Thumbnail

'ჩვენი მიზანი ოლიმპიადაზე გასვლაა' - წყალბურთის ნაკრებს სერბი გაწვრთნის

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • 'ძლიერი მეტოქეები გვყავს, თუმცა, სპორტში ყველაფერი ხდება და იქნებ, გაგვიმართლოს'
  • დეიან სტანოევიჩი პარალელურად თბილისის დინამოს თავკაციც იქნება

საქართველოს ვაჟ წყალბურთელთა ნაკრების ახალი მთავარი მწვრთნელი სერბი დეიან სტანოევიჩი იქნება. Dnevnik.rs-ის ცნობით, მან ქართულ მხარესთან კონტრაქტი 2024 წლამდე გააფორმა და ორშაბათს ახალ პოსტზე მუშაობას შეუდგება. ცნობილი გახდა ისიც, რომ სტანოევიჩი პარალელურად თბილისის დინამოს თავკაციც იქნება, რომელსაც დროებით ზურაბ რურუა ხელმძღვანელობდა.

“ერთბაშად ორ პოსტზე ვიმუშავებ და ეს კარგია, რადგანაც დინამოს წყალბურთელთა უმეტესობა პარალელურად საქართველოს ნაკრებშიც თამაშობს. კარგია, რომ ქართველები ევროპის ჩემპიონატებსა და მსოფლიო ლიგაშიც ასპარეზობენ, დინამოს კი ჩემპიონთა ლიგაში “უაილდ ქარდი” აქვს. ჩვენი უმთავრესი მიზანი 2024 წელს პარიზის ოლიმპიადაზე გასვლა იქნება. საკვალიფიკაციო მატჩები 14 თებერვლიდან როტერდამში იწყება და მიზნის მიღწევა ძალიან რთული იქნება, რადგანაც მხოლოდ 3 საგზურია დარჩენილი, კონკურენტთა შორის კი ხორვატია, მონტენეგრო, საბერძნეთი და რუსეთი არიან, თუმცა, სპორტში ყველაფერი ხდება და იქნებ, ჩვენც გაგვიმართლოს”, - განაცხადა სერბმა სპეციალისტმა.

The Georgian national team has a new head coach. There have been changes in the Kazakh national team as well #waterpolo #водноеполо #vaterpolo Powered by Wear Waterpolo

Posted by Total Waterpolo on Saturday, January 9, 2021


სტანოევიჩს საქართველოს ნაკრებში ძველი ნაცნობები ბორის ვაპენსკი და დუშან ვასიჩი დახვდებიან, რომლებიც თბილისის დინამოშიც თამაშობენ. სერბი წყალბურთელები ვოივოდინაში მაშინ ირიცხებოდნენ, როდესაც მთავარი მწვრთნელი სტანოევიჩი იყო. გასული წლიდან მოყოლებული ვაპენსკი საქართველოს ნაკრებშიც ასპაეზობს, მომავალი სექტებრიდან კი ამის უფლება ვასიჩსაც ექნება. სტანოევიჩი საქართველოს ეროვნულ გუნდში რევაზ ჩომახიძეს შეცვლის, რომელიც სერბულივე ვებ-გვერდის ცნობით, საქართველოს 15-წლამდე გუნდის თავკაცი გახდება.

ცნობისთვის, სტანოევიჩი წყალბურთს ნოვი სადის ვოივოდინაში თამაშობდა, წლების განმავლობაში კი სერბეთის ეროვნული ნაკრების მწვრთნელი ასისტენტი იყო. 2011 წელს მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე მან სერბეთის 20-წლამდელთა გუნდი ოქროს მედლებამდე მიიყვანა, 2014-18 წლებში რუმინეთის ნაკრებს თავკაცობდა, ბოლოს კი ყაზახეთის ეროვნულ გუნდში მუშაობდა და ეს ნაკრები 2019 წლის მსოფლიო ლიგაში მე-7 ადგილზე გაიყვანა, ხოლო მსოფლიოს ჩემპიონატზე მეთოთხმეტეზე.

კომენტარები

ბოლო ამბები