Thumbnail

საკალათბურთო სუპერლიგა: ქუთაისმა რეგულარული ჩემპიონატი მოიგო

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • მარნეული 67:90 დინამო
  • ქუთაისი 86:67 ოლიმპი
  • სოხუმი 82:99 კაკტუსი

საკალათბურთო სუპერლიგის მორიგ ტურში ქუთაისმა ოლიმპს მოუგო და რეგულარულ ჩემპიონატში პირველი ადგილი გაინაღდა. 

ქუთაისურ გუნდს 22 მოგება და 9 წაგება აქვს, დარჩენილ ერთ ტურში კი ნებისმიერი შედეგის შემთხვევაში ლიდერის პოზიციას შეინარჩუნებს.

ქუთაისმა უპირატესობით წარმართა მთელი შეხვედრა. მხოლოდ პირველ პერიოდში იყო შედარებით თანაბარი ბრძოლა, მეორე მეოთხედიდან კი იმერულმა გუნდმა თამაშზე სრული კონტროლი დაამყარა და დიდ შესვენებაზე 13-ქულიანი უპირატესობით გავიდა.

მესამე მეოთხედში სხვაობა 19 ქულამდე ავიდა და ნათელი გახდა, რომ ფავორიტი გამარჯვებას ხელიდან აღარ გაუშვებდა. საბოლოოდ, 86:67 ქუთაისის სასარგებლოდ.

გამარჯვებული გუნდიდან 27 ქულით საუკეთესო იყო ჯონათან ლი, 14 ქულა და 9 მოხსნა ბექა ბექაურის ანგარიშზეა.

მარნეული 67:90 დინამო

ქუთაისის მსგავსად, დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა დინამომ. თბილისური გუნდი მარნეულის დელტას შეხვდა და 23-ქულიანი სხვაობით, 90:67 სძლია მეტოქეს.

დელტამ მთავარი მწვრთნელის, თემურ კანკიას გარეშე ითამაშა, რომლის ასისტენტის, ბექა ქარცივაძის განცხადებით, გუნდში გარკვეული სახის პრობლემებია. მწვრთნელის გარდა, დელტას დისკვალიფიცირებული ლევან ფაცაცია აკლდა და შედეგიც სახეზეა - მარნეულელებმა დინამოს ვერ გაუწიეს წინააღმდეგობა…

დინამოს 20 ქულით და 9 მოხსნით კაელ ტურპინმა ულიდერა, 11 ქულა და 16 მოხსნა ილია ლონდარიძის ანგარიშზეა. ლაველ ბოიდმა 17 ქულა მიითვალა აქტივში.

სოხუმი 82:99 კაკტუსი

სოხუმმა კიდევ ერთი მარცხი იწვნია, ამჯერად კაკტუსთან და ჩემპიონატი ბოლო ადგილზე დააასრულა. 

მიუხედავად ამისა, სოხუმს უმაღლეს ლიგაში ადგილის შენარჩუნების შანსი აქვს - საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის გადაწყვეტილებით, მომავალ სეზონში სუპერლიგაში 10 გუნდი იასპარეზებს. შესაბამისად, სოხუმს პლეი ოფში ტიტებთან მოუწევს დაპირისპირება.

რეგულარული ჩემპიონატის გამარჯვებულ ქუთაისს 53 ქულა აქვს, მეორე ადგილი 52 ქულით კაკტუსს უკავია, ხოლო მესამე ადგილზე 51 ქულით თბილისის დინამოა

კომენტარები

ბოლო ამბები