Thumbnail

ტრავმები და ინფიცირებულები - იუვეს იტალიური დერბის წინ პრობლემები აქვს

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე

იუვენტუსმა 2021 წელი კარგად დაიწყო, სერია A-ში ზედიზედ 3 თამაში მოიგო (სხვათა შორის, სეზონში პირველად) და მილანთან ჩამორჩენა 3, ხოლო ინტერთან 5 ქულით შეამცირა. მიუხედავად ამისა, ტურინელები მილანურ გუნდებს მაინც სოლიდურად ჩამორჩებიან: -7 "როსონერისთან" და -4 "ნერაძურისთან". "ბებერი ქალბატონის" ერთადერთი ნუგეში ახლა ის არის, რომ კონკურენტებთან შედარებით თამაშით ნაკლები აქვს ჩატარებული (ჯერ უცნობია, როდის შეხვდება ნაპოლის).

მომდევნო ტური კი ანდრეა პირლოს გუნდისთვის ძალზე მნიშვნელოვანი და ბევრი რამის განმსაზღვრელია - 17 იანვარს ინტერს "სან სიროზე' დაუპირისპირდება. შავ-თეთრებმა "საფეხბურთო ლა სკალაში" 5 დღის წინ უკვე მოიგეს, ოღონდ მილანს აჯობეს (3:1), ინტერი კი მათთვის მორიგი გამოწვევაა და ამ გამოწვევას დიდი პრობლემებით ხვდებიან.

იუვეს პაულო დიბალაც გამოაკლდა

იუვეს ლაზარეთი გადავსებულია. გასულ კვირაში კორონავირუსი ალექს სანდროს, ხუან კუადრადოსა და მატეის დე ლიხტს დაუდასტურდათ. სასუოლოსთან გუშინ მოგებული მატჩი კი კიდევ ერთი დარტყმა გამოდგა. პირველივე ტაიმში ტრავმების გამო თამაშს უესტონ მაკკენი და პაულო დიბალა გამოეთიშნენ. აგრეთვე პირველ ნახევარში ფედერიკო კიეზაც დაშავდა, თუმცა მან თამაში მაინც გააგრძელა და მხოლოდ ბოლო წუთებზე შეცვალეს.

მიუხედავად ამისა, ფედერიკოს მდგომარეობა იდეალური არ არის და ფეხი აწუხებს. ამიტომაც, ჯერ უცნობია, ითამაშებს თუ არა "დიდ იტალიურ დერბიში". კიეზას სამედიცინო გამოკვლევა ჩაუტარდა, რომელმაც სერიოზული დაზიანება არ აჩვენა და იუვეს ვებგვერდის ცნობით, მის მდგომარეობა დღითიდღე შეფასდება.

იგივე ეხება უესტონ მაკკენისაც, რომელმაც სასუოლოსთან მატჩში კუნთში დისკომფორტი იგრძნო და მოედანი დატოვა, მაგრამ ტესტირების შედეგად გაირკვა, რომ სერიოზული არაფერია. მისი მდგომარეობაც ყოველდღიურად შეფასდება. ანდრეა პირლო იმედოვნებს, რომ ორივე მათგანს ინტერთან შეხვედრაში დაეყრდნობა, მაგრამ ამ ეტაპზე გადაწყვეტილი არაფერია.

სამაგიეროდ, ცნობილია, რომ პაულო დიბალა მოედანზე ვერ გავა. როგორც სამედიცინო ტესტმა აჩვენა, არგენტინელს მარცხენა მუხლის იოგის დაბალი ხარისხის დაზიანება აღენიშნება და ტურინელთა საიტის ცნობით, აღდგენით პროცესს 15/20 დღე დასჭირდება. ეს ნიშნავს, რომ პაულო ვერც ინტერთან და ვერც 20 იანვარს, ნაპოლისთან იტალიის სუპერთასზე ითამაშებს.

კოვიდინფიცირებულები პირლოს კიდევ ერთი პრობლემაა - ალექს სანდროსა და ხუან კუადრადოს ვირუსი შესაბამისად 4 და 5 იანვარს დაუდასტურდათ. ისინი 10-დღიან სავალდებულო თვითიზოლაციაში იმყოფებიან და ამ ვადის ამოწურვის შემდეგ ტესტს გაიკეთებენ, რომელიც თუ ნეგატიურ პასუხს აჩვენებს, გუნდს დაუბრუნდებიან. თუმცა ცხადია, ამის გარანტია არ არსებობს. დე ლიხტს კი ვირუსი 8 იანვარს დაუდასტურდა და ნიდერლანდელიც დიდი ალბათობით, ვერ ითამაშებს.

ამგვარად, იუვენტუსს ინტერის წინააღმდეგ, შესაძლოა, ძირითადი შემადგენლობის 6 ფეხბურთელი არ ჰყავდეს, რაც უდიდესი დანაკლისი იქნება. აღსანიშნავია, რომ ტრავმა მოირჩინა ალვარო მორატამ, მაგრამ ისიც არ არის იდეალურ ფიზიკურ კონდიციაში. იგივე ეხება ჯორჯო კიელინისაც, რომელსაც 2 თვეზე მეტია, არ უთამაშია.

იუვენტუსმა სერია A-ში ზედიზედ 3 თამაში სეზონში პირველად მოიგო

პირლოსთვის კიდევ ერთი პრობლემა ინტერთან მატჩამდე იტალიის თასის მერვედფინალური თამაშია ჯენოას წინააღმდეგ. 13 იანვარს, ტურინელები გენუურ გუნდს დაუპირისპირდებიან და ასეთი დანაკლისისა და მჭიდრო კალენდრის ფონზე, 41 წლის სპეციალისტს ორი ვარიანტი აქვს - ან ფეხბურთელებს "იტალიურ დერბიმდე" დასვენების შესაძლებლობა არ მისცეს, ან უმეტესად 23-წლამდე გუნდის ფეხბურთელებს მისცეს თავის გამოჩენის შესაძლებლობა.

შეგახსენებთ, რომ სერია A-ში მილანი 40 ქულით ლიდერობს, რომელიც ინტერს, რომასა და იუვენტუსს შესაბამისად სამი, ექვსი და შვიდი ქულით უსწრებს.

 

კომენტარები

ბოლო ამბები