Thumbnail

ლეგენდარული ძიუდოისტი, ოლიმპიური ჩემპიონი დავით ხახალეიშვილი გარდაიცვალა

  • დავით ხახალეიშვილი მძიმე ავადმყოფობის შემდეგ, 49 წლის ასაკში გარდაიცვალა
  • ლეგენდარულ ძიუდოისტს დილატაციური კარდიომიოპათიის რთული ფორმა ჰქონდა 

ლეგენდარული ქართველი ძიუდოისტი, ოლიმპიური ჩემპიონი დავით ხახალეიშვილი, მძიმე ავადმყოფობის შემდეგ, 49 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ხახალეიშვილის ჯამრთელობის უმძიმესი პრობლემის შესახებ ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი შარშან გახდა. ხახალეიშვილს დაუდგინდა დილატაციური კარდიომიოპათია რთული ფორმით, რისთვისაც საჭირო გულის ურთულესი და ძვირადღირებული ოპერაცია გახდა. სამწუხაროდ, ლეგენდარული ძიუდოისტის სიცოცხლის გადარჩენა ვერ მოხერხდა.

ხახალეიშვილის მკურნალობა-რეაბილიტაციისთვის 250 000$ იყო საჭირო

დავით ხახალეიშვილი პირველი ქართველი სპორტსმენია, რომელიც ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიაზე დამოუკიდებელი საქართველოს დროშით ხელში გავიდა. ამათან, ის პირველი ქართველი ოლიმპიელია, რომლის გამარჯვების აღსანიშნავადაც ოლიმპიურ თამაშებზე აჟღერდა საქართველოს ჰიმნი და აღიმართა ქართული დროშა. 

დავით ხახალეიშვილი 1992 წლის ბარსელონის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონია. ასევე გახლავთ მსოფლიოს 2-გზის ვერცხლის (1991, 1993) და 2-გზის ბრინჯაოს (1993, 1995) პრიზიორი, ევროპის ჩემპიონი (1993, 1996) და ბრინჯაოს (1990) პრიზიორი, საბჭოთა კავშირისა (1991) და დსთ-ის (1992) ჩემპიონი. მონაწილეობდა 1996 წლის ატლანტის ოლიმპიურ თამაშებშიც, თუმცა აწონვაზე დააგვიანა და ტურნირიდან მოხსნეს. მიღებული აქვს ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენი 2018 წელს, ასევე საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ორდენი 2003 წელს.

კომენტარები

ბოლო ამბები