამხრეთ კორეა)
2. იუნ ვეი იანი (ტაივანი)
3. თორნიკე ჭკადუა (ნიდერლანდები)
3. ალბერტ ოგუზოვი (რუსეთი)

66 კგ.

1. ბაულ ანი (სამხრეთ კორეა)
2. ბარუხ შმაილოვი (ისრაელი)
3. ვაჟა მარგველაშვილი (საქართველო)
3. არამ გრიგორიანი (რუსეთი)

ქალები

48 კგ.

1. დისტრია კრასნიქი (კოსოვო)
2. ფუნა ტონაკი (იაპონია)
3. დარია ბილოდიდი (უკრაინა)
3. ურანცეცეგ მუნხბატი (მონღოლეთი)

52 კგ.

1. ამანდინ ბუშარი (საფრანგეთი)
2. აი შიშიმე (იაპონია)
3. ასტრიდ გნეტო (საფრანგეთი)
3. მაილინდა კელმენდი (კოსოვო)

57 კგ.

1. ცუკასა იოშიდა (იაპონია)
2. სარა ლეონი სისიკე (საფრანგეთი)
3. ნორა გიაკოვა (კოსოვო)
3. ჯესიკა კლიმკაიტი (კანადა) 

კომენტარები

ბოლო ამბები