Thumbnail
  • 6 ქართველი ძიუდოისტიდან საღამოს ბლოკში 1 გავიდა
  • მარგველაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის მოლდოველ დენის ვიერუს შეხვდება

ყატარის დედაქალაქ დოჰაში დაწყებულ მასტერსში დღეს საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების 6 წარმომადგენელი ჩაება, რომელთაგან მედლისთვის ბრძოლას მხოლოდ 1 აგრძელებს, ეს კი, წარმატებულად შედეგად ნამდვილად ვერ ჩაითვლება.

კვარცხლბეკზე ასვლის შანსი ვაჟა მარგველაშვილს აქვს, რომელმაც 66 კგ-მდე წონით კატეგორიაში რუსი მიხაილ პულიაევი ვაზარით დაამარცხა, ეგვიპტელ აჰმედ აბელრაჰმანს იპონით სძლია, მეოთხედფინალის დამატებით დროში კი თავად დაეცა იპონზე ისრაელის ნაკრების წევრ ბარუხ შმაილოვთან. ამგვარად, ვაჟა რეპეშაჟში გადაერთო, სადაც ყაზახი იერლან სერიკჟანოვისგან ვაზარი კი გაუშვა, თუმცა, შემდეგ მეტოქეს სუფთად აჯობა და ბრინჯაოს მედლისთვის მოლდოველ დენის ვიერუს გაეჯიბრება. ამავე წონაში ბაგრატ ნინიაშვილმა უკრაინელ ბოგდან იადოვს მხოლოდ 8:27 წუთის თავზე სძლია იპონით, მე-2 რაუნდში კი ვაზარით რუს არამ გრიგორიანთან დამარცხდა.

📺 მარგველაშვილი V აბელრაჰმანი

60 კგ-მდე წონით კატეგორიაში პირველივე ორთაბრძოლა წააგო ლუხუმ ჩხვიმიანმა. მას სამხრეთკორეელმა ჯინ კიმ ვონმა “გოლდენ სქორში” ვაზარით მოუგო. აღსანიშნავია, რომ ეს ორთაბრძოლა 8:14 წუთს გაგრძელდა. ამავე წონაში თემურ ნოზაძემ ბრაზილიელი ერიკ ტაკაბატაკე დამატებით დროში ვაზარით დაამარცხა, ტაივანელ ვეი იან იუნთან კი მე-3 შიდო მიიღო და ასევე “გოლდენ სქორში” დამარცხდა.

წარუმატებელი დღე ჰქონდათ საქართველოს ქალ ძიუდოისტთა ნაკრების წარმომადგენლებსაც. ტატიანა ლევიცკა-შუკვანმაცა (52 კგ.) და ეთერ ლიპარტელიამაც (57 კგ.) ისრაელის ნაკრების ძიუდოისტებთან წააგეს. პირველი გილი კოენთან ვაზარით დამარცხდა, მეორე კი ტიმნა ნელსონ ლევისთან იპონზე დაეცა.

დოჰას მასტერსზე საღამოს ბლოკი სტარტს თბილისის დროით 18:00 საათზე დაიწყება, მის პირდაპირ ტრანსლაციას კი “სილკ უნივერსალი” გეგმავს.

კომენტარები

ბოლო ამბები