Thumbnail

ეკატერინე გორგოძე ავსტრალიის ღია პირველობის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ რაუნდშივე დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა. 29 წლის ქართველმა ჩოგბურთელმა, რომელიც მსოფლიო კლასიფიკაციაში 217-ეა, 24 წლის ხორვატ იანა ფეტთან (209-ე) ორ სეტში წააგო. 

კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით, ავსტრალიის ხელისუფლების მიერ მიღებული მკაცრი ზომების გამო, წლის პირველი დიდი სლემის ტურნირის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩები "მწვანე კონტინენტის" მიღმა იმართება. ქალები ძირითად ბადეში მოსახვედრად დუბაიში თამაშობენ, კაცები - დოჰაში. 

ქართველი და ხორვატი მეტოქეების შეხვედრა საათსა და 23 წუთს გაგრძელდა. გორგოძის ანგარიშზე არცერთი ეისი, 1 ორმაგი შეცდომა და 13-იდან 4 რეალიზებული ბრეიკ-პოინტია. ფეტმა 5 ეისი მოაწოდა, დაუშვა 9 ორმაგი შეცდომა და 11-იდან 7 ბრეიკ-პოინტის რეალიზება შეძლო.

11 იანვარს ტურნირის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე იასპარეზებს კიდევ ერთი ქართველი ჩოგბურთელი. 23 წლის მარიამ ბოლქვაძე (192) ინდოელ კარმან ტანდის (626) შეხვდება. გამარჯვების შემთხვევაში, მარიამი მე-14 ნომრად განთესილ რუს გასპარიანსა და იტალიელ დი ჯიუზეპეს შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება.

ცნობილია, რომ ავსტრალიის ღია პირველობის ძირითად ბადეში თამაში კიდევ ორ ქართველ ჩოგბურთელს აქვს განაღდებული. სავარაუდოა, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილი კაცთა ტურნირში, როგორც ერთეულებში, ასევე წყვილებში გაირჯება, ოქსანა კალაშნიკოვა კი, ტრადიციულად, მხოლოდ წყვილებში ითამაშებს.

კომენტარები

ბოლო ამბები